„ჩქიმ ქორდუნი ვაიჩქუდეს და თქვან ვარდუნ ხომ ქოიჩქუდეს…“


  • ზუგდიდელებისთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტი პალიკო აბსანძე, გაგრის, ახალი ათონის და ორსანტიის საშუალო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობის შემდეგ, 1961 წლიდან, გაზეთ „მებრძოლის“ რედაქციაში  ჯერ ლიტერატურული მუშაკი იყო, შემდეგ კი, ადგილობრივ რაიონულ რადიოგადაცემათა კორესპონდენტ – ორგანიზატორი.

წარმოშობით დარჩელიდან გახლდათ. განსაკუთრებით იმ ზონის ხალხი ემადლიერებოდა – თითქოს ქალაქში მათი ელჩი ჰყავდათ – ისიც ყოველდღიურად ხვდებოდა, ესაუბრებოდა, უსმენდა, ურჩევდა, ჭირში და ლხინში ეხმარებოდა და ეხიდებოდა მათ სხვადასხვა ინსტიტუციაში ხმა რომ დროზე მიეწვდინათ.

ბატონ პალიკოს თავის საქმესთან ერთად, ლიტერატურა უყვარდა, მხატვრული სიტყვა, ლექსი. გარდა იმისა, რომ ისეთი ლამაზი პოეტური ფრაზის ავტორი იყო, როგორიცაა:

“ცა საცერით ცრიდა ფანტელს, უგზავნიდა მიწას ნათელს და ფიფქებით შენაფერი, თეთრი იყო ყველაფერი“, მას უაღრესად ქრისტიანს, მიმტევებელს, შესაშურად ჯანმრთელი იუმორი ჰქონდა, გონებამახვილობით და მოსწრებული სიტყვა-პასუხით გამოირჩეოდა.

პალიკო აბსანძის ქალიშვილი, ჰიდროინჟინერი  ია აბსანძე გვიყვება:

„- დინჯად ლაპარაკობდა, შინაარსიანად. ნებისმიერ ტრივიალურ თემას საინტერესოს ხდიდა, დაუსრულებლად შეგვეძლო მოსმენა. სიტყვის უკან შინაარსი უნდა იმალებოდესო: “სიტყვას კოჩიშ ეკორთინაფა შეულებუ…” იტყოდა და საოცრად გულწრფელი ღიმილი გადაურბენდა სახეზე.

სოფელიც თავისებურად უყვარდა, რაღაც რომანტიულად. მე თუ მკითხავთ, არ იყო სოფლის კაცი. მისთვის სოფლისთვის დამახასიათებელი ყოველდღიური რუტინა უცხო იყო. დროს რომ მოიხელთებდა, თავის ოთახში განმარტოვდებოდა და წერდა, კითხულობდა…

თანასოფლელებს ეიმედებოდათ და ერიდებოდათ მისი. დღემდე იხსენებენ ღიმილიანად ერთ შემთხვევას: საკარმიდამო ნაკვეთის უკან სიმინდის ყანა ჰქონდა მამაჩემს. ერთხელ, ყანაში შესულებს, ახალგაზრდები შემოგვეფეთნენ სიმინდით ხელში, გაფითრებულებმა მოგვიბოდიშეს: პალიკო ბიძია, არ ვიცოდით თქვენი ყანა თუ იყოო… ჩაიცინა მამამ და ასე მიუგო: „ჩქიმ ქორდუნი ვაიჩქუდეს და, თქვან ვარდუნ ხომ ქოიჩქუდესია“.

შემდეგ, სახლში სუფრასთან, იმავე საღამოს, ასეთი სადღეგრძელო წარმოსთქვა: “ასე, ჩქიმი ჭყინტი ლაიტის ჭკუმუნსინ თინეფს არძას გოუმორძგვასია”. ასეთი იყო – იუმორით და სიკეთით სავსე…

მამა, 83 წლის ასაკში, ავტოავარიით გარდაიცვალა. შენდობასა და პატიებას უმაღლეს მნიშვნელობას ანიჭებდა. მისი ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, შენდობის ძალა, სწორედ, მისმა ღირებულებებმა მოგვცა. ეს იქნებოდა მისი პოზიციაც, ამაში სრულებით დარწმუნებული ვარ”.

კაცი არ იქნება და მისი სიტყვა დარჩებაო – ნათქვამია. ასე შემორჩა ჟურნალისტ პალიკო აბსანძის ძალიან შინაარსიანი, თითქოს იუმორით ნათქვამი, მაგრამ მართალი, ბრძნული და გაუხუნარი ფრაზა სოფელს.

საუბარი ჩაიწერა მარიკა ბიგვავამ,

ზსსუ-ს სასწავლო პროგრამა “რეპორტიორის” სტუდენტი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!