გია ჯიჭონაია საკუთარ შემოქმედებაზე, ლექსის ფორმებსა და მეგრულ ენაზე


  • პოეტი გია ჯიჭონაია 14 წიგნის ავტორია. აქედან, ჩვენთან საუბრისას, მან გამოყო მისი რჩეული ნაწარმოებები: “წერილები ბედნიერებას“, “XXI საუკუნის ქალთა ილუზიები,“ “ოქროს ხანა“ , “სიმარტოვის ელეგიები“, “კოლხური კირბები“ და სხვა.

-მოგვიყევით თქვენზე, თქვენს შემოქმედებაზე…

-მე ვარ გია ჯიჭონაია, მწერალი, პოეტი. 14 წიგნის ავტორი. კონვენციური (ტრადიციული, რითმული) ლექსებით დავიწყე. შემდეგ, ამას მოყვა სონეტები. კლასიკური ფრანგული სონეტით დავწერე ლირიკული დრამა, რომელსაც “წერილები ბედნიერებას“ ჰქვია. სადაც განთავსდა ასი სონეტი, ასი წერილი, რომელსაც მთავარი გმირი უგზავნის ბედნიერებას და პარალელურად ვითარდება სიუჟეტი. ბოლოს, შეყვარებული კვდება და ბიჭი თავს იკლავს. წიგნი 2007 წელს გამოიცა. ამ ფორმით, სონეტებით სიუჟეტის გადმოცემა პირველია ქართულ პოეტურ სივრცეში. ჩემთვის, განსაკუთრებულია ნოველების წიგნი “XXI საუკუნის ქალთა ილუზიები“, რომელიც ეძღვნება XXI საუკუნის ქალთა ცხოვრებას. ნოველები სხვადასხვა დიეტებზე, მოგვითხრობს როგორ უნდა გახდნენ ქალები უფრო ლამაზები და ა.შ.

-როგორი შედეგი მოგვცა ამ ნოველამ, რამდენად მოეწონათ ქალებს?

– ამ შეკითხვას, ერთი ცნობილი დიზაინერის სიტყვებით ვუპასუხებდი, რომელმაც თქვა, თუ ქალი 25 წლამდე ლამაზი არ გახდა, ის უბრალოდ ბრიყვიაო.

განსაკუთრებით მიყვარს ასევე, ლირიკული დრამა “ოქროს ხანა“, რომელშიც შევიდა სონეტები და სხვადასხვა ფორმისა და სტილის ლექსები, ციკლით “მოცეკვავე ლექსები“

ლექსები სიტყვათა გარეშე (პირველში არის რითმებით თამაში, მეორე ციკლში კი ერთი და იგივე სიტყვებით აგებული ლექსებია წარმოდგენილი) ამის შემდეგ გამოვიდა ნოველების 450 გვერდიანი წიგნი “უკანასკნელი გასეირნება”. შემდეგ გამოვიდა რობაიების წიგნი. მოგეხსენებათ, “რობაი”, რომელსაც “დუბეითსაც” ეძახიან, მე-9 საუკუნიდან მოდის და ომარ ხაიამისა და რუდაქის ხელში უმაღლეს მწვერვალს აღწევს და რომლითაც დღეს ვერავის გააკვირვებ, თუმცა იმ პერიოდში, ლექსის ამ ფორმამ გამიტაცა და 300 -ზე მეტი რობაი “შემომეწერა“, როგორც იტყვიან. ამას მოყვა დროებითი განმარტოება.

-რას ნიშნავს დროებითი გამარტოვება და რამდენ ხანს გაგრძელდა ეს პერიოდი?

-ხელოვანისთვის აუცილებელია განმარტოება, როდესაც ის საკუთარ მესთან მარტო რჩება და საკუთარი სულის სიღრმეში იხედება და ისედაც ხომ ადამიანი ბუნებით მარტოა. სწორედ ასეთ დროებით განმარტოვებას მოჰყვა ლექსების ციკლი “სიმარტოვის ელეგიები” (100-ზე მეტი ელეგია) და ნელ-ნელა მივედი კირბამდე. კირბი (მეგრულად “კირიბი”) გახლავთ ლექსის ფორმა, რომელიც მე შევქმენი. როცა სონეტი იტალიურია, რობაი – არაბული, მინდოდა, ქართული ფორმაც ყოფილიყო. ანტიკური ავტორები, კერძოდ, აპოლონ როდოსელი აღნიშნავს რომ კოლხებს გააჩნიათ კირბები, სადაც ყველა გზა და საზღვარი იყო აღნიშნული. სხვა ანტიკური ავტორები კი წერდნენ, რომ კირბები გახლავთ კანონების კრებული, რომელიც სპეციალურად სვეტებზე იყო მიწერილი. აღსანიშნავია, რომ პირველად მე ეს კირბები მეგრულ ენაზე დავწერე და შემდეგ ის ითარგმნა ინგლისურად, იტალიურად, რუსულად, ფრანგულად, ჩერქეზულად. უკრაინულად თარგმნილი “კოლხური კირბები“ გამოიცა კიევში. მიენიჭა უკრაინა – საქართველოს კულტურული ურთიერთობების უმაღლესი, დავით გურამიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია. აგრეთვე “კოლხური კირბები“ გამოიცა პარიზში ელ. წიგნად. ის დევს პოპულარულ ონლაინ მაღაზია ,, ამაზონზე“. წიგნის შესავალში წერია, რომ მეგრული ენა იუნესკოს მიერ მომაკვდავ ენათა სიაშია შეტანილი და სასწრაფო შველას საჭიროებს. ცოტა ხნის წინ გამოვიდა ჩემი ლექსების , სონეტების, კირბების და რობაიების მეგრულენოვანი კრებული ,,კინოხინიშე წიმეხონიშა“ . ახლახანს დავამთავრე 450 გვერდიანი რომანი მეგრულ ენაზე.

-როდის ვიხილავთ ამ რომანს და თუ აპირებთ მის ახლო მომავალში გამოცემას?

-თითქმის ამდენივე მოცულობის რომანი ქართულ ენაზეც მაქვს გამოსაცემად გამზადებული, რომელსაც “კალიმაქე” ჰქვია. ეს იმ ძველბერძენი პოეტის სახელი დავარქვი, რომელმაც გადმოცემის თანახმად კოლხი ხალხი დაწყევლა, იმიტომ რომ მათ პირველებმა გამოადნეს რკინა და ისედაც ხომ კოლხები ყველაფერში პირველები იყვნენ და ის ინდოევროპელი ბერძენი არგონავტებიც ხომ აქ სიბრძნის გასაგებად მოვიდნენ. ეს რომანი კი, რომელიც ახლახანს დავამთავრე, მეგრულ ენაზეა და პირველი პრეცენდენტია მეგრულ ლიტერატურაში. იმედია დაინტერესებული გამომცემელი გამოჩნდება და გამოიცემა.

როგორია თქვენი დამოკიდებულება მეგრული ენის მიმართ?

-მეგრულ – ლაზური და სვანური ენები სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, რომ არ დაიკარგოს ეს მრავალათასწლოვანი საოცრება, რასაც ეს ენები ჰქვია. ერთი რაღაც გამახსენდა. ინტერნეტში 3 წლის წინ გავხსენი “მარგალური ონჯუაში ოგურაფუ“ და იმ პერიოდში გადავწყვიტე მეგრულ ენაზე კალენდარი გამომეცა სასაჩუქროდ. ვფიქრობდი რა დამერქმია ამ კალენდრისთვის, როცა მსოფლიოს ყველა ენაზე კალენდარს ჰქვია კალენდარი. აღმოვაჩინე, რომ მეგრულად მას “ეკერეცხი“ ჰქვია. ე.ი . დოკოროცხი. მურიცხეფი გეკოროცხი. ასეთი, ვარსკვლავების ხნის ენა გვაქვს და უდიდესი უსამართლობა იქნება ის, რომ დაიკარგოს. საუკუნეთა მანძილზე ადამიანებს, მეგრელებს შეუქმნეს ისეთი წარმოდგენა, რომ ამ ენაზე საუბარი სირცხვილია, რომ მეგრულად მხოლოდ კერიასთან უნდა ისაუბრო, რომ რა დროს მეგრული ენაა, როცა ქართულ ენას უჭირს (თუნდაც 90 -იან წლებში და დღესაც ამას გაიგონებთ). შედეგი ასეთია – ადამიანების დიდ კატეგორიას, ვგულისხმობ მეგრელებს, რცხვენიათ მეგრულ ენაზე საუბარი. ისინი ბავშვებს მეგრულად არ ელაპარაკებიან. დარწმუნებულნი იმაში, რომ ეს ენა მათ არსად არ გამოადგება. ამ ენას ყველანაირი პერსპექტივა მოუსპეს და ამ მზაკვრული მიდგომის შედეგია ის, რომ მეგრული ენა ჩვენს თვალწინ სულს ღაფავს. ქალბატონმა პრეზიდენტმა, უკვე მეორეჯერ, ქართული ენის დღეს, გულისტკივილი გამოთქვა იმის შესახებ, რომ საქართველოში იჩაგრება ძირძველი ენები, რომ მეგრული და სვანური და სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ. დიდი მადლობა ქალბატონ სალომეს. ორი აზრი არ არსებობს, უნდა გადარჩეს მრავალათასწლოვანი მეგრული ენა. რომელ ენაზეც საუბრობდნენ აიეტი, მედეა და ევროპის ცივილიზაციის ფუძემდებელი კირკე და პასეფაე. როგორ შეიძლება ამ ენის გრცხვენოდეს, ვერ წარმომიდგენია.

-როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს სამი სიტყვით…

-მორწმუნე, სამართლიანი, ემოციური.

რას ეტყოდით წარსულ ,,მე“-ს და შესაძლებლობა რომ გქონდეთ, შეცვლიდით თუ არა რამეს?

-ისევ ამ გზას გავივლიდი, კორექტივების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა.

-თქვენი პოეზიის საღამოებიდან ყველაზე კარგად რომელი პოეზიის საღამო გახსენდებათ?

-მქონია ლიტერატურული საღამოები: ზუგდიდში, ბათუმში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა არასდროს დამავიწყდება ჩემი პოეზიის საღამო რუსთაველის თეატრში. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და პირველი წიგნიც ახალი გამოსული იყო. ეს ამბავი ისე მიხაროდა, ასე ვთქვათ, სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი.

-რა არის თქვენი ცხოვრების დევიზი?

-კარიერისტი არასდროს ვყოფილვარ. ის კი არა და ახალგაზრდობიდან ვერ ვიტანდი კარიერისტებს. სულ მეგონა, რომ მიზნის მისაღწევად ისინი ყველაფერზე წავლენ. არც პრემიებისა და ჩინ-მედლების მოყვარული ვყოფილვარ. არც ფულის შოვნა არ გამიხდია ცხოვრების მთავარ მიზნად. ჩემი ცხოვრების დევიზია – ვიცხოვრო ადამიანურად და მიუხედავად იმისა, თუ რა შემხვდება მის პასუხად, ვგულისხმობ, სიძულვილს და ბოროტების სხვადასხვა გამოვლინებას – დავრჩე ადამიანად,-ჩემთვის ეს დგას ცხოვრებაში ყველაზე მაღლა და თვით ხელოვნებაზე მაღლაც კი, რომელსაც მთელი ცხოვრება შევწირე.

-თქვენთვის პოეზია არის..

-პოეზია სულის ზეიმია და ცერებზე შემდგარი სულის როკვა და სწორედ ამიტომაც არის ის მიჩნეული ადამიანური აზროვნების უმაღლეს საფეხურად. ნიჭიერება უფლის წყალობაა, რომელიც დახვეწას საჭიროებს, როგორც თვითნაბადი მარგალიტი, დამუშავებას. საწუხილო ფაქტია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ნიჭიერებას არასდროს ჰქონია გასაქანი. აქ ყველაფერი ნაცნობობით ხდება, როცა უნიჭოს ნიჭიერზე წინ აყენებენ და ნიჭს ჩაგრავენ. საშუალო ნიჭის კაცს, გენიოსს ეძახიან და ნაღდ ხელოვანს იგნორს უკეთებენ. ერთ კირბში ვწერ: ,,აქ გააწამეს ნიკალა და გალაკტიონი…” აქ ხომ ყველაფერს გაპატიებენ ნიჭიერების გარდა.“

რატომ ფიქრობთ, რომ საქართველოში ნიჭიერება დაუფასებელია და თავად თქვენ გქონიათ თუ არა წინააღმდეგობები?

-იმიტომ, რომ ეს საქართველოა და სხვა საქართველო სად არის.. (იცინის).

-ახლო მომავალში, პოეზიის საღამოებს თუ გეგმავთ?

-ახალგაზრდობაში ერთი სული გვქონდა, როდის ჩავატარებდით პოეზიის საღამოებს. ახლა არ ვგეგმავ, ალბათ ახლა წიგნის პრეზენტაციების დროს თუ გამოვჩნდები. არ მიყვარს მწერალი ტელეეთერს რომ მიეწებება და ისედაც ხმაური და ზედმეტი ყურადღების მოყვარული არ ვარ. სამსახურიდან გამომდინარე თუ მიწევს შეხვედრები. პერსონალურ პოეზიის საღამოებს არ ვგეგმავ.

როგორ იწერება შედევრი?

– შედევრი? ალბათ ისიც მარტივად იწერება, არ ვიცი.

მასალა მოამზადა მარიამ კუტალიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!