უჩაშონელი ხანდაზმული, დათუშა ლუკავა, ახალგაზრდებს, ტრადიციების დაცვას ურჩევს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, უჩაშონას უბანში, ცხოვრობს 82 წლის დათუშა ლუკავა. ის სამი შვილის მამა, – ერთი ქალიშვილის და ორი ვაჟიშვილის და რვა შვილიშვილის ბაბუაა.

ბატონი დათუშა, უჩაშონას უბანში გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი სტუმართმოყვარე, ენაწყლიანი და გამჭრიახი გონების ადამიანი. ის თვალსაჩინო მეურნეა,-უვლის ოჯახში მსხვილფეხა საქონელს, ვენახს, ბოსტანს, ხეხილს,-მის ნაშრომს რომ შეხედავთ, თვალს უხარია.

ბატონ დათუშას უყვარს თავისი სოფელი და თანასოფლელები. ის თავის აწგანსვენებულ მეგობრებთან, თანასოფლელებთან, ბატონებთან: ვალიკო ჯალაღონიასთან და ნოდარ თოდუასთან ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა სოფლის სხვადასხვა უბანში თანასოფლელებისათვის და ამიტომ მათ ხუმრობითა და სიყვარულით, ახალსოფლელები, “ბრწყინვალე სამეულს” ეძახდნენ.

დათუშა ლუკავა: “-დამთავრებული მაქვს ზოოტექნიკური ტექნიკუმი. 1970 წელს დავიწყე ახალსოფლის ყოფილ კოლმეურნეობაში მუშაობა დურგლად. მერე, სოფელში, მშენებლობის დარგში, ბრიგადირი ვიყავი, მოგვიანებით, ავტო პარკში მანქანების შემკეთებელი, შემდეგ ზეინკალი. სოფელში მოსახლე არ არის, ჩემი ხელობა რომ არ დასჭირვებოდა და მეც მის გვერდით არ დავმდგარვიყავი”.

ბატონო დათუშა, როგორი მამა და ბაბუა ხართ?

 -ბავშვებთან ურთიერთობაში ვარ ძალიან მშვიდი. ქალიშვილისგან მყავს ორი შვილიშვილი: მაცაცო და გიორგი. ერთი ვაჟიშვილისგან მყავს სამი შვილიშვილი: ნატა, ნიაკო და ნუცა, მეორესგან სამი: მარიამი, ანასტასია და დავითი. მათთან ერთად ყოფნა მიხალისებს ცხოვრებას.

-რა რჩევას მისცემდით ახალ თაობას?

-ძველი დროის ახალგაზრდებსა და ახლანდელ ახალგაზრდებს შორის დიდი სხვაობაა. ჩვენ ყველაფრის რიდი გვქონდა. სიგარეტსაც არ მოვწევდით უფროსების წინაშე. უკეთესობისკენ სწრაფვას და ქართული ტრადიციების შენარჩუნებას ვუსურვებ მათ.

-მოსახლეობის აქტიურ მიგრაციაზე რას იტყვით…

-ცუდია სხვა ქვეყნებში რომ მიდიან, ყოველი მეორე ოჯახი დაცარიელებულია. ახალგაზრდები ტოვებენ სამშობლოს. ეს ჩვენს დროს არ იყო ასე.

-როგორ ყურადღებას გაქცევთ სოფლის ხელმძღვანელობა?

 -ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო ჩემი უბნის გამგებლისგან, ბატონ ბეჟან ჭურღულიასგან.

-ბატონო დათუშა, ასაკი ხომ არ გაშინებთ? ბევრს არ სჯერა თქვენი ასაკის, ისე კარგად გამოიყურებით…

-კი, მართალია, ყველა ამას მეუბნება და მეც სულ არ ვგრძნობ ბებერ მამაკაცად თავს, მშვენივრად ვარ შვილების და რძლების წყალობით (იცინის). როგორც შემიძლია სახლში ვმუშაობ, ვეხმარები შვილებს ყველაფრით. თავადაც შრომობენ, რა თქმა უნდა – მამუკა და მანუჩარი თხილის ბიზნესით არიან დაკავებული…

-როგორც ოჯახის უფროსს, ოჯახის წევრები, გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რჩევებს რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?

-ჩვენ ყველა საოჯახო, მნიშვნელოვან საკითხს ერთად განვიხილავთ, ერთმანეთთან ვათანხმებთ და ვღებულობთ გადაწყვეტილებას.

-როგორ ფიქრობთ, ადამიანს შეუძლია, მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

-ჩემი მეუღლე იყო ქალბატონი ნატო (კლარა) ჩარგაზია, რომელიც გარდაიცვალა ტრაგიკულად 2008 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევით, აგვისტოს თვეში, ომის პერიოდში. ეს ოჯახში დიდი ტრავმა იყო. ბედნიერი ვიყავი მასთან ერთად, ის ჩემი მეგობარიც იყო და მესაიდუმლეც.

როგორც ასაკოვან პიროვნებას, რისი შიში გაქვთ?

-სიკვდილის შიში.

-არის ისეთი რამ, რაც დღემდე ვერ მოასწარით?

-რა ვიცი… უფრო სხვანაირი სახლი მინდოდა ამეშენებია შვილებისთვის.

-ყველაზე მეტად ვის ემადლიერებით?

-უფალს ვემადლიერები, ჯანმრთელად რომ ვარ.

-ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?

-მიყვარს სამართლიანი და უბოროტო ხალხი. მასთან ერთად სტუმართმოყვარე ადამიანები.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-მშვიდობას.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!