გია ჯიჭონაია “მწერლობა ზღაპარია” (ნოველა)


  • ორიოდ სიტყვით ავტორზე: ზუგდიდელი მწერალი გია ჯიჭონაია, ათი წიგნის ავტორია, მას ახლახანს 50 წელი შეუსრულდა. ის ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში მუშაობს,-ლექსები, ნოველები, რომანები, ლექსი პროზად, ლიტერატურული ზღაპრები, ანუ, როგორც თვითონ ამბობს, მას ერთ ჟანრში მუშაობა არ აკმაყოფილებს და სხვა ჟანრში მუშაობის გაგრძელება დიდ სტიმულს აძლევს.

სამი წლის წინ, გამოვიდა გია ჯიჭონაიას რჩეული ნაწერების ხუთტომეული, გამოსაცემად მზადდება  მისი ათტომეული. სონეტებისა და რობაიების შემდეგ, იგი იქამდე მივიდა, რომ ლექსის ახალი ფორმა გამოიგონა, რომელსაც “კირბი” დაარქვა. ზუსტად ასე “კოლხური კირბების” სახელწოდებით, კიევში, უკრაინულ ენაზე, გამოცემულ მის წიგნს,  უკრაინა-საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციამ, დავით გურამიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია მიანიჭა, რაც მისი შემოქმედების საერთაშორისო აღიარებაა. მისი კირბები ითარგმნა იტალიურად. იტალიაში, პერუჯას უნივერსიტეტმა ის მსოფლიოს ექვს თანამედროვე პოეტს შორის დაასახელა. მისი შემოქმედება თარგმნილია აგრეთვე ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად.

ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის საზოგადოებამ, “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების” ცენტრის თაოსნობით გია ჯიჭონაიას, 50 წლის იუბილე გადაუხადა. ლიტერატურულ საღამოს კი “შეხვედრა ზუგდიდის ბულვარში” დაერქვა.

 

 

გია ჯიჭონაია

მწერლობა ზღაპარია

ძვირფასი მამის ხსოვნას

“მართალი გითხრათ, არა მგონია საკმარისი ნიჭი გამაჩნდეს იმისათვის, რომ ვინმე ვაიძულო ჩემი ნაწარმოებები წაიკითხოს, უბრალოდ, სიამოვნებას მანიჭებს წერა, ესაა და ეს.”
სტენდალი ბალზაკს

– ძვირფასო ქალბატონო, მე თანახმა ვარ იმაზე, რომ ერთადერთი ნორმალური სამყარო ხელოვნების სამყაროა და ჭეშმარიტად მხოლოდ ის სამოთხე ითვლება, რომელიც დაკარგულია… ცხოვრება ზღაპარია და ხელოვნება კი გართობად რჩება, ბუნებრივია, მწერლობაც ზღაპარია, რადგანაც თვით ცხოვრებაა ზღაპარი, ამოუხსნელი რომანი.
– ბატონო?..
– თქვენი პასუხის გარშემო რაც გაინტერესებთ, ეგ ყველაფერი ამ ქვეყნად ხდება, მოყოლილი ამბავი რასაც ჰქვია და აქვე რჩება.
– და უკეთდება ჩარჩო?
– იცით რაა, ჩვენი ცხოვრება თუ ლეგენდაა, ლეგენდა ლეგენდად უნდა დარჩეს, მას ჩარჩო არ სჭირდება, რაფაელსა და ანტიკას ჩარჩოს ვერ გაუკეთებ, რადგანაც სიშიშვლე იფარება და ველური სილამაზე უფრო მომხიბვლავია, როცა შიშველია.
-მე ვერ ვეგუები სნეულება სიყვარულის თქვენეულ ტიპს, ნუთუ ესეც ქვეყანაზე ხშირად ხდება?
– სიხშირეზე რა მოგახსენოთ, ისე ქვეყანაზე რა არ ხდება.
– T…T…T…
საუბარი გაწყდა, ალბერტმა ყურმილი დაკიდა და წიგნის ასოებს ჩააკვირდა, გაშლილად რომ იდო მაგიდაზე. ისე კი, მაგიდაზე, გაშლილი და დაკეცილი წიგნების გროვა დახვავებულიყო, აქვე იდო მისი დაუმთავრებელი მოთხრობა “მონა და ფილოსოფოსი”.
ტელეფონი ისევ აწკრიალდა. ყურმილშიც იგივე ქალის ხმა გაისმა.
– ძვირფასო მეგობარო, მე თქვენ არ გიცნობთ, მხოლოდ ტელეფონით და ისიც ხმაზე.
– არა უშავს, გაგიცნობთ… ნახეთ წვიმა წამოვიდა.
– თქვენთან წვიმს უკვე?
– დიახ-თქვა ხმადაბლა მამაკაცმა.
– არგია წვიმა…
– რა თქმა უნდა, კარგია და სასიამოვნოდ მათრობელა, ოღონდ იცით როდის?
– როდის?
– როცა შეყვარებული ხარ… -თქვა გულგრილად მამაკაცმა.
– შეყვარებული?
– რა თქმა უნდა, თან ხომ სასიყვარულო დღეები უზომოდ მათრობელაა და უდარდელი.
– სიჭაბუკეში?
– სიჭაბუკეშიც და რა გულდასაწყვეტია, რომ ის სიჭაბუკეც მხოლოდ ერთხელ მოდის.
– და სიყვარულიც.
– სიყვარული?…არა მგონია.
– როგორ, თქვენ არ გჯერათ? ხომ შეიძლება მერეც და მერეც?- კითხულობდა მამაკაცი.
– არა, რას ამბობთ, სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის ქვეყანაზე.
– ქვეყანაზე?
– მე ვამბობ, ქვეყანაზე, ადამიანთან.
– იცით რაა, მე სულაც არ ვფიქრობ მასე,
– ასეა, თქვენ მამაკაცები მონადირენი ხართ.
– მონადირენი?
– ეგრე გამოდის, თქვენში ხომ სიყვარული ნიჭია.
– ნიჭი?!! შეიძლება.
– თან თქვენ ეტყობა უფრო ზედაპირულადაც ეკიდებით ამ საკითხს.
– ვითომ?
– ხოო და თამაშობთ სიყვარულობანას, ცოლობანას, საყვარლობანას. აბა, რითი შეიძლება აიხსნას ის, რომ თქვენ მამაკაცებს ბევრჯერ შეგიძლიათ შეყვარება და უამრავჯერვე შეგიძლიათ ბედნიერად იგრძნოთ თავი.
– მე ახლა იმ ერთადერთ სიყვარულზე გიყვებით, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოდის, თან როცა როცა სიყვარულიც ზღაპარია ამ მოგონილ ცხოვრებასთან ერთად და ბედნიერება კი სურვილი… თქვენ არ უნდა ბრაზდებოდეთ.
-ე,ი,თქვენ ამბობთ, რომ იგი ძველდება, ხუნდება და ამისთვის საჭიროა ახალი…
– რა თქმა უნდა, გაგონილი გექნებათ ძველი გამოთქმა-ყოველი სიყვარულის წამალი ახალი სიყვარულიაო.
-კარგით რაა…
-რა რაა?!!
T…T…T…
საუბარი გაწყდა, კაცმა ყურმილი დაკიდა, ფანჯარაში იყურა, იყურა შემდეგ უკმაყოფილოდ თავი გააქნია, სკამიდან წამოდგა და ოთახის სიღრმეში წამოვიდა, მაგიდიდან ფინჯანი აიღო და ცივი ყავა მოსვა…. “ასე ფიქრობს სუსტი სქესი, მათ სწამთ სიყვარულის…” დაასკვნა გონებაში და დაუმთავრებელი წერილის წერა გააგრძელა, იქვე მაგიდაზე რომ იდო.
“…ალბათ მრჩება უფლება ვიფიქრო, რომ ადამიანთა უმრავლესობას არ ესმის და ვერ აფასებს იმას, რაც მე უდავოდ კარგ ნაწარმოებად მიმაჩნია, მაშინ აგრეთვე მრჩება უფლება უარვყო ისიც, რომ ჭეშმარიტების მქადაგებელ ნაწარმოებთა სიყვარული აღარ ძალმიძს. ო.ჰენრი მოდად იქცა და უკანასკნელ ხანს მისით უკვე ყველაზე უხამსი და ჩვეულებრივი ადამიანები ერთნაირად წარამარაობენ… “- წერდა იგი მეგობარ პოეტს.
ტელეფონი ისევ აწკრიალდა
-ქალბატონო, როდესაც შემექმნა ილუზია იმ ამბის აღსაწერად, რომელ ამბავსაც თქვენ ეხებით, მართალია იმ პერიოდში შეყვარებული გახლდით და ჩემი ტრფობის გამოც სრულიად გულგრილი არსებული გარემოცვისადმი და ამ სიტუაციაშიც (ჰგულისხმობდა რა წიგნის დასასრულს), რაღაც ისეთით მოჯადოებული, რომელიც ჭეშმარიტი სიმბოლო გახდა შთაგონებული მხატვრისა იმ სრულქმნილ სარკესთან, რომელთანაც ისე ახლოს იდგა, რომ ზოგჯერ ხელითაც კი ეხებოდა და სრულიადაც კი ერწყმოდა მას.
– თქვენი რეალიზმი საკმაოდ მკაცრი, დაუფარავი და შიშველია, თქვენ მუდამ მკითხველის განცვიფრებისაკენ ისწრაფვით, ზოგი კი, თქვენში მხოლოდ ნატიფ სტილს, ბრწყინვალე მახვილგონიერებას და პარადოქსების ფეიერვერკებს ხედავს… მე კი მაინტერესებს, ნუთუ თქვენ ბალიშზე მხოლოდ მაშინ გიდევთ მშვიდად თავი, როცა თქვენს მკითხველს დაძაბულობაში გული უფანცქალებს?
– ესაა ხელოვნების ძალა, – პასუხობს მამაკაცი, – რაც შეეხება ცრემლებს, სანამდის არ მოსწყინდებათ, მე შემიძლია გავცე ჩემი პერსონაჟებისთვის და მათი შემყურე მკითხველიც თუ ზოგჯერ გაიზიარებს მას, ეს უკვე ჩემს კისერზე არაა, მე ჩემი ცოდვებიც მეყოფა..
-თქვენ გულისხმობთ დახოცილ პერსონაჟებს?
-დიახ, რამდენიც გინდათ, თვითოეულის სიკვდილი კი წარმოდგენილი გექნებათ თუ როგორ გულსატკენი იქნებოდა ჩემთვის, რამდენი უაზრო ბრძოლაში დამეღუპა სრულიად უწვერული, ბევრი კი ცეროზით, რადგანაც საკუთარ ღვიძლს ვერ გაუფრთხილდნენ დროსტარებასა და ამქვეყნიურ დარდს გადაყოლილნი… მათზე როცა ვფიქრობ, გული მტკივა რა თქმა უნდა… თქვენ კი, ცინიკოსი მიწოდეთ გუშინ და ალბათ არც გიგრძვნიათ თუ როგორ გაკაწრეთ მგრძნობიარე გული…
– ვიცი-თქვა ქალმა (სინამდვილეში მას ეს არც უგრძვნია) და მე ერთი რამ მაინტერესებს, როცა თქვენს რომანს “სიყვარული სარკეში” ვეხები, თუ ძველი ლეგენდის თანახმად ადამიანი ორსქესოვანი არსება იყო, შემდეგ კი განრისხებულმა ღმერთმა გაჰყო იგი ორ ნაწილად და ამის შემდეგ თითეული ნახევარადამიანი “მამაკაცისა” და “დედაკაცის” სახელით განწირულია იხეტიალოს ქვეყნად მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ნახევრის საძებნელად და ადამიანები, რომლებიც პოულობენ “თავიანთ ნახევარს” ჰქმნიან ჭეშმარიტად ერთიან, ჰარმონიულ კავშირს. თუ გჯერათ თქვენ ყოველივე ამის?
– მჯერა და უნდა ვეძებდეთ კიდევაც მას მთელი ცხოვრება.
– ისე კი, მართალი გითხრათ,-ახლა ქალის ხმაში სირბილე გამოკრთა,-ხალისიანი სიყვარული უფრო საინტერესოა თქვენს წიგნში, ქალბატონი დოდონა და ათობით გმირი რომ თამაშობს, ისეთი. და კიდევ, მე მთიშავს ერთგულებისა და თავგანწირვის გრძნობა, რომელიც თქვენს მიერ სათუთად ნაძერწ ბებიის პორტრეტში იკითხება… თუმცა ნუ მიწყენთ და თქვენმა ბაბუამ ჩემში ნაკლები აღფრთოვანება გამოიწვია, რადგანაც მესამეჯერ უკვე გულგრილად წავიკითხე ის ადგილები, სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა ქალებთან მის შეხვედრებზე მოხუცებულობაში. იმედიც აღარა აქვს, რომ ვინმე შეიყვარებს და მშვენიერება მასში მხოლოდ გაურკვეველ სინანულსღა იწვევს, როდესაც შავთვალება,მოკლეკაბიანსა და მშვენივრადთმაგაწეწილ…
– დაფხრეწილკორსაჟიანს?-გააწყვეტინა წინადადება კაცმა.
– რა კარგად მიხვდით და დაფხრეწილკორსაჟიან გოგონას როცა უცქერის და უყვარს. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ ხომ ამ პერსონაჟის შემქმნელი ხართ. რას ფიქრობს იგი, როგორი ნიღაბი აქვს, ან იქნება მართლაც ძლიერ უყვარს მას ლამაზი ლიზა, როცა შეზლონგზე წამოწოლილი გულჩათხრობილი სახით მას ათას რამეზე უყვება?
– მას იგი გასაგიჟებლად უყვარს და რას უნდა მიეწეროს თქვენი უნდობლობა ძვირფასო ქალბატონო ,როცა იქ ყველა სიუჟეტი ცხოვრებისეული ძაფით არის მოქსოვილი და რატომ უნდა მიგაჩნდეთ თქვენ ასე საეჭვოდ ჩემი ბაბუა?.. და თუ თქვენ მისი ლირიკულ მონოლოგები და პოეზიით გაჟღენთილი დღეები სულის სიღრმემდე შეიცანით, რატომ არ უნდა გწამდეთ მისი, როცა იგი ამ მონოლოგებს წარმოთქვამს ოდნავ შემთვრალი, როდესაც თავს ბედნიერად და შეყვარებულად გრძნობს. როცა არაფერს ამბობთ ლიზაზე, ქალზე, რომელშიც უფრო მეტი ეშმაკობა და თვალთმაქცობა გამოჩნდა, რაც იგი შეყვარებული გახდა, საოცარია. ეს “გულუბრყვილო” გოგონა როგორ თავისუფლად იმორჩილებს მარტოხელა კაცს, რომელსაც საკუთარი თავიც კი მობეზრებია ასე ვთქვათ და ახლა ისღა დარჩენია, რომ ველურ ვარდს (როგორც თვითონ უწოდებს) ეტრფოდეს, როგორც წყალწაღებული ხავსს ისე ეჭიდება მას. ბაბუს გოგონა უყვარს კი არა და წმინდანად კი მიაჩნია. და მასთან როცა არის, სულის ყოველი ნერვი უთრთის და ხშირად ცუდადაც კი ხდება.
– მე მაინც მგონია, რომ თქვენ ამ ცხოვრებას დასცინით.
– ხომ წაგიკითხავთ დანტეს სიყვარულზე. ასეთ დროს მას თვით ანგელოზი ეცხადება “angel of love” სიყვარულის ანგელოზი.
– მე კი ეს ავადმყოფობად მიმაჩნია.
– სხვა რა უნდა იყოს, როცა თვით გრძნობა სიყვარული ავადმყოფობაა.
– ისე თქვენი მოხუციც კარგი ავადმყოფია, რა?!
– ნოსტალგია განვლილისადმი და თბილი ირონია არსებული წყობილების მიმართ თუ აღარ გატკბობთ ჩემი რომანის გემო, მე მეტი რა შემიძლია.
-არა,რას ამბობთ, მე მინდოდა მეთქვა, რომ თქვენი გმირები ხშირად ზედმეტად ემოციურნი არიან, გარეგნულად კი ნაზად გულხელდაკრეფილნი, თვალებითაც რომ ისუნთქავენ და ისმენენ სიტყვებს, რათა სამაგიერო გრძნობა აფრქვიონ. პირდაპირ გეტყვით, თქვენმა სილამაზემ პირველად მე ძლიერ დამათრო და მეორეჯერ უკვე თავს ვარიდებდი სტრიქონებს, სადაც თქვენ მჩქეფარე სილამაზეს აღწერთ. რადგანაც უგონო დათრობას ხომ იცით რა შედეგებიც მოსდევს. ქალის სიარულში აღწერთ გაზნექილი ხაზების ისეთ ნაზ მოძრაობას, კაბის ისეთ მოხდენილ რხევას, სიკეკლუცეს, გულმკერდის მხურვალე, მიმზიდველ სითბოს, რომ მკითხველი ურწმუნოდ შეხედავს თქვენს სათნოებას და რატომ აღიზიანებთ მას, ნუთუ თქვენ მხოლოდ მსგავსი სილამაზის აღწერა შეგიძლიათ?
– იცით რა, ქალს შეუძლია გაიქცეს თუ ვისიმე აღგზნებულმა შემოხედვამ შეაშინა და მგონი მეც ვუტოვებ ამის უფლებას ჩემს პერსონაჟ ქალებს.
– ეს როგორ, როცა თქვენი ქალები იქვე კეკლუცად ეყრდნობიან სავარძლის საზურგეს და ხარბად ისუნთქავენ მლიქვნელურ სიტყვებს იმ მამაკაცთაგან, მათი შეცდენა რომ გადაუწყვეტიათ, ნაცვლად იმისა, რომ თავდაუზოგავად იბრძოდნენ ფართოყელსახვევიანი და თავხედურად ჩაცმული ლამაზი ყმაწვილების წინააღმდეგ.
– თუმცა მომხიბვლელმა ლინდამ ხელი ჰკრა თავის სიყვარულს, რადგანაც კოლეჯში, სადაც იგი სწავლობდა, უფროსი გოგონები მოუთხრობდნენ მას მამაკაცთა ვერაგობაზე და სიცრუეზე… და თუ ეს თქვენ გულგრილს დაგტოვებდათ, მე…
– არა, რას ამბობთ, პირიქით, უნდა ვაღიარო და ეს იქნება ჩემი აღსარება, რომ მე თავდავიწყებით შემიყვარდა თქვენი პერსონაჟი გადა, თქვენი თავზეხელაღებული გადა და ცხოვრებაში პირველად შემშურდა ლილიასი, მისი შეყვარებულის, ის კი არადა წიგნიდან ამოვხიე და უმოწყალოდ დავწვი ის ფურცლები, სადაც ლილიას ბრწყინვალე სილამაზეა აღწერილი. თქვენ მე სიყვარული მაჩუქეთ, რადგანაც მთელი არსებით შემიყვარდა გადა… გაცნობიდან სულ მალე იგი გაცოცხლდა, მე ქუჩაში ყოველდღე ვხვდები მას, მის ფეხის ნაბიჯებსაც კი ვცნობ, მისი შემოხედვისა და მისი სიარულის ყურება იმდენ სიამოვნებას მანიჭებს, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ..
-რა თქმა უნდა, ვერაფერი სჯობს ქუჩებისა და ტყეების ყველა იმ სიმღერას, ჭაბუკთა ხანმოკლე თუ გრძელ შეხვედრებს არათუ ბებრებთან, არამედ ისევ ნორჩ ქალწულებთან, ულამაზეს თივის ზვინთან, მთვარის მეგობრული დუმილის ქვეშ… ამიტომაცაა სიყვარული სიჭაბუკეში უფრო ლამაზი.
– არ გეთანხმებით, ბატონო ალბერტ, სიყვარული ისეთი რამ გრძნობაა რომელსაც ასაკი არ გააჩნია, ე.ი. ზოგს ადრე ეწვევა ზოგს გვიან, ასე რომ ის ყველა დროში ლამაზია.
– რა თქმა უნდა, სრულიად გეთანხმებით… ოღონდ მე ვამბობ, რომ იგი სიჭაბუკეშია განსაკუთრებით ლამაზი, როცა ჯერ არ შეგხებია ამ ცხოვრების მკაცრი და ტლანქი სინამდვილე, მოხუცებისთვის ხომ უკვე ჩაიარა ცხოვრებამ და მერე რაა თუ კაცის ცხოვრებასავით ჩემი რომანიც მხოლოდ ერთხელ იკითხება.
– ბატონო ბერტი, ხელოვნების მეშვეობა მართლაც რომ საოცარია… მე თქვენ სიყვარული მაჩუქეთ და ცხოვრების მეოთხე ათეულს მიღწეული გამაბედნიერეთ. ერთი რამ მაინტერესებს, როგორ ახერხებთ მაღლიდან ყველაფრის დანახვას, უფრო სწორედ, მაღლა ასვლას ისე, რომ ყველაფერი დაინახოთ?
– ხელოვნების ძალა უსაზღვროა, ჩემო ლენა, როცა საამოდ გარწევს და გულს გიხარებს ახალი თემის სიგიჟე, შენ თავისთავად ადიხარ მაღლა და უკვირდები ადამიანს, რომელიც რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში. ეს სათამაშო კი თავის მხრივ ლამობს შეიცნოს ღმერთი და ბუნება, ყველა ამქვეყნიური საშინელება: ომები, ბრძოლა, სიკვდილი და სხვა. და ეს დაუცხრომელი სწრაფვა კარიერისა და გამდიდრებისაკენ მაღლიდან დანახული მართლაც რომ სასაცილოა. ხელოვნება ფრენაა, სწორად აღნიშნავთ თქვენ, მისი მეშვეობა საოცარია. აი, მაგალითად, მეგობარმა მწერალმა სულაც არ იცის, რუკაზე სად მდებარეობს ქალაქი დღვაბა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს მას დღის სინათლეზე გამოიტანოს თავის ცხოვრებაში ყველაზე “საყვარელი ქალაქი” და იქ განცდილი ფათერაკები, რომლის მსგავსიც ჯერაც არავის გარდახდომია.
-გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ არავითარი ყურადღება არ მიაქციო მხატვრის ბიოგრაფიას, როცა ყველა შედევრი თავისთავად მშვენიერია, იგი ბრწყინვალედ წარმოუდგებათ იმათაც, ვინაც არაფერი იცის მისი შექმნის შესახებ და როცა სხვას ბედნიერებას ანიჭებთ, წარმომიდგენია თუ როგორი ბედნიერი იქნებით თქვენც.
-ღამეები როცა თავზე მათენდება პერსონაჟთა დახვეწაში, ყოველთვის ვინმე კონკრეტულ პიროვნებაზე შევჩერდები და მის სიამოვნებაზე ვფიქრობ, ანუ თუ როგორ მიიღებს ესა თუ ის პიროვნება წარმოდგენილ პერსონაჟს. ესაა ხელოვნება, ათიო ღამეები და იფიქრო სხვის სიამოვნებაზე. რაც შემეხება ჩემს პირად ცხოვრებას. ჩემი წიგნები სხვადასხვა ფსევდონიმებით გამოდის, ისე რომ ჩემი ნამდვილი სახელი არავინ იცის. გამიკვირდა კიდევაც რომ მომაგენით,რადგანაც მეზობლებმაც კი არ იციან, რომ მწერალი ვარ, როცა მთელი ცხოვრება დაბალ კლასებში ხატვას ვასწავლი. ამერიკაში ჩემს ერთ-ერთ ნოველას ო.ჰენრის პრემია მიანიჭეს. გაზეთებიდან გავიგე რომ მეძებდნენ, თუმცა ვერ მომაგნეს.
-ნუთუ ასე სასიამოვნოა ფსევდონიმს ამოფარებული ცხოვრება?
-მე არხეინად ვგრძნობ თავს და მთელი დღეები კაფეში ვზივარ, მშვიდად, ისე რომ ერთი-ორი ნაცნობი თუ შემაწუხებს და კიდევ-საშინლად მიყვარს ბავშვები, ფერისა თუ რასის მიუხედავად ისე, რომ ნებისმიერ წუთს მზად ვარ ქვეშ ჩავუხტე ტრამვაის, ან მანქანას მათსავე გადასარჩენად თუ ეს საჭიროებამ მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარი არასოდეს მყოლია და არც მეუღლე, ვცხოვრობ მარტო. გამოგიტყდებით, რომ ეს ბოლო პერიოდი ძლიერი მელანქოლია მეწვია და წერასაც გავურბივარ. ერთი წელია დაუმთავრებელი მოთხრობა მიდევს მაგიდაზე “მონა და ფილოსოფოსი” ქვია და ეზოპეს ეძღვნება. და კიდევ- მეხმარებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც მე საკუთარი თავივით მიყვარს.
– და რატომ დგას თქვენს რომანებში მეგობრული სიყვარული უფრო მაღლა?
– რადგანაც მეგობრობა უფრო ძლიერი გრძნობაა.
– აკი ამბობენ, ქალებს ის არ შეუძლიათო?
– ჰმ!..კაცს ჩაეცინა… შეიძლება.
– რატომ?
– აბა მე რა ვიცი… შეიძლება იმიტომაც,-იგი იცინის,-რომ დედაკაცი მამაკაცისა და საერთოდ ნარჩენებისგან შეიქმნა.
ტელეფონი გაითიშა. მამაკაცი სავარძელში მოთავსდა და თვალები მილულა.
მეორე დღესაც იგი სახლიდან არ გასულა, ჭიქა ვისკი მოსვა, ფანჯარასთან დაჯდა. უფილტრო “ქემელს” ეწეოდა. დაბეჯთებით არაფერზე უფიქრია, უფრო სწორად კი იგი გადაღლილი იყო და თან, როგორც ყოველთვის, მთელი გულით დასცინოდა ამ ცხოვრების უაზრობას. რაც კარგი იყო, უკან დარჩა. ამიტომაც არაფერი უტოკებდა გულს და ადარდებდა. წინათ თუ ისე უყვარდა გარშემო მხიარული ადამიანები ჰყოლოდა, უყვარდა მათთან ერთად სუფრასთან ჯდობა, მხიარულება, ახლა კი, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მიუკარებელი ხდებოდა. აღარც მეგობრებს ეპატიჟებოდა, სკოლასაც თავი გაანება, იშვიათად ნახავდა კაცი ქალაქში გამოსულს. დილიდანვე ფანჯარასთან მოთავსდებოდა, ყავას სვამდა და წინ იყურებოდა. ექიმს არასოდეს გასინჯვია, რადგანაც ვერ იტანდა მათ. დარწმუნებული ვარ, ექიმს რომ გასინჯვოდაა, მაშინვე დაასკვნიდნენ, რომ მისი ნამდვილი უბედურება ნერვიული აშლილობა გახლდათ, რის გამოც სულ უგუნებოდ იყო.
“…ბოლო უნდა მოეღოს ყოველივე ამას”…ადგა, ისევ დაისხა ჭიქა ვისკი, ფანჯარასთან სავარძელში მოთავსდა, იჯდა და უაზროდ იყურებოდა გარეთ. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე დაწყდა გული, რომ ქალებიც უკვე აღარაფრად აგდებდნენ მას. სულ გაქცევაზე არიან, წინათ მისგან დატყვევებულნი ადგილიდან რომ არ იძვროდნენ და ცნობისმოყვარეობაში გარეულ აღელვებას ვერ ფარავდნენ მასთან ყოფნისას და აი, ვერცერთმა მათგანმა სამუდამოდ ვერ შეიყვარა იგი… (ოლია არ უნდა მეცემა- ერთი კვირის უკანდელი ამბავი გაახსენდა და წამით სახე დაემანჭა, გაახსენდა ოლკას სახე, როცა სახლიდან გააგდო…)
“ალბათ მოსაწყენი გავხდი”… “კიდევ კარგა ხანი შევრჩი ამ ქვეყანას”,-გაიფიქრა მან, როცა ლოგინში წვებოდა.
უჩვეულოა, მთელი ცხოვრება ფსევდონიმსამოფარებულ კაცს მაგიდის უჯრებში დახვავებული ქაღალდებისთვის საბუთებისა და ანგარიშებისთვის ხელი არ უხლია ამ მძიმე წუთებში.
“ცხოვრება ზღაპარია და ხელოვნება კი გართობად რჩება, ბუნებრივია მწერლობაც ზღაპარია, რადგანაც თვით ცხოვრებაა ზღაპარი, ამოუხსნელი რომანი…” ეტყობა გამბედაობამ ათქმევინა თავისივე სიტყვები ხმამაღლა ბერტს, როცა ბალიშსქვემოთ შენახული “სმიტ-ვესონის” მარკის რევოლვერი გამოაძრო და ტყვიები მოუსინჯა.
საოცარია, ბოლო მომენტში იგი გოეთეზე ფიქრობდა, მის ვერთერზე “ჰა, ჰჸ… ამ წიგნის გამო ხალხი თავს იკლავდა მე კი მსგავსი რამის შექმნა ვერ შევძელი..”
… მერე კი, იყო გასროლის ხმა, ხრიალი და მარადისობა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!