2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება


  • საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. კერძოდ, ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარით, თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ხოლო ექთნების საათში 4.4 ლარით, თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება.

სამინისტროს ინფორმაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს.

მათივე ცნობით, სამედიცინო სექტორში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვარის დაწესების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დასაწყისში დააანონსა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, რეფორმის მიხედვით, მომავალი წლიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა, ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას. ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დადგენის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ, საერთაშორისო გამოცდილება შეისწავლა. ასევე გაეცნო საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კერძო კლინიკებში არსებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ექიმის ხელფასი საათში 5,5 ლარიდან 6,2 ლარამდე მერყეობს. ექთნის და სხვა სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასის ოდენობა კი ექიმის შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროცენტით არის განსაზღვრული.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პრაქტიკა პირველი აგვისტოდან უკვე მოქმედებს დიდ სახელმწიფო კლინიკებში – თბილისის, ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებსა და ქუთაისის ო. ჩხობაძის მრავალპროფილურ ცენტრში, სადაც დასაქმებული მედპერსონალისთვის, არსებული მინიმალური სახელფასო ანაზღაურება, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო სექტორში თითოეული დასაქმებულის ინტერესების დაკმაყოფილება, მათთვის ღირსეული ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების შექმნაა. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობს. უწყების გადაწყვეტილებით, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – ცხრა ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ბევრმა ქვეყანამ, დაბალი ანაზღაურების აღმოფხვრისა და ღირსეული გამომუშავების პოლიტიკის გატარების მიზნით, განამტკიცა არსებული ან შემოიღო მინიმალური სახელფასო ანაზღაურების პრაქტიკა. მინიმალურ სახელფასო ანაზღაურებაზე შეთანხმებულია გაერო-ს წევრი ქვეყნების 90%, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.