პოეტური სტრიქონები ილია არქანიას შემოქმედებიდან


  • ახალგაზრდა მხატვარს ილია არქანიას უკვე ჰქონდა პერსონალური გამოფენა სამხატვრო გალერეაში.  ხატვის პარალელურად ლექსებსაც წერს, მაგრამ ახალბედა შემოქმედი “ზუგდიდელებთან” გულახდილად ამბობს, საკუთარ თავს არასოდეს ვეძახიო პოეტს.

“–არაფერი დამიწერია ისეთი, რომ ვიღაცამ პოეტი დამიძახოს, ან მხატვარი, ამიტომ ჩემს თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ვიღაცას ვუთხრა პოეტი ვარ, ან მხატვარი მეთქი. ხშირად ვამბობ, რომ ვხატავ და უბრალოდ, ლექსებს ვწერ, მაგრამ პოეტი არ ვარ მეთქი. 14-15 წლიდან ვწერ ლექსებს, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ცუდად ვარ, მინდა გამოვხატო ჩემი სათქმელი რაღაც მხრივ, რაშიც ლექსების წერა და ხატვა მეხმარება. მიყვარს, როცა ღამით მარტო ვრჩები ჩემს თავთან და წერასაც მაშინ ვიწყებ, როცა ყველას სძინავს, მარტო დარჩენის და ფიქრის საშუალება მაქვს და ჩემს ლექსებში ვაქსოვ, ხშირად, ჩემს წუხილს. ლექსები ყველა ჩემს თავზეა თითქმის და იმაზე, რაც ჩემს გარშემო ხდება”.-ამბობს ახალგაზრდა შემოქმედი. დიახ, მის ნამუშევრებში ფიქრი ძევს ცხოვრებაზე, სულზე, ტკივილზე. საინტერესოა მისი პროზა, უფრო სწორად, პოეზია პროზაში, ახალგაზრდა კაცის სულიდან ამოწურული, გამხელილი სათქმელი.

 

მთვარესთან ერთად

ნავზე ვზივარ, მარტო ველოდები მთვარეს, სანამ მოხვალ გავიხსენებ, როგორ გნახე… ღამე იყო… შორიდან დაგინახე, ნაბიჯები ამერია, მგონი, ძალა დამეკარგა, მოსვლა ვეღარ შევძელი, გული სწრაფად მიცემდა… მგონი, ფიქრი მომავალზე გამერია… როგორ ხარ? – მოგიკითხე, შემრცხვა… სიტყვებიც კი ამერია, დავდუმდი… ვერაფერი გითხარი… სიჩუმეა, მთვარე ანათებს ქუჩას, მივუყვებით ნელა, ჩუმად… ხმას რატომ ვერ ვიღებ, რა ხდება? რომ მომეწონა, ნეტავ, თუ ხვდება? ეს უბრალო საღამო ყოველთვის მემახსოვრება… დალექილი ფიქრები მაშინ მთელ სხეულზე სცემდა, მივაცილე, დამშვიდობების ჯერია, მგონი… ძნელია… არ მინდა ჩვენი გულები ერთმანეთისგან შორს სცემდეს… ხელი დავუქნიე და სახლისაკენ წავედი, ასე შევხვდით ერთმანეთს ერთ უბრალო საღამოს, როცა მთვარე ანათებდა ქუჩას… შენ დღესაც ჩემგან წახვედი, დამტოვე მთვარესთან ერთად….

მათხოვარი

მათხოვარი იყო, მოკვდაო, მერე რა მოხდაო? აღარ წამაწყდება ქალაქში… კარგიაო, სულ იგინებოდაო,- ასე იხსენებენ…
მათხოვარი იყო, მერე რა მოხდაო…
დახეული ტანსაცმელი, დაუბანელი, ცხოვრებისაგან დამცირებული, დანებებული, გაგიჟებული ახრჩობდა ფიქრებს, სამართალს ითხოვდა, ღმერთს თხოვდა…
სტკივა რომ დაამცირეს,
რომ გული ასე ატკინეს.
მოკვდაო,– გაიგეს…
მათხოვარი იყო, მათხოვარი, მერე რა მოხდაო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!