ნოემბერი და დარჩელელების ტკივილი


  • საქართველოში 1991-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა, რომელიც შემდეგ ძმათა მკვლელ ომში გადაიზარდა, სიტუაციები განსაკუთრებით დაიძაბა და გართულდა სამეგრელოში.

ამ მოვლენას სამეგრელოში სამოქალაქო ომის სტატუსიც მიეცა. იმ პერიოდში სამეგრელოს სხვადასხვა ადგილას ბევრ დაძაბულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა განსაკუთრებით შემზარავი და შემაძრწუნებელი იყო დარჩელში მომხდარი შემთხვევა.

1993 წლის 16 ნოემბერს, სოფელ დარჩელის მახლობლად, მოხდა შეტაკება გასამხედროებულ ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრებსა და საქართველოს დამხობილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის, რის შედეგადაც „მხედრიონის“ მებრძოლებმა სოფელი დაიკავეს, გაძარცვეს და სააბსანძოს უბანში 27 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს… ეს ყოველივე გამოიწვია კონკრეტულმა მოვლენამ, რომელზეც ამ ამბის თვითმხილველი როზა ჯიქია “ზუგდიდელებთან” საუბარში ყვება:

როზა ჯიქია

“შეტაკება მომხდარა ზვიადისტებსა და მხედრიონელებს შორის, რასაც ორი მხედრიონელის სიცოცხლე შეეწირა… ამის შემდეგ მხედრიონის დაჯგუფება წამოსულა შემთხვევის ადგილისკენ და დაიწყო წარმოუდგენელი რამ, რისი გახსენებაც კი მზარავს… მხედრონელებმა გადაწვეს 27 ოჯახი. საღამო ხანი იყო, პირუტყვი საძოვრებიდან ბრუნდებოდა. არ დატოვეს ღორი და ძროხა ცოცხალი, ქათმებიც კი ამოჟლიტეს და ჭაში ჩაყარეს განგებ, რომ სასმელი წყალი დაებინძურებინათ. ასეთი სისასტიკე გამოიჩინეს უდანაშაულო ადამიანების მიმართ… დავრჩით გაუბედურებულები, მხოლოდ ტანთ რაც გვეცვა იმის ამარა”.

მაია კალანდია

“ზუგდიდელებთან” საუბრობს, საკრებულოს წევრი მაია კალანდია, რომელიც თავად არის წარმოშობით დარჩელიდან: “1993 წელი, დეკემბერი… ზვიად გამსახურდია სამეგრელოს მაღალმთიან სოფლებში გაიხიზნა. ზუგდიდში, პუტჩისტების მიერ შექმნილი სამხედრო საბჭოს დაქვემდებარებული საჯარისო ფორმირებები შემოვიდნენ, მათ შორის, „მხედრიონი“. ხუნტამ, ციხის კარები გააღო და ყველა დამნაშავე გარეთ გამოუშვა. ყაჩაღები, ბანდიტები, ქურდები, ნარკოტიკზე დამოკიდებულები, შეესივნენ სამეგრელოს და განსაკუთრებით ზუგდიდს და ზუგდიდის რაიონის სოფლებს. მიჰქონდათ ყველაფერი, რაც ხელში მოხვდებოდათ. აწიოკებდნენ ოჯახებს, ემუქრებოდნენ მამაკაცებს. სოფელ დარჩელში, ვინ იცის რამდენჯერ ჩამოუარეს ოჯახებს. ეს ის პერიოდია, როდესაც აფხაზეთიდან დევნილები, ნათესავ ოჯახებს აფარებენ თავს და თუ რაიმეს წამოღება შეძლეს, ის ნივთებიც ამ ოჯახებში დევს… ერთ-ერთი დაყაჩაღებისა და შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, მამაკაცებმა ვერ მოითმინეს და იარაღით დახვდნენ დამყაჩაღებლებს, სროლის შედეგად ადგილზე დაიწვა მანქანა და დაიღუპა ორი მათგანი. საპასუხოდ, სოფელ დარჩელისკენ დაიძრა ,,მხედრიონი”, როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, დოდო გუგეშაშვილის ხელმძღვანელობით და მიყოლებით გადაწვეს 34 ოჯახი. დახოცეს პირუტყვი და ფრინველი… სოფელ ახალკახათისა და დარჩელის საზღვართან დაიწყო სპეცოპერაცია და ერთი კილომეტრის მანძილზე გაგრძელდა. ერთ თვეზე დიდხანს ხრჩოლავდა კვამლში ჩემი სამეზობლო, დღემდე მოუნელებელი ტკივილი და ტრაგედიაა ეს მოვლენა. ადამიანები ისე წავიდნენ იმქვეყნად, ვერაფერმა დაავიწყა საშინელება, მოძმის მიერ განადგურებული პირადი ცხოვრება.“

ახლა სწორედ ნოემბერია და ეს თვე განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს თითოეული დარჩელელის გონებასა და გულში. რომც არ გაახსენდეს არავის, დარჩელელებს ვერავინ და ვერაფერი გაუნელებს იმ ტკივილს, რაც ნოემბერმა 30 წლის წინ მიაყენა…

მიუხედავად ყველაფრისა, როგორც მეგრულ მებრძოლ სულისკვეთებას შეეფერება, არ გატყდა არცერთი დარჩელელი, ჯერ თავი ასწია, შემდეგ მთელი სხეული ააყოლა და მყარად დადგა ფეხზე, შეძლო ხანძარს გადარჩენილი საძირკვლიდან ფენიქსივით აღედგინა კერა და დაუბრუნა სიცოცხლე ნახანძრალ კარ-მიდამოს… წლების შემდეგ ამ ადგილას ისევ ჩქეფს სიცოცხლე…

ეს ისტორია ჩემთვის როგორც ადგილობრივისთვის და როგორც ჟურნალისტისთვის ძალიან სენსიტიურია, ვისურვებდი, ისეთ ქვეყანას, სადაც, სახელმწიფო იმდენად ძლიერი იქნებოდა რომ მსგავსი მოვლენების განვითარების საშიშროება არ იარსებებდა. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძმამ ძმის წინააღმდეგ არ უნდა აღმართოს იარაღი. “ქართველი რომ ქართველს ესვრის, ტყვია ხვდება საქართველოს“. ამიტომაც პირიქით, ხელი უნდა გავუწოდოთ და ერთმანეთისთვის დახმარების ტალკვესი უნდა გავხდეთ.

მასალა მოამზადა მარიკა ბიგვავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!