ნუგო ხორავას ლექტორობა უნდა


ნუგო ხორავა ამბობს, რომ ასპროცენტიანი გრანტი მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა იმასაც დასძენს, ყველაფერს ვაკეთებდიო მიზნის მისაღწევად, იმისათვის, რომ  “თავისუფალი უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე მოვხვედრილიყავიო.

ნუგო პირველსკოლელია. ადრე კერძო სკოლა “ჯიელსში” სწავლობდა. მადლობელია ოჯახის და ყველა იმ პედაგოგის, ვისაც წვლილი მიუძღვნის მისი სწავლა- აღზრდის საქმეში.

– ოცნება ამიხდა მეთქი ვერ გეტყვით, უფრო დასახულ მიზანს მივაღწიე და სტუდენტი გავხდი. ერთი მხრივ, ძალიან მიხარია, ვინაიდან, ახალ ცხოვრებას დამოუკიდებლად, ახალი გამოწვევებით და პასუხისმგებლობით ვხვდები. მეორე მხრივ, მენანება მშობლიური ქალაქის, სკოლის, მეგობრებისა და ოჯახის დატოვება, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, იმედებს არ გავუცრუებ იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი შესაძლებლობების სჯეროდათ და სჯერათ. მოპოვებულმა ტიტულმა უფრო მეტი სურვილი და მოტივაცია გამიჩინა იმისათვის, რომ ჩემი სამომავლო მიზნებისკენ თავდაჯერებულმა ვიარო.

-ნუგო, ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩაგიბარებია…

-დიახ, არჩევანზე დიდხანს არ მიფიქრია. თავიდან არქეოლოგობა მინდოდა, მაგრამ მეგობრებმა მირჩიეს ამ ფაკულტეტზე შემეტანა განაცხადი და დღეს, ზუსტად ვიცი, პროფესიის არჩევანში არ შევმცდარვარ.ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს. „თავისუფალ უნივერსიტეტში“ღია კარის დღეებს და ლექციებს ვესწრებოდი. მომავალში, მინდა მიღებული ცოდნა ჩემს ქვეყანას, ქალაქს, მოვახმარო და მცირეოდენი წვლილი შევიტანო ქართული ბიზნესის განვითარებაში.

-ამბობენ, საგამოცდო ტესტები რთული იყოო…

-ვისთვის, როგორ…  მე საშუალოდ მომეჩვენა. გააჩნია აბიტურიენტის მომზადების დონეს. ვურჩევდი აბიტურიენტებს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ზოგად უნარებზე, განსაკუთრებით, ვერბალურ ნაწილზე.

-ნუგო, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

– მომავლის განჭვრეტა არავის შეუძლია, მაგრამ მინდა რომელიმე უნივერსიტეტის ლექტორი გავხდე და სტუდენტებს ლექციები ჩავუტარო და ის ცოდნა გადავცე, რაც თავის დროზე, მე გადმომეცა. რატომ ლექტორობა? ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს საუბარი ადამიანებთან და კომუნიკაცია. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გამომივა. ამისათვის საჭიროა ბევრი შრომა, მონდომება და რწმენა, რისი ნიჭიც  უფალს მოუცია ჩემთვის.

-აღმსარებელ – მაზიარებელი ხარ?

-დიახ.ზუგდიდის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მრევლი ვარ. ჩემი მოძღვარია მამა ილარიონ შენგელია.

-საყვარელი პოეტი, მწერალი?

-საყვარელი პოეტი გახლავთ გალაკტიონ ტაბიძე. მწერალი ვიქტორ ჰიუგო.

-როგორია შენი თავისუფალი დრო?

-ძალიან მიყვარს კალათბურთის თამაში, შეიძლება ითქვას,  კალათბურთი  ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ექვსი წლის ვიყავი, როცა შემიყვანეს და დღემდე ვთამაშობ. ასევე, მიყვარს რაგბიც.

-ოჯახზეც მომიყევი..

-დედა ნათია გაბელაია, პროფესიით ფარმაცევტია, მამა ბახვა ხორავა მუშაობს სარეკლამო სააგენტო “ემჯი”-ში. უმცროსი ძმა საბა მეშვიდეკლასელია. მყავს ბებიები: მზია ბერულავა და ნარი ქირია. მე მათ მადლობას ვუხდი გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის. ჩემი ბაბუები ცნობილი ზუგდიდელები იყვნენ: გურამ გაბელაია და ნუგზარ ხორავა, სხვათაშორის, ამბობენ, რომ ბაბუებისგან გამომყვა ნიჭიერება და მათემატიკის სიყვარული.

-მომავალი ბიზნესმენი ხარ, როგორ ფიქრობ, ბიზნესის კუთხით, როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში?

-ჩვენი ქვეყანა თანდათანობით წინ მიიწევს და ვითარდება. ბიზნესშიც ბევრი დადებითი ტენდეცია შეინიშნება. ამის ნათელი მაგალითი გახლავთ ტურისტები, რომლებიც ჩვენს ქალაქშიც ბლომად გვხვდებიან. ჩემი აზრით, საჭიროა საქართველოში  აგრალური ბიზნესის განვითარება, რაც მოსახლეობისათვის იქნება პერსპექტიული.

-წარმატებებს გისურვებთ.

-გმადლობთ…

საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!