“სულისთვის სრბოლა”- ნანა ეხვაიას პოეტური კრებული


  • გამოიცა ზუგდიდელი პოეტის ნანა ეხვაიას ლექსები კრებული “სულისთვის სრბოლა”. გთავაზობთ კრებულის ძალიან საიტერესო განხილვას, რომელსაც სიამოვნებით წაიკითხავენ ალბათ ნანა ეხვაიას პოეზიის თაყვანისმცემლები.

შუცნობელია ადამიანის სული, მუდმივად ცვალებადი, ხანაც შინაგანი ხმის მოყურადე, თავისავე წიაღში მიქცეული, ხანაც ზენაარისკენ, გარე სამყაროსკენ მიდრეკილი. რამდენადაც შეიძლება ადამიანის ფიზიკური, გარეგნული ცხოვრების გაკონტროლება, იმდენად ძნელია სულის ხვეულების, მისი ზიგზაგების, შარაგზების ამოცნობა, წვდომა. ჩვენმა სეკულარულმა დრომ თითქოს მოაჩლუნგა ადამიანის სულიერი ცხოვრება, სხვა აქცენტები მონიშნა, სხვა პრიორიტეტები. მაგრამ ამასთანავე არასდროს ამდენი პოეტი არ ჰყოლია ჩვენს ლიტერატურას, რამდენიც ახლა. არასოდეს ამდენი ლექსი არ დაწერილა, რამდენიც დღეს! ალბათ, იმიტომ, რომ პოეზია უზუსტესად გამოხატავს სწორედ იმ შეუცნობელს, მიუწვდომელს, მოუხელთებელს, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იარსებებს. როგორც არ უნდა უგულვებელვყოთ, წავუყრუოთ, ვერასოდეს მოვწყდებით საბოლოოდ ჩვენსავე არსსა და წიაღს! საკრალურის სივრცეში დაბრუნება, საკუთარი არსისა და რაობის წვდომა გახდა პოეზიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, ამიტომ წერს ამგვარ ცხოვრებას მოწყურებული ადამიანი დღეს!

“ისეთი ბრძოლა წამოვიწყე
რომ ვერ გაუგო ბევრმა
თავი და ბოლო
და ამ ჭიდილის სახელია
სულისთვის სრბოლა”.
ნანა ეხვაიას სინტაგმა „სულისთვის სრბოლა“ სწორედ ამ მიჩქმალულისა და მივიწყებულის, სულის წინ წამოწევას, უფრო მეტიც, მისთვის „სრბოლას“, თავგანწირვას გულისხმობს. ამგვარი მიზანსწრაფვა კი, დღეს ბევრისთვის უცხო და გაუგებარია. უჩინარი სულისთვის თავგანწირული ძალისხმევა, მართლაც, ვერ მოიპოვებს უმრავლესობის კეთილგანწყობას. თუმცა ცალსახაა ისიც, რომ პოეტური ღირებულებები და აზრები არასოდეს ყოფილა შექმნილი არც უმრავლესობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და არც მრავალთა მოსახიბლად. სულაც, პირიქითაა, პოეზია ყოველთვის პერსონალური, ინდივიდუალური, გამორჩეული, ხშირად ერთადერთი სამყაროს ანარეკლი, მისი იმაგინაციური გამოხატულება იყო.
“თითქოს აფრენას
ლამობდა სული
და მთხოვდა სრბოლას
დ ა უ ს რ უ ლ ე ბ ე ლ ს.”
„სრბოლა“ და „სული“ სხვა ლექსშიც ამგვარად დაწყვილდება და მკითხველისთვის სრულიად აშკარაა, რომ ნანა ეხვაისთვის ამგვარი პოეტური ინტენცია სრულიად ბუნებრივი და ახლობელია. და კიდევ მუდმივი პოეტური მისამართი, რომელიც არც ერთ დროსა და სივრცეში, არც ერთ ზედროულობასა და ტოპოსში არ იცვლება: „მომწერეთ მისამართზე-ცასა და მიწას შორის“… აქ დაწყებული „სულისთვის სრბოლა,“ ცასა და მიწას შორის გამოკიდება სინანულსაც გულისხმობს იმთავითვე და საჯარო, სახალხო მონანიებაზე უფრო მძაფრი განცდა არც პოეტისთვის არსებობს და არც მკითხველისთვის:
“მეტაფორების ჩიხტიკოპს
თუ ჩამომაშორებთ,
ხელში შეგრჩებით
დედაკაცი ცოდვილ-ვნებული.”
„მეტაფორების ჩიხტიკოპი“ სულაც არ არის ურიგო სახე, მაგრამ კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ პოეტები თავიანთ მხატვრულ სამყაროს არასწორად აფასებენ, ნანა ეხვაის ლექსების უმთავრესი ნიშანი, რა თქმა უნდა, მეტაფორულობაა, მაგრამ, სულაც არ არის ეს პოეტური სახე ბუნდოვანი, დაფარული, შეფარული. პირიქით, ამ კრებულში შემავალი ლექსები სისადავის გარდა, სწორედ აზრის სინათლითა და გამჭვირვალობით გამოირჩევა. ნანა ეხვაია ჩვენთვის ნაცნობ, ახლობელ თემებზე წერს, ყოველგვარი ენიგმების გარეშე! ამიტომაც რამდენიმე მინიშნება ლია სტურუაზე, ჩემი აზრით, ორიენტირებისა და პოეტური გემოვნების ხაზგასმაზე მეტად, მისით აღფრთვოვანებას გულისხმობს მხოლოდ. ეს უფრო „შორიდან“, პოეტის „წარმოდგენაში“ არსებული „ტრფიალის“ გამოხატვაა.
„ყოფიერების ზეიმი“ არასოდეს, არც ერთ ეპოქაში არ იყო პოეტების ხვედრი, არც ნანა ეხვაიას რგებია იგი, ამიტომაც ამბობს, ამ კრებულისთვის დამახასიათებელ, ერთ უსათაურო და ციცქნა ლექსში:
“და ვეღარ ათბობ
მათხოვრის მზერას,
პურს რომ გთხოვს, მაგრამ
გროშს რომ ვერ უწვდი.”
ორეულების, ადამიანის შინაგანი არაერთგვაროვნების, გამუდმებული ჭიდილის თემაც არახალია ლიტერატურისთვის, განსაკუთრებით მეოცე-ოცდამეერთე საუკუნის მხატვრულ ტექსტებში. კონსტანტინე გამსახურდიას ადრეული მოთხრობა „ტაბუც“ გამოდგება ამის საილუსტრაციოდ, რომელიც დიდი ეპიკური ტილოს მსგავსი ექსპოზიცია-შესავლით გამოირჩევა: „მარცხნივ ჭალებისკენ მიმავალ თემშარას მივყევით, მე _ ჩოხიანი და მე _ მონოკლიანი, აგუნასავით მოაბოტებდა ჩემ გვერდით. სულგანაბული მივსდევდი ლანდს“. ნაწარმოების პერსონაჟი, ერთდროულად ტრადიციული ჩოხითა და ევროპული ბინოკლით, ორი ერთის ნაცვლად, აქამდე გაუგონარი, მოულოდნელი ამბისთვის განგაწყობს. არაფერს ვამბობთ დანიელ კიზის „ბილი მალიგანის მრავალ გონებაზე“, დოსტოევსკის „ორეულზე“, მარგარეტ ეტვუდის „ის გრეისიცაა,“ რემარკის „შავი ობელისკზე“, ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბზე“… ბევრი მათგანი თავისი დროის საკულტო რომანია. პოეზიაში ავტორისეული გაორებები, პროზისაგან განსხვავებით, ნაკლებად არის შემოქმედებითი ინსტრუმენტი. ის უფრო სულიერი დაშლილობის, არაერთგვაროვნების, რეალურისა და ირეალურის, ნამდვილისა და გამოგონილის აღრევის გამოხატულებაა.
“საკონტროლო გასროლა
გასროლილია წუთისოფლისგან,
მიწაზე შენი ორეული
დ ა ი ა რ ე ბ ა
და ი ა რ ე ბ ა დ
კინძავს შენს რთულ,
მაგრამ საიდუმლო
ბიოგრაფიას.”
არავის აქვს ამ კონკრეტულ ქრონოტოპოსში მარტივი და უსაიდუმლო ბიოგრაფია, პოეტის ზეციური და მიწიერი „მე“, ორი საწყისი ამთლიანებს ცხოვრებასაც და ნანა ეხვაიას პირად გზასაც, მის ბილიკსა და გასავლელს, რომელსაც ვერავინ გაივლის უტკივილოდ, იოლად და დაბრკოლებების გარეშე.
ზეცისა და მიწის მუდმივი ჭიდილი, ერთგვარი დაპირისპირებაც ორგანულია პოეტისათვის. ოღონდ არ იცის, რომელია უფრო ნამდვილი, უფრო რეალური -„სიზმრეთი“ თუ „კატაპულტივით“ გადმოვარდნა, ანუ ამქვეყნიური გაღვიძება? კაცი, რომელსაც ესიზმრება რომ პეპელაა, ხომ არ არის პეპელა, რომელსაც ესიზმრება, რომ ადამიანია?! მოდერნულ-პოსტმოდერნული ეპოქის ეს კითხვები ისევე აწუხებს ნანა ეხვაიას, როგორც პოეტთა უმრავლესობას!
“თავისი წილი
მიაქვს მიწას,
მიაქვს ზეცასაც;
ბედნიერია,
ვინაც შეიცნო
ამ იდუმალი
გაცვლა-გამოცვლის
ნამდვილი აზრი.”
გურამიშვილისაგან განსხვავებით, რომელმაც ზუსტად იცოდა პასუხები მარადიულ კითხვებზე, რომლის პოეტური ონტოლოგიაც გადაჯაჭვული იყო ქრისტიანულ მსოფლაღქმასთან, თანამედროვე პოეტს უჭირს „იდუმალი გაცვლა-გამოცვლის“, აღებ-მიცემობის ნამდვილი არსი გაიგოს! თუმცა ამ ლექსებში არის ღრმა სულიერება და იმგვარი კითხვები, რომლებიც მუდამ აწუხებს ჭეშმარიტ აღმსარებელს, მაგალითად: „სად გადის ზღვარი მსჯელობასა და განკითხვას შორის?!“
განსაკუთრებით ციკლი „ჟამი არს უკვე“ გამოირჩევა სულისმიერი ლექსებით. უფალი როგორც თანამედროვე ადამიანის ტალკვესი, სასოება და ერთადერთი იმედი, ნანა ეხვაის პოეზიას ჩვენი წინაპრების სულიერებას უბრუნებს! ჰიმნოგრაფის რწმენით არის შექმნილი ამ ციკლის ლექსები. ნანა ეხვაია ზუსტად ჭვრეტს ადამიანური განწმენდის გზას და ამქვეყნიურ ცხოვრებას უყურებს, როგორც ბილიკს მარადიული შარაგზისაკენ. თუ ლექსით ადამიანის, მისი სულის ანაგრამის ამოცნობა, წაკითხვა შეიძლება და ეს ასეა, ნანა ეხვაია ნამდვილი მართლადიდებელია, რომელმაც წიგნის პირველ ნაწილში დასმულ მარადიულ კითხვებზე თავად გასცა პასუხი და სრულიად ცალსახად იცის, რომ ღმერთი გამუდმებით, ყოველწამიერად მასთან არის, არასოდეს ტოვებს და მისი „სულის ხეიბრობასაც“ განკურნავს. ამქვეყნიური ცხოვრებით დაღლილ პოეტს სასუფეველი და სულის სიმშვიდე მონატრებია. წმინდა მამების მსგავსად, გზნებს პოეტის სული, რომ უფლის მარადიული სანახები, მის ახლოს ყოფნა, მისი სიყვარული მოსწყურებია! ვერ ვიტვით, რომ კრებულის პირველი ციკლი „მეორე სუნთქვა“ რადიკალურად განსხვავდება ამ ციკლისაგან, მაგრამ პირველში მაინც იგრძნობა თანამედროვე ადამიანის სულიერი მარგინალობა, მიუსაფრობა, დაეჭვება, რაც მეორეში უფლის კარავში დავანებით, სასუფევლის მარადიული ძიებით სრულდება. ეს ციკლები ავსებს ერთმანეთსაც და ნანა ეხვაიას პოეტურ პორტრეტსაც მეტ შტრიხსა და გამომსახველობას სძენს!
ნანა ეხვაიას პოეტური რეფლექსია-რეცეფცია თავისებურ იუმორსაც, პოეტურ ირონიასაც შეიცავს მგრძნობიარეს, დახვეწილს:
“გონივრული ეჭვი
და უგონო ნება
ხლართავს ვნებას.”
ან:
“იმდენჯერ მიღალატეს, რომ
თავი სამშობლო მგონია.”
სალექსი ფორმის თვალსაზრისით ამ კრებულში თითქმის არაფერია განსაკუთრებული: მოკლე, უსათაურო ლექსები, თუ მიძღვნებს არ ჩავთვლით, რომელთა ნაწილშიც ნანა ეხვაია ე.წ. აკროსტიხს იყენებს, რვამარცვლედი, ზოგჯერ არაკანონიკური სტროფი, სადაც რითმათა კონფიგიურაცია ხან არის, ხან არა, კონვერსიას არაკონვერსიული ლექსი ენაცვლება, ტაეპები ხან იკვეცება, ხან ფართოვდება, ინტონაციური აქცენტებიც, რიტმული ელემენტებიც არამყარია, რადგან პოეტისთვის უმთავრესი სათქმელია.
ზემოთაც აღვნიშნეთ, ლექსის ამოსავალი მეტაფორაა, საუკეთესო სტრიქონებში სწორედ ის გვხიბლავს: „სულს მოსწყურდა სიმშვიდე და მზის სხივების ჰამაკში წევს;“ „თითქოს აღვირი ამოსდესო, გარინდებულან ირგვლივ ხეები“; „გაზაფხულდაო კივის აფეთქებული ყვავილი კივის;“ „ისეთი შოლტი მოიქნია ზამთარმა, რომ გაზაფხული გამოვტოვეთ წაუკითხავი გაკვეთილივით“…
“რისი თქმაც მსურდა,
ლექსებად ვთქვი.”
ეს სტრიქონები გამოდგება ნანა ეხვაიას პოეტური კრებულის ეპიგრაფად: პოეზია როგორც თვითგამოხატვის, თვითჩხრეკის, სულიერი პორტრეტის ძერწვის, როგორც სამყაროსა და სხვა ადამიანებთან დამოკიდებულების ანარეკლი.
„პოეზია ჩემთვის ფაქიზი სიტყვებით მეტყველებაა“, ამბობს ერთგან, თავად ფაქიზად მეტყველი. ნანა ეხვაისთვის ლექსი უპირველესად ესთეტიკური კატეგორიაა, რომელმაც შესაძლოა მატერიალური კეთილდღეობა არ მოუტანოს, ყოფის ზეიმი არ მოუწყოს, მაგრამ სულისთვის აუცილებელია და სანამ მარადიულ სავანეში არ დამკვიდრდება, უფლის სიყვარულის, ცოდვა-ბრალის, ტკივილ-სიხარულის გამოსახატად უებარი და უნივერსალური საშუალებაა.
“მელანქოლიამ შემიპყრო-
სანამ მომერევა,
ფიქრებთან უნდა
დავდო ზავი.”
ნანა ეხვაიას პოეტური კრებული მისი ავტორის ხმამაღალი ფიქრებია, რომლის გაზიარებაც მკითხველებისთვის პოეტის სულის ხვეულებში, ზიგზაგებში წვდომის, ლირიკული გმირის გამოცდილების, რწმენისა და მარადიული ღირებულებების ამოკითხვის, გააზრების, მასთან ერთად რეფლექსია-რეცეფციის კიდევ ერთი საშუალებაა…
მარინე ტურავა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!