შამადელები უკვე 2020 წლის არჩევნების მოლოდინში არიან


  • ნარაზენში, კერძოდ შამადელას ტერიტორიაზე, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი შეჩერდა.

მოსახლეობამ, “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ შამადელას გვერდითი უბნის, კერძოდ, აბასთუმნის დეპუტატი, “ვინმე კოდუა” /საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა–რედ./ მოვიდა და მუშები, სამშენებლო ტექნიკიანად, აბასთუმანში გადაიყვანაო. აბასთუმნელები, თურმე, 700 მეტრო გზის რეაბილიტაციას ითხოვენო.
შამადელას უბანში 3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია უნდა შესრულებულიყო, პირვანდელი წინასაასფალტო რეაბილიტაცია სრულად მოხდა. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით კილომეტრნახევარი გზა მოასფალტდა და მუშაობაც შეწყდა. შამადელებს გზის საბოლოოდ რეაბილიტაციის იმედი არ აქვთ, ამბობენ, ეს, ეტყობა, მომავალი არჩევნების საარჩევნო პროგრამის ნაწილი იქნებაო. არადა, დაუსრულებელი ნაწილი, განსაკუთრებით უძნელებს გადაადგილებას შამადელას უბნის 8 მოსახლეს.
ამ ხალხს, უგზოობასთან ერთად, წყლის პრობლემაც აქვს და ხიდის პრობლემაც.წინასაარჩევნოდ იყო დაპირება, რომ შამადელას მოსახლეობას, რომელიც მთავარი გზის მოშორებით ცხოვრობენ, ე.ი. 8 მოსახლეს, რომელიც დღემდე წყლის გარეშეა დარჩენილი, წყალსაც შეუყვანდნენ და მდინარე სკაიის ავარიულ, საძირკველჩამოშლილ ხიდსაც შეუკეთებდნენ. შამადელების თქმით, ამ ხიდზე, დატვირთული მანქანის კი არა, მსუბუქი მანქანის გავლაც კი საშიში ხდება დღითი–დღე.

“ზუგდიდელების” ინფორმაციით, ნარაზენის მოსახლეობის პროტესტს, გზის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ზუგდიდის ახალი მერი გეგა შენგელია გამოეხმაურა, ადგილზე ჩასულა და მოსახლეობას შეჰპირებია სამუშაოების გაგრძელებას. მეორე დღეს, მართლაც მუშაობდნენ თურმე, მუშები, მაგრამ მესამე დღეს, ისევ შეუწყვეტიათ და მუშები, ტექნიკიანად, აბასთუმანში გადაუყვანიათ.

ამ თემასთან დაკავშირებით, საკუთარ ფეისიგვერდზე, საკრებულოს წევრმა, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი წითლიძემ, ვიდეოჩანაწერი და კომენტარი გამოაქვეყნა: „…ახლადარჩეული ზუგდიდის მერი გეგა შენგელია მოსახლეობას ეუბნება რომ გზის შეკეთების ფული არა აქვთ და რომ ტყეში გზა რად უნდათ და რა საჭიროა…“.

ჩვენ, თემის განმარტება ვთხოვეთ მერიის საინფორმაციო სამსახურს. მაგდალინა თოდუამ, “ზუგდიდელებს” დაახლოებით იგივე კომენტარი მოაწოდა, რომელიც საკრებულოს წევრის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას დაურთო:
“შამადელაში ტექნიკა არა ორი დღე, არამედ ის პერიოდი მუშაობდა, რაც სჭირდებოდა ამ გზის გაყვანას. გზის სამუშაოები ორ ეტაპად ხორციელდება. ამ ეტაპისთვის ნახევარი მილიონი ლარის სამუშაოები შესრულდა, დაიგო 1,6 კილომეტრი გზა. პირველი ეტაპის სამუშაოები დროულად დასრულდა და შესრულებულია ხარისხიანად, მეორე ეტაპის სამუშაოები კი გეგმის მიხედვით დაიწყება. აღნიშნული პროექტის ღირებულება ჯამში 1 260 000 ლარს შეადგენს.”
“…მერი იყო ადგილზე მისული და გაესაუბრა მოსახლეობას. შამადელაში როგორც გითხარით, დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები. არანაირად არ ჰქონია ადგილი სამუშაოების შეწყვეტას. როგორც კი დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები, მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა ტექნიკა აბასთუმანში, ვინაიდან, სამუშაოებს ერთი და იგივე კომპანია ახორცილელებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დასრულდება 2020 წელს.”
რაც შეეხება, თხოვნას, გამოეგზავნათ ჩვენთვის მერის ნარაზენელებთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, მაგდალინა თოდუამ მოგვწერა: “სამწუხაროდ, ჩანაწერი არ გვაქვს; ვიდეოზე არასწორი ინტერპრეტაცია იყო, მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია.”
“ზუგდიდელებთან” საუბარში შევნიშნეთ, რომ შამადელები უკვე შეეგეუენ სიტუაციას და ელოდებიან მომავალ 2020 წლის არჩევნებს, იმედით, რომ გზის რეაბილიტაცია მაშინ მაინც დასრულდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!