როგორ დაემშვიდობა ზვიად გაბედავა სკოლას და სასახლეს


  • მეორე საჯარო სკოლელმა ზვიად გაბედავამ, როგორც მისმა თანატოლებმა, ვირტუალურად დაამთავრა სკოლა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. ზვიადი თავისუფალ უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას კომპიუტერულ და ელექტროინჟინერიაზე.

მას, მისი თანატოლები, კარგად იცნობენ-“სახე ინტელექტუალია”, დიახ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშში ღებულობდა მონაწილეობას. აი, გუშინ, სწორედ იმ დღეს, როცა სკოლა დაამთავრა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ონლაინ ტურნირში  “მოაზროვნე” ითამაშა და საუკეთესო მოაზროვნედაც დასახელდა. არ იყო ბანკეტი, არ იყო სკოლასთან დამშვიდობების ეიფორია, მაგრამ…

-რას ნიშნავდა შენთვის სკოლა…

-სკოლა ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია დღესაც და ასე იქნება მუდამ. არაერთ ადამიანთან დამამეგობრა. შესანიშნავ მასწავლებლებთან და სკოლის პერსონალთან მიწევდა ურთიერთობა, რაც ძალიან მახარებს.

-პანდემიამ, სასკოლო ცხოვრება და ზოგადად, იქ დამკვიდრებული ტრადიციები, სტილი შეცვალა..

-დიახ. თუმცა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ბოლო დღე ერთად გაგვეტარებინა. მთავარია მეგობრები ერთად ვიყავით და დანარჩენი (ჭამა-სმა, ქეიფი) მეორეხარისხოვანია. ჯერ სკოლის გარეთ შევიკრიბეთ, რადგან არ გვინდოდა პრობლემები შეგვექმნა სკოლის ადმინისტრაციისთვის. შემდეგ პერანგებზე ერთმანეთს წარწერები დავუტოვეთ, ბოლოს, ბავშვები პაპანწყვილში წავიდნენ. მე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ინტელექტუალური კლუბის “რა? სად? როდის?” ტურნირის “მოაზროვნე”თამაში მქონდა და ამიტომ ვერ გავყევი.

– ტურნირის საუკეთესო “მოაზროვნედ” დასახელდი

-დიახ. მეორე კლასში მივედი ჯენეტ მასწავლებელთან (ჯენეტ ქვარცხავა, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი.-რედ.) “ყველაზე ჭკვიანის” წრეზე. მას შემდეგ შეიკრა ერთი გუნდი “სრა” და მეშვიდე კლასამდე სასახლის სახელით ვთამაშობდი. მერვე კლასიდან მეორე სკოლის გუნდში “ჯინსების თაობაში” ვთამაშობ და ბოლო სამი წელია ამ გუნდის კაპიტანი ვარ. ბოლო ზარის დღეს, ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი. ეს ხალხი ჯენეტ მასწავლებელთან გავიცანი და მას შემდეგ ვმეგობრობთ. ნია ფიფია, მარიამ ლაზარია, ალექსანდრე ფიფია, ქეთევან ჭურღულია და დაჩი წარახბაია. ეს ინტელექტუალური თამაში უფრო მეთორმეტე კლასელების გაცილება იყო, რადგან ზუგდიდის ინტელექტკლუბში აწი თამაში აღარ მოგვიწევს.

-შენ ხომ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებშიც ღებულობ მონაწილეობას...

-დიახ, შეძლებისდაგვარად. უფრო ინტელექტუალურ აქტივობებში ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ თუ შესაძლებლობაა, სპორტულ თამაშებშიც ვერთვები.

-როგორც ვიცი, შენ ახალგაზრდულ ლიტერატორულ შოუში ღებულობდი მონაწილეობას?

-დიახ, შოუში “წიგნების თარო” ვითამაშე 2 ჯერ, ეს შემთხვევა, ჩემთვის, გამოცდილების მხრივ, საუკეთსო იყო, თან მეგობრებიც შევიძინე და კარგი ხალხი გავიცანი.

-სკოლა, თუ რეპეტიტორები?

-როცა რეპეტიტორთან ხარ და ფულს იხდი, მაშინ უბრალოდ ვალდებულება გაქვს, რომ მშობლის ღვაწლი წყალში არ ჩაყარო. მეორე სკოლაში ისეთი ძლიერი პედაგოგები არიან, რომ მთელი ზუგდიდი ამ ხალხთან მეცადინეობს, შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება სკოლაში, ამ პედაგოგებთან ნასწავლით გამოცდაზე გასვლა.

-შენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება… წინ კი, ეროვნული გამოცდებია…

– მათემატიკას, ქართულსა და ინგლისურს ვაბარებ. ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ მაქვს კარგი შედეგის იმედი. რატომ ავირჩიე ეს პროფესია? საინტერესო პროფესიად მიმაჩნია. თავიდან უფრო ჰუმანიტარული განხრით ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, თუმცა წინა წელს მივხვდი, რომ მათემატიკა ყველა საგანზე მეტად მომწონს და შესაბამისად, ამ განხრით ავირჩიე პროფესია. თავიდან მხოლოდ ინჟინერია მინდოდა, თუმცა მივხვდი, რომ მომავლის პროფესია უფრო კომპიუტერული ინჟინერიაა.

-შენი საყვარელი მწერალი, წიგნი…

-საყვარელი მწერალი ფიოდორ დოსტოევსკი, თუმცა უფრო ანტიკური ლიტერატურა მიყვარს. საყვარელი წიგნი ჰომეროსის “ილიადა”, მაგრამ მეტ ემოციას ყოველთვის ქართველი მწერლები იწვევენ ჩემში, უფრო ახლობელია ჩემთვის.

-იქნებ, გაიხსენო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შენს ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება?

-უფრო ძმაკაცები და მეგობრები, რომ აღმოვაჩინე ის დღე, როცა ეს ხალხი გავიცანი. ასე ერთი, გამორჩეული დღე არ მახსენდება.

-ენებს თუ ფლობ?

-ინგლისურს კარგად, რუსულსა და გერმანულს ნორმალურად.

-ზვიად, წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

– იმედია, სასურველ პროფესიას დავეუფლები და შევძლებ მცირე წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებაში.

“ზუგდიდელები”

 


კომენტარი

  1. დავით

    ყოჩაღ ზვიადი, შენი სატვარელი მეგობარი დავითი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!