ლევან პაპავა საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს


  • სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს კოორდინატორი ლევან პაპავა თავის ფეისბუქგვერდზე საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს. 

“დღეს ზუგდიდში, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე შევესწარი ფაქტს, პოლიციის ორმა თანამშრომელმა თავისთან მოიხმო ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთ-ერთს სთხოვეს პირადობის მოწმობის წარდგენა, ასევე, პოლიციელმა ერთ-ერთ მათგანს მიუშვირა საკუთარი მობილური ტელეფონი.

ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში პოლიციელთა მხრიდან მასობრივად ხდება მოქალაქეთა იდენტიფიცირება ფოტოს გადაღებით ისე, რომ უმრავლეს შემთხვევაში მოქალაქეებს არ განუმარტავენ საპოლიციო ღონისძიების განხორციელების სამართლებრივ საფუძველს და არ დგება შესაბამისი ოქმი. ფოტოს გადაღებით იდენტიფიკაციისას ოქმში უნდა მიეთითოს საპოლიციო ღონისძიების სამართლებრივი საფუძველი, ყველა მნიშვნელოვანი გარემოება. მას უნდა გაეცნოს ღონისძიების ადრესატი, რომელსაც შეუძლია არ მოაწეროს ხელის დოკუმენტს ან მიუთითოს მასში საკუთარი შენიშვნები. იშვიათ შემთხვევაში პოლიციელთა განმარტება შემდეგი შინაარსისაა: „ყველას ვუღებთ!“. ასეთ სამართლებრივ წინაპირობას კი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით გადავწვიტე გამერკვია პოლიციელებსა და ახალგაზრდა მამაკაცებს შორის რა სახის კომუნიკაცია შედგა და ხორციელდებოდა თუ არა საპოლიციო ღონისძიება. პოლიციელმა ჩემს კითხვაზე გადაუღო თუ არა პირს ფოტო, განაცხადა, რომ არა!
ფოტოს გადაღების ფაქტი არ დაადასტურა ასევე საპოლიციო ღონისძიების ადრესატმა.

პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ იდენტიფიცირება ამ შემთხვევაში მოხდა პირადობის მოწმობით. სამართლებრივი საფუძველი ვიკითხე, აღნიშნეს, რომ ყველა უცხო პირს აჩერებენ, რომელიც არ ეცნობათ, ან არ იცნობენ. კანონმდებლობა კი არც მსგავს საფუძველს ითვალისწინებს. შემდეგ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მე მთხოვეს იმ საფუძვლების დასახელება, რითაც მათ შეეძლებათ პირის გამოკითხვა ან იდენტიფიკაცია.

დასახელების შემდეგ ( პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები, არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას, პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე და ა.შ,) ერთ–ერთმა პოლიციელმა აღნიშნა, რომ პირები შეაჩერეს ძებნილ პირთან მსგავსების გამო, თუმცა, ვინაა ძებნილი პირი არ დამისახელეს. არადა ძებნილი პირების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია როგორც შსს–ს საიტზე, ასევე პოლიციის დაწესებულებებში სტენდებზე. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების განმარტება არ იყო დამაჯერებელი.

პოლიციელებმა საბოლოოდ ანიშნეს, რომ დასრულდა საპოლიციო ღონისძიება, დამატებითი კომუნიკაცია არ იყო საჭირო და დავემშვიდოებთ ერთმანეთს. ადრესატებმა ამ ეტაპზე არ ისურვეს შემდგომი რეაგირება (საპოლიციო ღონისძიების კანონიერების საკითხის შესწავლა) სახალხო დამცველის აპარატისგან , რადგან პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა უხეშ მოპყრობას. ამჯერად საპოლიციო ღონისძიების ადრესატმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ მას პოლიციელმა სავარაუდოდ ფოტო გადაუღო. ადგილზე სხვა პირებმაც აღნიშნეს, რომ სხვადასხვა დროს მათაც გადაუღეს პოლიციელებმა ფოტოები საფუძვლების მითითებისა და ოქმის შედგენის გარეშე.

მინდა აღვნიშნო, რომ პოლიციელთა მიერ განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებას ლეგიტიმაციას სძენს არა უხეშად არმოპყრობა, არამედ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინაპიროებების არსებობა. თუ მიიჩნევთ, რომ თქვენ მიმართ საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას თქვენი უფლებები ირღვევა შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალურ ან რეგიონულ ოფისებს, მათ შორის სამეგრელოს ოფისს –ზუგდიდი, კოსტავას ქუჩა N58 ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 1481, 24/7-ზე”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!