დღეს, ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” წევრები სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან მერაბ ქვარაიასთან. მოსწავლე ჟურნალისტებმა, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლიდან არიან “სარკმელში” შეკრებილი, საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვეს შეკითხვები მის მიერ განვლილი გზის შესახებ.
– როგორ ხდებიან პირველები? როგორი იყო ბავშვობა და ყმაწვილკაცობა? რა უხარია, რა სტკივა, რას აკეთებს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაბზე ხალხისთვის და ქალაქისთვის, რას თმობს და რას ვერ თმობს, აქვს თუ არა დრო მეგობრებისთვის, ოჯახისთვის, როგორ უყურებს ქვეყნის მომავალს და საერთოდ, როგორია პირველობის ტვირთი – მძიმე თუ მსუბუქი… საუბარი გულწრფელი და თბილი იყო. ახალგაზრდულად კრიტიკულიც,-დროა, ქალაქი უფრო გამოცოცხლდეს, საღამოს 5 საათიდან თვლემსო. სწავლის დამთავრების შემდეგ ჩვენ უნდა მოგვინდეს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, აქ ცხოვრება და მუშაობაო. საკრებულოს თავმჯდომარემ აქტიური სამოქალაქო პოზიციისკენ მიანიშნა ახალგაზრდებს, – ბევრი რამ თქვენ თქვენი ხელებით და გონებით უნდა შეცვალოთ მშობლიურ ქალაქშიო და მაგალითად როსტომ ზარანდიას სამოქალაქო ინიციატივები მოიყვანა, რომელმაც თითქოს ერთი ხელის მოსმით ახალი ფერები შესძინა ზუგდიდს. საინტერესო შეხვედრა დამთავრდა სამახსოვრო ფოტოს გადაღებით და სურვილით – კიდევ მრავალჯერ შეხვდეს სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს.