ვინ არის ლევან დარასელია – პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი კუდოში


  • ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კუდოში, ზუგდიდელი სპორტსმენი, ლევან დარასელია უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ლევანმა დაამთავრა ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია.

ლევან დარასელია: -მიყვარს იაპონია, იპონური კულტურა და მისი სპორტის სახეობები.  ერთ-ერთი მათგანი გახლავთ “კუდო”, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სპორტის რამდენიმე სახეობას -კარატეს, ძიუდოს და ბოქსს. ასევე მოიცავს დისციპლინასა და აღზრდის კომპლექსურ სისტემას. სპორტის ამ სახეობით დამაინტერესა ჩემმა ბავშვობისდროინდელმა მწვრთნელმა ირაკლი პაპავამ და დიდი როლი ითამაშა ამ კუთხით ჩემს განვითარებაში.

კუდოში ვარჯიში დავიწყე 2018 წელს და მას შემდეგ დღემდე აქტიურად ვასპარეზობ სპორტის ამ სახეობაში. დღეისთვის, ვარ კუდოში სამ გზის საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი. მონაწილეობა მივიღე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, სადაც გავიმარჯვე და მოვიპოვე მსოფლიო ჩეპიონატზე მონაწილეობის ლიცენზია. 2022 წელს ვმონაწილეობდი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც დავიკავე მეოთხე ადგილი.

კუდოს გარდა, მონაწილეობას ვიღებდი როგორც კიკბოქსინგის, ასევე ბოქსის ტურნირებში, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ტურნირებში. ვარ საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი.

-ელოდი ევროპის ჩემპიონობას?

-რა თქმა უნდა, ველოდი ჩემპიონობას, რადგან ამ ყველაფრისთვის საკმაოდ დიდი ხანი ვემზადებოდი. მიზნის მისაღწევად დიდი შრომა მქონდა ჩადებული, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. გავიარე სპეციალური მომზადების მრავალსაფეხურიანი ეტაპები. ჩემი ამჟამინდელი მწვრთნელების: მამუკა შონიასა და დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს კუდოს ფედერაციის დამაარსებლის დავით ხახუტაშვილის დაფინანსებითა და მხარდაჭერით. მზად ვიყავი ნებისმიერი წინააღმდეგობის გადასალახავად. გავხდი პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი უფროსებში. დავიცავი ჩემი ქვეყნის ღირსება და ავაფრიალე ქართული დროშა. გავამართლე ჩემი მწვრთნელების, თანაგუნდელების, გულშემატკვირების, ქართველი ემიგრანტების იმედები და მოლოდინები.

-მშობლიური ქალაქი როგორ შეხვდა შენს წარმატებას?

-ჩემს გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მივიღე ბევრი მილოცვა და კეთილი სიტყვები, როგორც უცნობი, ასევე ნაცნობი ადამიანებისგან. ამ ყველაფერმა, ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა. მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლიური ქალაქი ზუდგიდი და მადლობას ვუხდი ჩემს თანაქალაქელებს გულშემატკივრობისთვის და მხარდაჭერისთვის.

მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ჩემს ოჯახს,-დედ-მამას, ძმას. სხვათაშორის, ჩემი ძმა გოგა დარასელია გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი და ცხოვრობს და მუშაობს უნგრეთში, ბუდაპეშტში.

–როგორია შენი სამომავლო გეგმები..

-სამომავლო გეგმები უკავშირდება სპორტს და ჩემს პროფესიას. ვარ მომავალი სპორტული ჟურნალისტი. მინდა ბევრი გამარჯვება მოვუტანო ჩემს ქვეყანას. ჩვენი დროშა მსოფლიოს ყველა ქალაქში უნდა ავაფრიალო.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!