საჭიროა თუ არა საჯარიმო სანქციები სისუფთავის დასაცავად?


რამდენად სუფთა და მოწესრიგებულია ზუგდიდის ქუჩები, როგორ უფრთხილდებიან დასუფთავებულ ტერიტორიებს ზუგდიდელები და საჭიროა თუ არა საჯარიმო სანქციების დაწესება სისუფთავის დასაცავად, „ზუგდიდელებთან’’ საუბრობენ მოქალაქეები.

ვალტერ გაგუა, 66 წლის, კეთილმოწყობის სამსახურის ბრიგადირი: „სისუფთავის მხრივ ზუგდიდის ქუჩებში იდეალური მდგომარეობაა, ზუგდიდასუთავების სამსახური მაქსიმუმს აკეთებს, იმისათვის, რომ ზუგდიდის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს. მინდა, ერთი რამ აღვნიშნო, მოქალაქეები დასუფთავებულ ტერიტორიებს უნდა გაუფრთხილდნენ. დააფასონ იმ ადამიანების შრომა, რომლებიც დილაადრიან, ცოცხით ხელში ნაგავს ეზიდებიან. რაც შეეხება, ჯარიმებს, მივესალმები. ვთვლი, რომ საჭიროა მათი დაწესება. ბულვარის ტერიტორია ყოველდღე სუფთავდება, მაგრამ ხომ ხედავთ, ახლა რა მდგომარეობაშია, ცხვირწინ ყრიან სიგარეტის ნამწვავებს წყალსაწრეტ არხებში, როცა ხალხს ეცოდინება ამაზე ჯარიმებია დაწესებული, მოერიდებათ და აღარ გაიმეორებენ’’.

მარიამ ლაგვილავა, 18 წლის, ფარმაცევტი: „მე ქალაქის ტერიტორიაზე ვცხოვრობ და ყოველდღე ვხედავ, როგორ მუშაობს „ზუგდიდასუფთავების სამხაური’’. ძალიან მწყდება გული, როცა დასუფთავებულ ტერიტორიებს, მოსახლეობა არასათანადოდ უფრთხილდება. მინახავს, რომ ჩემს თანატოლებს ქუჩაში ნაგავი დაუყრიათ, როცა ნაგვის ურნა ყოველ ნაბიჯზეა განთავსებული. შენიშვნაც მიმიცია. მე მიყვარს ჩემი ქალაქი და არ მინდა, სტუმრების თვალში მოუწესრიგებელად, მოუვლელად გამოჩნდეს. გარდა ქალაქის ესთეტიურობისა, მოუწესრიგებელი გარემო საზიანოა ჯანმრთელობისთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია, ვიზრუნოთ მის კეთილდღეობაზე.’’

ნატალი დარასელია, 18 წლის, სტუდენტი: „დასუფთავების მხრივ, ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები მოწესრიგებულ მდგომარეობაშია. მარტო „დასუფთავების სამსახურის’’ მუშაობა არ კმარა, იმისათვის, რომ ქალაქში იდეალური მდგომარეობა იყოს, საჭიროა მათთან ერთად, მოსახლეობამაც მიიღოს მონაწილეობა, გაუფრთხილდნენ დასუფთავებულ ტერიტორიებს, ნუ დაანაგვიანებენ გარემოს, როცა ნაგვის კონტეინერები და ურნები ქალაქის ყოველ ნაბიჯზეა განთავსებული. მინდა, ერთი რამ აღვნიშნო, მეტი ყურადღებაა საჭირო იმ ადგილებზე სადაც, გარემოვაჭრეები მუშაობენ. აუცილებლად მიმაჩნია, საჯარიმო სანქციების დაწესება. ჩვენ ხომ არაფრის რიდი არ გვაქვს. როცა მოსახლეობას ეცოდინება, ნაგვის დაყრა ისჯება კანონით, მაშინ მეტი პასუხისმგებლობით, მოეკიდებიან ამ საკითხს’’.

კესო კუკავა, 18 წლის, სტუდენტი: „ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენი ქალაქი, საცხოვრებელი ადგილი არ უნდა დავანაგვიანოთ, მივხედოთ და ვიზრუნოთ მასზე. კარგია საჯარიმო სანქციების დაწესება, მაგრამ მარტო ჯარიმები ვერაფერს ვერ გვიშველის, თუ მოქალაქეების თვითშეგნების დონე არ ამაღლდება. რასაც ჩვენ ვანაგვიანებთ, ყველაფერი უკან გვიბრუნდება და ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს. ხომ შეიძლება, ვიცხოვროთ სუფთა და ჯანსაღ გარემოში. ვფიქრობ, მხოლოდ ერთეულების მუშაობით, ქალაქი ვერ გახდება მოწესრიგებული,ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებასაც, მაგრამ ისინი ამ საქმეს გულგრილად ეკიდებიან, რაც აისახება ზუგდიდის ქუჩებზე. “ზუგდიდასუფთავების სამსახურს’’,მუშაობას, საზოგადოებამაც უნდა შეუწყოს ხელი’’.

ზოია რაფავა, 62 წლის, დიასახლისი, „მე სოფელ ბაშში ვცხოვრობ, ჩვენთან „ზუგდიდდასუფთავების’’ მანქანა კვირაში ერთხელ მოდის და დროულად გააქვს ნაგავი. ცენტრის მომსახურეობით კმაყოფილი ვართ. მოსახლეობა რამდენჯერ გააფრთხილეს, რომ დასუფთავებულ ტერიტორიებს გაუფრთხილდნენ. სისუფთავის დასაცავად, ყველა ღონისძიების გატარება მისაღებია. საჯარიმო სანქციები თუ დაწესდება, მივესალმები. არ ვიცი, ვის კომპეტენციაში შედის, მაგრამ ქალაქის ქუჩებში ბევრი მაწანწალა ძაღლია, რომლებსაც ყურადღება და პატრონობა სჭირდება’’.

მედეა რაფავა, 30 წლის, პედაგოგი. „მე განმუხურში ვცხოვრობ. ჩვენთან ნაგავის მანქანა ყოველ მეორე დღეს მოდის, და დროულად გააქვთ ნაგავი. ქალაქის ცენტრში დასუფთავების მხრივ, კარგი მდგომარეობაა. მთავარია, მოსახლეობამ, დასუფთავებულ ტერიტორიებზე იზრუნოს და ჩვენც შევიტანოთ მის გალამაზებაში წვლილი. მომავალ თაობებს მაგალითი მივცეთ, ბავშვებს, პატარაობიდანვე, უნდა ვასწავლოთ და მივუთითოთ, რომ ნაგავი ჩაყარონ ნაგვის ურნაში და არა მის გარეთ. მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს, ყველაფერი გამოსწორებადია, მაგრამ ამ საქმეში მეტი სიყვარული და პატივისცემაა საჭირო. თუ ჩვენ, ერთმანეთის შრომას პატივს არ ვცემთ, მაშინ ვერც საჯარიმო სანქციებიც ვერ გვიშველის. თუმცა, ვფიქრობ, მაინც საჭიროა მათი დაწესება, მიხვდებიან, რომ ქუჩაში ნაგავის დაყრას ცუდი შედეგები მოჰყვება.’’

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!