დღეს, სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ენგურის ხიდზე, მდუმარე აქცია გამართეს. “დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი სისხლიანი და ტრაგიკული დღის, დაღუპული ჯარისკაცების პატივის მისაგებად შევიკრიბეთ აქ, ენგურის ხიდზე. 27 სექტემბერი, თითოეული ჩვენგანისთვის არის თარიღი, რომელმაც არ უნდა დაგვავიწყოს დაკარგული ტერიტორიები, ძმათამკვლელ ომში დაღუპული თითოეული ადამიანი, გმირები და მათი სახელები. დიახ, დღეს 25 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან და ეს ტკივილი ჩვენ არ გაგვნელებია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევითა და სწორი პოლიტიკის შედეგად, დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ.“ – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აფხაზეთიდან დევნილი 250 000-ზე მეტი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარე კი აცხადებს, რომ დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.