- სასიქადულო, მამულიშვილს, მუხრან მაჭავარიანს უთქვამს: “იმდენი კარგი ვაჟკაცი მოკვდა, იმათზე კარგი ვინ უნდა მოკვდეს”.
ბატონო ნუგზარ, მალხაზის ცათა სასუფეველში წაბრძანების შემდეგ, ჩვენ, თქვენი მეგობრები, ძალიან განვიცდიდით შემდგომი პერიოდის დადგომას და როცა თქვენი ხელმძღვანელობით, კვლავ შევიკრიბეთ, თითქოს პირველად ვხვდებოდით ერთმანეთს, რადგანაც ორივე მხარე ვგრძნობდით, თუ რამდენად დამთრგუნველი და გამთიშველია ბედის ის სიმუხთლე, რომელიც თქვენ ასე მოულოდნელად დაგატყდათ თავს.
ამასთან ვერ ვამხელდით, მაგრამ გულში გვიხაროდა და გვეამაყებოდა კიდეც, თუ რამდენად ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგით, იმასაც ვგრძნობდით, თუ რამდენად აუცილებელი იყო გამოსულიყავით საზოგადოებაში და მაგალითი მიგეცათ ოჯახის წევრებისათვის, რომ მათაც გაეგრძელებინათ ნორმალური ცხოვრება.
როცა თითქოს ყველა მხარეს იყო სიბნელე, თქვენ მოახერხეთ სინათლის პოვნა, რომელსაც მალხაზის სახელზე დანთებული ურიცხვი სანთლის შუქი მიუძღოდა წინ.
.ერთ შვილგარდაცვლილ პოეტს უთქვამს: “გლოვასაც თავისი კულტურა, წესი და მიხვედრა სჭირდება“. თქვენ არც ეს შეგშლიათ!
მალხაზ მალაშხიამ ჩუმად მიაღწია წარმატებებს, თურმე ეკლესიებში ჩუმად ლოცულობდა თავის ოჯახზე, ქვეყანაზე, მეგობრებზე და ასევე ჩუმად წავიდა ამ ქვეყნიდან. რა სწრაფად გავიდა ერთი წელი.
ბატონო ნუგზარ, უფალმა მოგცეთ ძალა თქვენ და თქვენს ოჯახს, ამ დიდი ტკივილის დაძლევისა. იყავით დიდხანს მხნედ და ჯანმრთელად.
ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” კოლექტივი