როგორ იწერებოდა პირველი მეგრულენოვანი რომანი “ბჟამორინელი”


  • მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ფაზისის აკადემიის წევრი, ლიტერატურაში საქართველოს და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, ზუგდიდის მუზეუმების ხელმძღვანელი გია ჯიჭონაია პირველი მეგრული რომანის “ბჟამორინელის” ავტორია. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ წიგნზე სამი წელი მუშაობდა და წერის პროცესი მისთვის უდიდესი სიამოვნება იყო.

გია ჯიჭონაია: -“ბჟამორინელზე” სამი წელი ვიმუშავე, თუმცა, პარალელურად, სხვა წიგნებზეც ვმუშაობდი… ასე გამოვიდა, რომ მთელი ცხოვრება ლიტერატურას შევწირე. სადღაც ათი-თერთმეტი წლიდან ლექსებს ვწერ. ეს ბედნიერება, თუ შეიძლება ასე ითქვას, უძილო თეთრ ღამეებზე (ავტორი იცინის), გენით მერგო. მამას აქვს რამდენიმე ლექსი და ხელოვნებას ეტრფოდა. ბიძაჩემი ტატაჩი, მეორე მსოფლიო ომის დროს, თურმე, სანგარში წერდა ლექსებს. ის, ომის ჭრილობებისგან, 24 წლისა დაიღუპა. სამწუხაროა, რომ მისი არც ერთი ლექსი არ დარჩა და დღემდე ვეძებთ მის რვეულებს, რომელიც მის თანამებრძოლ, გვარად სტურუას ჰქონია შენახული. ახლახანაც დავწერე ამის შესახებ. ან იქნებ, თქვენი ვებ გვერდის მეშვეობით შეიტყონ მისმა შთამომავლებმა და მზის შუქი იხილონ რვა ათეული წლის შემდეგ ლექსად აკინძულმა, სანგარში მჯდომი, სიკვდილთან მოთამაშე ჭაბუკის ფიქრებმა… საოცარია, შეუცნობელი არს გზანი უფლისანი. ჩვენ არ ვიცით, უფალი როდის, რას გაგვიმხელს და რომელ გზას გაგვიყენებს.

-ბატონო გია, რამ შთაგაგონათ პირველი მეგრული რომანის შექმნა?

-გულღიად გეტყვით, ამ წიგნის წერის პროცესი ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო, რადგანაც ვეცნობოდი სიტყვებს, მითთაჟამინდელ სიტყვებს, რომელიც თითქოს სადღაც გაგონილი მქონდა და ჩემს სულის სიღრმეში იდო… და ასე გავაცოცხლე ეს სიტყვები. აქ გახლავთ კოლხეთის ისტორია, ადამიანის წარმოშობიდან დღემდე.

რამდენიმე წლის წინათ, აზრად მომივიდა შემექმნა ლექსის ახალი ფორმა და რატომ? იმის გამო რომ, ადრე კონვენციური ლექსიდან, ერთი პერიოდი, გადავედი სონეტზე და სონეტების რამდენიმე წიგნი გამოვეცი. შემდეგ ვიფიქრე, შემემოკლებინა ეს ფორმა, რომ უფრო სხარტად გადმომეცა სათქმელი და რობაიზე გადავედი. სადღაც 500 რობაის გავცდი, მაგრამ აქაც ვერ ვიგრძენი თავი კომფორტულად, რადგანაც მოკლე მეჩვენა რობაი და გადავწყვიტე, მქონოდა ჩემი, ანუ ქართული, რადგანაც არც სონეტი და არც რობაი არაა ქართული და გადავწყვიტე სხვა ფორმით გადმომეცა სათქმელი, რომელსაც “კოლხური კირბი” დავარქვი. კირბი-ესაა კირიბი, რომელსაც ახსენებენ ანტიკური ავტორები, რომ კოლხებს გააჩნდათ კირბები. კირიბი გახლავთ კრავი, მის ტყავზე წერდნენ მეგრელები, ამიტომ კირიბებ, კირბებს წიგნებს ეძახდნენ. აპ. როდოსელი წერს, რომ კირბებზე მოცემული იყო ყველა ქვეყნის გზა და საზღვარი, ანუ, ამ კირბებში იყო მსოფლიო კარტოგრაფიის საწყისი. სხვაგან წერენ, რომ კირბები კოლხებში ერქვა კანონებს, რომლებიც სვეტებზე ეწერა. მოკლედ, მე, კოლხთა, რომელთა პირდაპირი შთამომავლები მეგრელები არიან, წინაპრების კულტურის პატივსაცემად, დავარქვი მათ კირბები (ეს ახლახანაც დაადასტურა ოქსფორდის კვლევამ, რომ მეგრელები ქვის ხანაშიც კი აქ მოსახლეობდნენ). პირველად, მეგრულ ენაზე დავწერე ეს კირბები, რომელიც შემდეგ მრავალ ენაზე ითარგმნა. უკრაინულ თარგმანს კიევში საერთაშორისო პრემია მიენიჭა. ითარგმნა როგორც ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, რუსულად, ჩერქეზულად და ა. შ. კირბების წიგნი დევს “ამაზონზე” და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება მისი გამოწერა.

როგორ ფიქრობთ, თქვენი შემოქმედების მწვერვალია “ბჟამორინელი”?

-პირველი მეგრული რომანი? არის თუ არა მეგრულენოვანი რომანი ჩემი ცხოვრების წიგნი?- ალბათ კი.

-რომანს ტრილოგიის პირველი ტომი აწერია.

-დიახ, ტრილოგია “იბერიის თეთრი ღამეები” (“იბერიაში ჩე სერეფი”). პირველი ნაწილი 700-მდე გვერდი გამოვიდა. მეორე ტომიც გამზადებული მაქვს. ოღონდ სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერ-ჯერობით, არც ერთი გამომცემლობა არაა მისი გამოცემით დაინტერესებული და არც ისინი, თავიანთი “მეგრელობით” რომ ტრაბახობენ. მე კი ჩემი გავაკეთე და საჩუქარი ვუძღვენი ჩემს ხალხს. უცნაურია, თუმცა ერთი მხრივ საინტერესოც, რომ პირველი მეგრული რომანი ლაზი მეგობრების მიერ, თურქეთის დედაქალაქში გამოიცა.

-რომანში ერთი ამბობს, მგონი ძიკა, რომ ადამიანი ცხოველია, მხეცის უმაღლესი და უცბიერესი სახეობა, ეთანხმებით?

-არ შემიძლია ბატონ ძიკას არ დავეთანხმო, რადგანაც ადამიანი ხშირად ისეთ რამეს კადრულობს, რომელსაც მხეცი არასოდეს არ გააკეთებს.

-საინტერესოა. რომანის პერსონაჟები საკმაოდ ემოციურები არიან. საიდან მათ ეს ემოცია, ან თუნდაც ამბიცია?

-დიახ, პერსონაჟთა უმრავლესობა ლექსს წერს. ჩვენში ხომ ყოველი მეორე ლექსს წერს და მღერის, მით უმეტეს თუ შეყვარებულია, რადგანაც კოლხურ გენში არტისტიზმი მძლავრობს და ამიტომაც ემოცია რომანში საკმაოდ გავეცი. ამბიცია?- ეს ისტორიული რომანია და რატომაც არა, როდესაც პერსონაჟებს ჰეროდოტე, სტრაბონი, ჰესიოდე და ისტორიის მამების ცნობები კოლხეთზე ზურგს უმაგრებს. რომ თეატრი იტალიაში მოსულ ინდოევროპელებს დახვდათ, როცა მოვიდნენ. ასევე ღვინის კულტურა. პურის კულტურა. ღომის პარალელურად აქ ხორბალი ოდითგან ითესებოდა. და ა. შ. რომანში ჯოგოს აქვს საკვირაო სკოლა (“ბჟაშ დღაშ ოგურაფუ”) და კოლხეთის ისტორიას უყვება მოწაფეებს. უყვება, რომ ეთიოპიაში ნაპოვნი პირველი ადამიანის ძვლების შემდეგ, დმანისში ნაპოვნი პირველი ევროპელები (ზეზვა და მზია) გახლავთ პირველი ევრაზიელები. აქ კი, უბრალოდ, კოლხურმა ნესტმა ვერ შემოინახა ძვლები. სანაცვლოდ ენამ, მეგრულმა ენამ შემოინახა. ეს გახლდათ ნეანდერტალელი ადამიანი, რომელიც ლაპარაკს იწყებს, ანუ ენას იდგამს. ამისი დამადასტურებელია ერთასოიანი სიტყვები, რომელიც სხვაგან არ გვხვდება. მაგ: გ-ჰგავს, ზ-მოზელვა, ბ-ჩამოკიდებული, დაბმული. ძ- დევს და ა.შ. მეგრული ენა, ლაზურ და სვანურ ენებთან ერთად, გახლავთ არა მარტო საქართველოს, არამედ, მსოფლიოს უნიკალური განძი. და ყოველნაირად უნდა ვეცადოთ მის გადარჩენას.

-გყავთ თუ არა პერსონაჟი, რომელიც გასაკუთრებულად გიყვართ?

-ჩემი პერსონაჟებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათაც ტკივათ, მათაც შიათ, მათაც აქვთ მძაფრი გრძნობების და განცდების ველური ჟინი და თავიანთი სულის ჯადოსნურ ბაღში სეირნობისას მათაც უწევთ ფიქრი. ბუნებრივია, ავტორი ყველა პერსონაჟს სათუთად ეპყრობა. არ შეიძლება ერთი გძულდეს და მეორე კი პირიქით, როცა ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, თან როცა ცდილობ ყველა სახე ცხოვრებისეული ძაფით არის მოქსოვილი, რადგანაც რეალურზე უფრო ძლიერს ვერავითარი ხელოვნურობით ვერ აღწერ, რეალურზე, რომელიც ხშირად საკმაოდ მკაცრი, დაუფარავი და შიშველია. აქ კი, წიგნში, ზოგი უბრალო გლეხია, ზოგი ჯიბგირი, ზოგი პროფესორი და ა. შ. როგორც გითხრათ, მე ალბათ პედაგოგის, წიგნის მთავარ გმირის ჯოგო შელეგიას ამბავს განვიცდიდი ყველაზე მეტად და კინაღამ ცრემლები წამსკდა, როცა მისი სიკვდილის სცენას ვწერდი, ანუ როცა ის კვდება და მისი მისი სული კოლხ კორიბანტებს მიჰყავთ. წიგნიც კოლხი კორიბანტების ცეკვით იწყება, ანუ ჯოგო მაგურაფალი თავის მოწაფეებს კორიბანტების ცეკვას ასწავლის, 7 ათასი წლის წინანდელ ცეკვას და გარეკანზეც მათი ცეკვა ახატია. ამ ცეკვას დღეს ფარიკაობას ეძახიან და ახლაც მსოფლიოს ანცვიფრებს. და ვინ იყვნენ კორიბანტები?- კორიბანტები, კირბანტები, იყვნენ კირბების პირველშემქმნელნი, მეგრულად ნანა ღმერთის მსახურები. ნანა დედას ნიშნავს ძველმეგრულად და ლაზებიც ახლაც ნანათი უხმობენ დედას. ნანა ღმერთი გახლდათ ღმერთების დედა, რომელსაც ანტიკური ავტორები კიბელეთი იხსენიებენ. მათი ცნობით, კოლხი კორიბანტები მისი მსახურები იყვნენ. მიდია, ფრიგია და მცირე აზიის ქვეყნებში ეს კორიბანტები ადგილობრივებს, სახლის აგებას, ფუტკრის მოშინაურებას და არსებობისთვის აუცილებელ რაღაცეებს ასწავლიდნენ. ანბანს უქმნიდნენ. ჩვენ, კოლხები ვუქმნიდით სხვებს ანბანს და არა პირიქით, როგორც ეს იმ პერიოდში ფრიგიის მთებიდან წამოსული სომხები სიცრუეს ტირაჟირებენ. სიმართლე რაც არ უნდა მალო, მაინც თავს იჩენს, რადგანაც, როგორც ამას წმინდა წერილი გვამცნობს “არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს”.

-თქვენი შემოქმედებიდან, რომელ ნაწარმოებს გამოარჩევთ?

-შვილებიდან, რომელიმეს გამორჩევა თუ შეიძლება? არ ვიცი. არ ვიცი, იქნებ სონეტების წიგნს “წერილები ბედნიერებას”, სადაც კლასიკური სონეტის ფორმით სიუჟეტი გადმოვეცი, სადაც ასი სონეტია და ასჯერ უხსნის სიყვარსულს ვაჟი თავის სატრფოს, რომელიც ბოლოს კვდება და შემდეგ კი თვითონაც თავს იკლავს.

-წარმატებებს გისურვებთ.

-ასევე, გაიხარეთ.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!