ნანა ჭანია: “მინდა, ჩემს შვილს, ძილის დროს, არ აწვიმდეს”…


აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი,  დედა-შვილი, ნანა და მარიამ ჭანიები, ბორჯომის ქუჩაზე ე. წ. „ბარაკებში“ ათი წელია უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ოჯახის დიასახლისი არ მუშაობს, შესაბამისად, ოჯახს მატერიალურად უჭირს. მათი საარსებო წყარო 100 ლარია, რომელიც სოციალური დახმარებიდან ერიცხებათ და თვიდან თვემდე არ ყოფნით.

 ქალბატონი ნანა 51 წლის გახლავთ. ის ონკოლოგიური ავადმყოფია. პატარა სახლში, სადაც დედა და შვილი ცხოვრობენ, ორი ოთახია,-საძინებელი და სამზარეულო. სამზარეულოს აბაზანადაც იყენებენ. სახლს აწვიმს.ნფანჯრები, კარები და იატაკი მთლიანად ამორტიზირებულია და გამოცვლას საჭიროებს. ქალბატონმა ნანამ იმის შიშით, რომ ქარს არ გადაეხადა სახურავი, აგურებით დაამაგრა, მაგრამ შიშობს, რომ ძლიერ ქარს დიდხანს ვერ გაუძლებს. ოჯახისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს სველი წერტილების არქონა.  ადრე, ბათუმში, დევნილთა, ჩასახლებაში ცხოვრობდნენ. სახელმწიფომკომპენსაციის სახით შვიდი ათასი ლარი მისცა ფართის შესაძენად, მაგრამ  მიღებული თანხა, ქალბატონმა ნანამ შვილის ოპერაციას მოახმარა. მარიამს ორივე ყურზე სმენა ჰქონდა დაქვეითებული და სასმენი აპარატის ჩადგმა დასჭირდა. იძულებით გადაადგილებულმა პირმა, დევნილთა სამმართველოში ბინის მიღების თაობაზე განცხადება შეიტანა, მაგრამ უარი მიიღო.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=J4MgxaOcUjE[/embedyt]

ქალბატონი ნანა, იძულებული გახდა, შვილთან ერთად,  თავი  ამ ავარიულ სახლში შეეფარებია. სახლის  შესაკეთებლად დახმარებისთვის, მან ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. „კეთილმოწყობის სამსახურმა“ მხოლოდ იატაკი გაურემონტა. „კარებისა და ფანჯრის გამოცვლა ვთხოვე ბატონ მამუკას, მაგრამ ვერ გამიკეთეს. რაც შეაკეთეს, ისიც არასწორად გააკეთეს, მეორადი მასალებით. საინტერესოა, თავიანთ სახლებში თუ გააკეთებენ ასე? მათთან სამსახურში, რომ მივედი, ლანძღვა-გინებით გამომიშვეს… მამუკა ციმინტიას მოადგილემ მითხრა,  რას გადაგვაყოლე შენს სახლსო, მუშტებს ურტყამდა მაგიდას. მამუკა ციმინტია დაინტერესდა ჩემი ოჯახური მდგომარეობით და სახლში მოვიდა. მოგვიანებით, ოთხი ფიცარი მოიტანეს. სამუშაოებს აყოვნებდნენ. დედა დინარმა დაურეკა ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას, რომლის თხოვნითაც, გამირემონტეს ერთი ოთახი, მაგრამ ეს თუ გარემონტებულია, ეგაა საკითხავი. სახურავის გამოცვლა ვთხოვე, მოიტანეს, მაგრამ შეუსაბამო და ისიც მეორადი აღმოჩნდა, ჩემი ძალებით უნდა გადამეხურა, რისი შესაძლებლობა მე არ მქონდა. უარი ვუთხარი და ისევ უკან წაიღეს, ამის შემდეგ, არავის მოუტანია არაფერი და არც არავინ მოსულა. როცა ხელისუფლება გქვია, როგორ შეიძლება შენი მოქალაქე ასე უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ დატოვო. მე შესაძლებლობის ფარგლებიდან ვითხოვ, – გადამიხურონ სახლი, შეუძლებელია, აქ წვიმის დროს ცხოვრება.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Ur3icPKUOv8[/embedyt]

თვალცრემლიანი დედა მარიამის სკოლიდან დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება. სადილად მისთვის გადანახულ სამ ცალ კარტოფილს ამზადებს, მოგვიანებით, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მიდის, სადაც დედაოებს ეხმარება ბოსტნის მოვლა-მოწესრიგებაში.  მოსავალის ნაწილს დედა დინარი მას აძლევს. ქალბატონი ნანა ამბობს, რომ ეკლესია მათ ოჯახს ყოველთვის გვერდში უდგას. ეხმარებიან საჭმლით, ტანსაცმლით და შეშით. განსაკუთრებული საჩუქარი, ოჯახის დიასახლისმა, მაცივარი დედა დინარისგან მიიღო. დედა-შვილი ხშირად სტუმრობენ ოჭანეს დედათა მონასტერს, სწორედ იქ ყოფნისას, მარიამს დედაოებმა შეასწავლეს, ფსკვნილების გაკეთება,  ქსოვა და ქარგვა. მარიამს დედაოები ხელსაქმის კეთებისას, ხშირად ჩუქნიან 20-25 ლარს. „მარიამი უაღრესად პატიოსანი, ჭკვიანი, ზრდილობიანი გოგონაა, რაც მთავარია, ეკლესიურად ცხოვრობს. დედა მარიამის ნათლულია. პატარაობიდანვე დადის მონასტერში. ყველაფერი აინტერესებს. სააღდგომოდ დედაოებს ეხმარებოდა პასკის გამოცხობაში. საუცხოო ხელი აქვს, ყველაფერს ადვილად ითვისებს. ჯერ პატარაა და ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ, ჩემთვის არასდროს არ უთქვამს „მიყიდეო“, იშვიათად, მაგრამ  თუ რამე დასჭირდება, დედაოს ეხმიანება. ძალიან მიფრთხილდება, არ უნდა გული მატკინოს. სასკოლო ტანსაცმლებით დედა დინარი გვეხმარება და მრევლი. მე და მარიამი ღვთისმშობლის შობის ტაძარში ყოველ კვირა დავდივართ. არ მინდა ვინმეს უმადური ვეგონე, გაჭირვების დროს ძალიან ბევრი ადამიანი დაგვხმარებია და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. ხშირად მეც მიკვირს- როგორ ვარსებობთ საერთოდ, ახლახან, განცხადება შევიტანე უფასო სასადილოში კვებაზე, მაგრამ უარი მითხრეს, რაც უფრო მეტად დაამძიმებს ჩემს მძიმე სოციალურ მდგომარეობას. იმის შიში მაინც არ მექნებოდა, რა უნდა მეჭმია შვილისათვის.“

ოჯახის დიასახლისს, არც მიწის ნაკვეთი, შინაური ფრინველი და ცხოველი არ ჰყავს. ავადმყოფი ქალისთვის პრობლემას წარმოადგენს სარეცხი მანქანის არქონა. სასმელი წყალი მეზობელი სახლიდან დააქვს. „მე მჯერა უფლის და მისი სასწაულების, განსაცდელის ჟამს არასდროს მივუტოვებივართ. იმედია, კეთილი ადამიანები ჩემს გასაჭირს მიიტანენ გულთნ ახლოს და დამეხმარებიან. მინდა, ჩემმა შვილმა ნორმალურად შესძლოს ხელ-პირის დაბანვა, ძილის დროს არ აწვიმდეს და ღამე იმის შიში არ გვქონდეს, რომ ჭერი თავზე დაგვემხობა.“- გვითხრა ქალბატონმა ნანამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!