- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საკრებულოს წევრის დარიკო არქანიას განცხადებით, ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და უამრავი ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე დუმს.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურას აუცილებლად მოუწევს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.
„ეს სპორტული კომპლექსი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო მოსახლეობისთვის. ზუგდიდელებს სთავაზობდნენ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას და 2022 წლისთვის გახსნას. კომპლექსის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო, რომლის ტენდერიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 11 566 000 ლარი იყო. ამ ტენდერში ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კომპანია ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ რატომღაც ერთი წლის შემდეგ, ამ კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა და გაქრა. ამ ერთი წლის განმავლობაში, ამ კომპანიას 4 000 000 ლარი გადაუხადეს, რომელიც არავინ იცის რატომ გადაუხადეს, რაში გადაუხადეს და რა გაკეთდა ამ ოთხი მილიონი ლარით და ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ დუმს და არ გვცემს პასუხს. ამ ტენდერის ჩაშლის შემდეგ და მაშინ, როცა ამ კომპანიამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ისევ გამოაცხადა ტენდერი, მაგრამ ჩაიშალა, 2022 წელს ისევ გამოცხადდა, სადაც უკვე ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო 13 მილიონი ლარი. ამ კონკრეტულ ტენდერში არცერთ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა და ტენდერი ჩაიშალა. ახლა, 2023 წლის 2 მარტს ისევ გამოაცხადეს ტენდერი, რომელიც 21 აპრილს სრულდება და ამ დრომდე არავინ არის დარეგისტრირებული“, -განაცხადა დარიკო არქანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად მიმართავს პროკურატურას, რათა აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაიწყოს.
„პროკურატურას აუცილებლად მოუწევს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება. ზუგდიდელებს უნდა გასცეს პასუხი, „ქართული ოცნება“ რატომ ამყოფებს მოსახლეობას მუდამ „ოცნებებში“ და რატომ არის ზუგდიდში ამდენი დაუსრულებელი პროექტი. ზუგდიდის მერსაც, მამუკა წოწერიასაც აუცილებლად მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა დარიკო არქანიამ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.
წარო