- დღეს, 17 თებერვალს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ფერმწერის, მოქანდაკის, საქართველოს მხატვართა ლიგის წევრის ვლადიმერ ხვიტიას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანაკლიის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, რომელიც აერთიანებს ზღვის პეიზაჟით შთაგონებულ მხატვრულ სამყაროს.
შეხვედრაზე სტუმრებს მიესალმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი ბესიკ არახამია, რომელმაც ვლადიმერ ხვიტიას შემოქმედებით საქმიანობაზე ისაუბრა.
ბესიკ არახამია: “დღეს, ზუგდიდში, პირველად ტარდება ბატონი ვლადიმერის გამოფენა. მანამდე, მისი გამოფენა გერმანიის არაერთ ქალაქში გაიმართა. ხშირად გახლავთ თბილისის გალერიის სტუმარი. მნიშვნელოვანია, ბატონი ვლადიმერის შემოქმედების თემატიკა. დღეს, მან წარადგინა ანაკლია, ზღვა და ზუსტად ის თავისი ფანტაზია, რაც ბატონმა ვლადიმერმა უშუალოდ ანაკლიას დაუკავშირა.”
შეხვედრაზე ფერმწერმა და მოქანდაკემ მოკლე მიმოხილვა გააკეთა და სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხა.
ვლადიმერ ხვიტია: “დღევანდელი გამოფენა სამი ნაწილისგან შესდგებოდა. ეს გახლდათ დღევანდელი ანაკლია, თანამედროვე კოლხეთის ჩვენება ანაკლიის სახით, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია. გამოფენით გვსურდა, გვეჩვენებინა ლეგენდარული ფოლკლორული და თანამედროვე კოლხეთი.”




