,,ჩვენი ბოსტანი” თქვენს ბოსტანშიც მივა


ლიკა აბრალავა,-ჯუმის საჯარო სკოლაში ასწავლის გეოგრაფიას, ცხოვრობს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, კომისარიატის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღმოჩნდა, 10 წელია ფეისმეგობრები ვართ. მწერს, ადრე ჩემი ბლოგით დაინტერესდით და იმიტომ დავმეგობრდითო. მახსოვს, პატრიოტულ თემაზე იყო მისი ბლოგი და მინდოდა მისი ავტორი ახალგაზრდა გოგონა გამეცნო. ამ ეტაპზე, ისევ გადავიკვეთეთ: მისმა ფეისალბომმა ,,ბოსტანი” მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან ძალიან მინდოდა, ზუგდიდელებისთვის, ჩვენი საინფორმაციო პორტალის დახმარებით, გამეცნო ადამიანები, ვინც საოჯახო მეურნეობის განვითარებისთვის ზრუნავენ და საკუთარ ეზოში მოჰყვთ იმდენი ხილ-ბოსტნეული, რამდენიც შეიძლება მთელი წელი თუ არა, და ბაზარში გასატანად თუ არა, ოჯახში მაინც ეყოთ ერთ სეზონზე. აღმოჩნდა, ლიკა და დედამისი ბოსტანს ერთად უვლიან და მშვენიერი შედეგიც აქვთ. ეს გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დამიდასტურა. ლიკას შევეხმიანე, მინდა სტუმრად მოვიდე თქვენთან, ბოსტნით დავინტერესდი, პროექტი ,,ჩემი ბოსტანი” მინდა დავიწყო და პირველი და სამაგალითო იყავი მეთქი. მოკრძალებული და თავმდაბალი უარი მითხრა, ზუსტად ისეთი, პატიოსან, ალალ, მშრომელ ხალხს რომ ახასიათებს: ,,ქალბატონო ნანი, ერთი წელიც არ არის რაც მასწავლებელი ვარ, ბოსტანიც ,,ელებკეთუანდიო” რომ იტყვიან, ეგაა. უბრალოდ, მომწონს ეს საქმე და ვიფიქრე, ნელ-ნელა დამეგროვებინა გამოცდილება. თან ჯანსაღი საკვების მიღება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ასე მოვიფიქრე – ირგვლივ იმდენი პედაგოგია, არაჩვეულებრივი ბოსტნით, მეუხერხულება გასაჯაროვება და სამართლიანადაც. ამიტომ, იყოს რა, ბოდიშის მოხდით.. მომავალ წლებში მიწას თუ შევიძენ და რამე გამომივა, თავად შეგეხმიანებით.” არაო! არც მიფიქრია შეწუხება და მის ,,ბოსტანში შეჭრა”, მაგრამ რადგან თავად გაასაჯაროვა ფრაგმენტები მისი ამწვანებულ, აბიბინებული ბოსტნიდან და ბუნებრივია, ავტომატურად, როგორც სხვა ყველას, მეც მაქვს უფლება ამ ფოტოების სარგებლობის და გადაზიარების, წამოვიღე ფოტოამბავი ლიკას ბოსტნიდან ჩვენი საიტისთვის, აგერ გთავაზობთ და რუბრიკის დებიუტიც შედგა. ზუგდიდელები.გე აბრალავების ბოსტნით იწყებს ახალ პროექტს ,,ჩემი ბოსტანი”. გთხოვთ, თქვენც, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობთ, შეგვეხმიანეთ, გადაუღეთ ფოტოები თქვენი და თქვენი ნაცნობ-მეგობრების, მეზობლების ბოსტანებს,-ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელი პროდუქტისთვის. მაშ ასე, მოპარული ფოტორეპორტაჟი ლიკა აბრალავას ბოსტნიდან და ჩვენი ახალი რუბრიკა ,,ჩემი ბოსტანი”’

ნანი მოსიძე


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!