- 15 ივლისს ქრისტიანული სამყარო ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე, რელიგიურთან ერთად, სახალხო დღესასწაულია ზუგდიდში – ქალაქში, სადაც უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე, ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის კვართია დაბრძანებული და სადაც ვლაქერნის ხატის სახელობის ტაძარი მდებარეობს.
08:00 საათზე მღვდელმთავარი და სასულიერო პირები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოაბრძანებენ.
08:30 საათზე დაიწყება საზეიმო მსვლელობა. სიწმინდე რამდენიმე წუთით ქალაქის ცენტრში, ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან იქნება დაბრძანებული, რის შემდეგაც კვართს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ.
10:00 საათზე საკათედრო ტაძარში მობრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
„ზუგდიდელებთან“ საუბარში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრესცენტრის ხელმძღვანელმა და ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანე აკობიამ აღნიშნა, რომ უწმინდესი და უნეტარესი შიო III ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაახლოებით 10:00 საათზე მობრძანდება და საზეიმო წირვა დაიწყება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდი სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ მრავალრიცხოვან მრევლსა და მომლოცველს უმასპინძლებს. საზეიმო ღონისძიებებს ასევე დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მრევლსა და ჩამოსულ მომლოცველებს ექნებათ შესაძლებლობა, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში უდიდეს სიწმინდეს ემთხვიონ.
