- “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” ზუგდიდში აქცია გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები, სკეიტ პარკში, შეიკრიბნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდნენ. აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან განცხადებები გააკეთეს, მოგვიანებით კი, “ქართული ოცნების“ ოფისთანაც გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაუშვებელია ამ კანონპროექტის მიღება, რადგან ის ხელს უშლის ევროპაში ინტეგრაციას.
ადგილზე მობილიზირებული იყვნენ სამართალდამცავები.
ინფორმაციისთვის: პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.