ლევან დავითაშვილი-მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად საკონსულტაციო ჯგუფებს დაიქირავებს


  • ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად საკონსულტაციო ჯგუფებს დაიქირავებს.

„იცით, რომ მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება რომლითაც განისაზღვრა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირების და გადმოცემის შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობდით რამდენიმე თვის განმავლობაში. იცით, რომ სამინისტროში არსებობს სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ და მასთან მუშაობის შედეგად ჩვენ მოვამზადეთ კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოები. ეს კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირება, შემდგომი ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა, პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება. ანაკლიის პროექტი ამ კანონმდებლობის ამოქმედებამდე იყო ინიცირებული, მაშინ გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შესარჩევად 2014 წელს. ახლა ახალი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ პროცედურების გავლა, მაგრამ ჩვენი შეფასებით, იდენტიფიცირების და ინიცირების ეტაპები გავლილია, შესაბამისად, შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში, პროექტის განსახორციელებლად დავაჩქაროთ პროცესი და პირდაპირ დაიწყოს კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან. ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ შერჩევის პირობები მაღალ დონეზე მომზადდეს. აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამინისტროს საშუალება მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საკონსულტაციო ჯგუფი ან ჯგუფები დავიქირაოთ ამ პროცესში მონაწილეობისთვის. იცით, რომ მაღალი დონის საპროექტო სამუშაოები ჩატარებულია, რაც ხელმისაწვდომია, ასევე ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია MTBS-ის მიერ ჩატარდა ეკონომიკური კვლევა, მათ შორის მოხდა ღრმაწყლოვან პორტზე ტვირთნაკადების პროგნოზის შეფასება, ალტერნატიული სცენარების კონკრეტული გაანალიზება, ასევე ფინანსური და ბიზნესმოდელების გაანალიზება და განახლება.

ვფიქრობ, დღეს ხელთ გვიჭირავს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს სწორად ჩამოვაყალიბოთ პირობები და ასევე შევარჩიოთ სწორი პარტნიორი პროექტის განვითარებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად იყოს განსაზღვრული მოდელი, თუ რა ფორმით იქნება სახელმწიფოს მხრიდან საჯარო მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობთ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა პროექტი წარმატებულად განხორციელდეს და მივიღოთ ის შედეგი რაც გვინდა – გვინდა გვქონდეს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას ემსახურება, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, ტვირთნაკადს საქართველოს კორიდორში კიდევ უფრო გაზრდის, ასევე მოგვცემს საშუალებას ლოგისტიკური ოპერაციები ვაწარმოოთ. ჩვენ სწორად უნდა ჩამოვაყალიბოთ პირობები და სწორი პარტნიორი შევარჩიოთ ამ პროცესში, თუმცა, დაინტერესება საკმაოდ დიდია. მიმდინარე წელს არაერთი შეხვედრა გვქონდა, მათ შორის, ძალიან მსხვილი აბუ დაბის პორტების წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომლებიც ადგილზე გაეცნენ პროექტს, დღესაც გვაქვს სპარსეთის ყურის დელეგაციებთან შეხვედრები და განხილვები. ასევე მთელი რიგი ვიზიტები იყო ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომელთაც ასევე აინტერესებთ ეს პორტი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!