ყოველ ადამიანში მზეა


…და მზეა იმ ადამიანის სულშიც, რომელზეც უნდა მოგითხროთ. ქალბატონი ნუნუ ნარსია ჯუმის ბაღის გამგეა. უკვე წლებია ელოლიავება პატარებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილს. იმდენად უყვარს ბავშვები, შეუძლია სულ სხაპასხუპით, დაუფიქრებლად ჩამოგითვალოთ იმ ათეულობით აღსაზრდელის სახელი და გვარი, რომელიც მის ბაღში დაფრთიანებულა. წესად აქვს შორიდან თვალ-ყური ადევნოს თითოეული მათგანის ცხოვრებას, – როგორ სწავლობენ, სად მოღვაწეობენ, როგორი ოჯახი შექმნეს. ალბათ, ამიტომ იყო რომ ზუგდიდის სკოლამდელი აღზრდის ცენტრში საუკეთესო ბაღის გამგეებს შორის ქალბატონი ნუნუც დაასახელეს.
საოცრად გახსნილი და კომუნიკაბელური პიროვნებაა. სიცოცხლის სხივი უდგას თვალებში მუდამ, პატარებზე მზრუნველია, მუდამ ხალისიანია, არასოდეს წუწუნებს და ამიტომაცაა, რომ პაწიები მის კალთაში ნებივრობას ერთმანეთს ეცილებიან.
მერი ბუსკანძე, კოლხიდის ბაღის აღმზრდელი მასწავლებელი: “- ქალბატონი ნუნუს უშუალო ხელმძღვანელობით 1979 წელს გაიხსნა ჩვენი ბაღი. დიდი გულისხმიერებით და პასუხისმგბელობით ეკიდება მომავალი თაობის აღზრდის საქმეს. უმძიმეს წლებშ შეინარჩუნა ბაღი. ყოველთვის იმის ცდაშია, პატარებისთვის სიახლე დანერგოს, რომ ის, რაც დიდ ქალაქებში და დიდ ბაღებში აქვთ აღსაზრდელებს, არც ჯუმელ პატარებს მოაკლდეთ. გენახათ, როგორი პატივით გააცილა ქალბატონმა ნუნუმ წელს 12 აღსაზრდელი სკოლაში. ან რომ იცოდეთ, როგორ ელოდება საბავშვო ბაღში ახალი ნაკადის მიღებას.”
ჯუმის საბავშვო ბაღი სხვადასხვა აქტივობებში და ღონისძიებებში ღებულობს მონაწილეობას. მათ შორის გახლავთ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის პროექტი „გზა სკოლისაკენ“. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა დაიმსახურეს სიგელები, განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი გიგი როგავამ, რომელმაც საჩუქრად მიიღო პერსონალური სიგელი.
ადრეულ წლებში, ნუნუ ნარსია ახალსოფლის ბაღის გამგედ მუშაობდა. ჩემთან საუბარში იხსენებს მის აღსაზრდელებს- პაატა ღუბელაძეს, დათო, თემურ, ინგა, მანანა, თეონა, მარიკა ჯოჯუებს, ეკა, დათა, მედიკო ქადარიებს, მაკა და ჟანა დავითაიებს. ირაკლი ქოჩუას, რომელიც ახლა ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატია და ეხმარება ყველა საქმეში.
ქალბატონ ნუნუს ოჯახიც ლამაზი და სანიმუშო აქვს. მეუღლე ხუტა ჯაბუა ადრე გარდაიცვალა. ქალიშვილები: ნინო და ხათუნა დაქორწინებულები არიან და შვილები ჰყავთ. ორი  შვილთაშვილიც ჰყავს უკვე. ვაჟიშვილი სოსო ჯაბუა კი, ჯერჯერობით უცოლოა. თავად ქალბატონმა ნუნუმ პირველი კურსის სტუდენტმა შექმნა ოჯახი და ვაჟიშვილის დაქორწინებაც ეჩქარება.
ქალბატონი ნუნუ 7 სექტემბერს 69 წლის გახდება. ცხოვრება გრძელდება. კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი აქვს წინ, დაკავშირებული როგორც საყვარელ აღსაზრდელებთან, ასევე საყვარელ შვილებთან და შვილიშვილებთან.
დიდი ხნის სიცოცხლეს და ბედნიერებას ვუსურვებთ ამ სათნო ქალბატონს.
როზა როგავა

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!