- შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის – ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ბათუმის შემდეგ, საზოგადოებრივი ღონისძიება ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კამპანიის – “ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ზუგდიდში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ტარდება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ სახალხო ღონისძიებების პარალელურად, პროექტი მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის წარმომადგენლების ვიზიტებს სკოლებში, რომელთა მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებზე მოსწავლეებს ინფორმაციას მიაწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.