ზუგდიდელი მირანდა ბეჭვაია თავის უნგრულ, სტუდენტურ ცხოვრებაზე


  • შამგონელი მირანდა ბეჭვაია უნგრეთში, მაგისტრატურაზე ევროპულ საჯარო პოლიტიკაზე სწავლობს. მირანდა უნგრეთში არსებულ კორონავითარებაზე “ზუგდიდელებთან” საუბრობს.

“მე შარშან, ზაფხულის ბოლოს ჩამოვედი ბუდაპეშტში, აქ მაგისტრატურაზე ვსწავლობ, პირველი აკადემიური წელი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში უნდა გავატარო, მეორე იორკში, ინგლისში. იმედია, იქამდე გადაივლის ვირუსი და მოვახერხებ სწავლის იორკში გაგრძელებას. როგორც კი იმატა “კოვიდ 19-ის” ტალღამ ევროპაში, უნგრეთის მთავრობამ შესაბამისი მკაცრი ზომები მიიღო. მეოთხე კვირა დაიწყო, რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, ყველა სასწავლო დაწესებულება დახურულია. მე გაზაფხულის სემესტრი გუშინ დამეწყო, ასევე წინა სემესტრის ნაშრომები უნდა დავასრულო. საკმაოდ ძნელია ასეთ დროს კონცენტრირება, მაგრამ ვცდილობ, არ მოვდუნდე. ქვეყანაში მუშაობენ აფთიაქები, მარკეტები, კვების ობიექტები სახლში მიტანის სერვისით. დილის ცხრა საათიდან თორმეტამდე, მხოლოდ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს არ აქვთ გარეთ გასვლის უფლება. კომენდანტის საათი ისეთი სიმკაცრით, როგორც საქართველოშია არ გამოუცხადებიათ. ასევე მუშაობს საჯარო ტრანსპორტი. მე რა თქმა უნდა, მკაცრად ვიცავ რეკომენდაციებს, მხოლოდ გავდივარ მარკეტში, რომელიც 5 წუთის სავალზეა. მარკეტები და აფთიაქები, მხოლოდ რამდემინე ადამიანს მკაცრად განსაზღვრული ლიმიტით უშვებენ შიგნით, სხვები გარეთ ელოდებიან. ჩვენმა უნივერსიტეტმა მოგვამარაგა სტუდენტები პირველადი საჭიროების ნივთებით თავის დასაცავად (პირბადეები, ხელთათმანები, დეზინფექციის სითხეები). ასევე, ჩვენს საცხოვრებელს მკაცრად აკონტროლებენ და დღეში რამდენჯერმე დეზინფექტიას უტარებენ. გვაქვს ეზო და სპორტული აქტივობების სტადიონები, კარგია, რომ ცოტა ხნით ამ სივრცეში გასვლა შეგვიძლია და სრულიად ოთახში არ ვართ გამოკეტილები. იმედია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ადამიანი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება შექმნილ მდგომარეობას და შედეგიც არ დააყოვნებს.

რაც შეეხება ქართველებს, დიახ, არიან ამ უნივერსიტეტში და ზოგადად, ქალაქში ქართველები, ზოგმა წასვლა გადაწყვიტა, ზოგი დარჩა. სიმართლე გითხრათ, რაც ნაკლებად ვიმოძრავებთ, ამ ეტაპზე, უკეთესია, მაგრამ ემოციური ფონიც გასაგებია. ბუნებრივია, ყველასათვის, რომ ქვეყანაში და ოჯახში ურჩევნია ამ რთულ დროს ყოფნა. პირდაპირი რეისები არ არის ბუდაპეშტიდან საქართველოში. სპეც-რეისიც ჯერ არ დაუგეგმავთ, არ არის ვირუსი ძალიან გავრცელებული უნგრეთში და ამიტომ სახელმწიფოც, ჯერ-ჯერობით, უნგრეთიდან მოქალაქეების ჩამოყვანას გასაგები მიზეზებით პრიორიტეტს არ ანიჭებს. ჩემი აზრით, უმჯობესია, იმ ქვეყნებიდან დაბრუნდნენ მოქალაქეები, სადაც ვირუსი ძალიან გავრცელებულია”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!