- კახა კაჭარავა, „ოდიში 1919“-ის ახალი მთავარი მწვრთნელი გახლავთ.
კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახა კაჭარავა წლების განმავლობაში, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში იყო, სადაც მან მრავალგზის მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, რასაც მოჰყვა წარმატებული საერთაშორისო კარიერა კვიპროსში, თურქეთსა და გერმანიაში.
“ბატონი კახა, წლების განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ქვეყნის წამყვან კლუბებს: თბილისის „დინამოსთან“ ერთად, მან მოიპოვა საქართველოს თასი და რამდენჯერმე გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ხოლო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონთან“ ერთად საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მუშაობა უეფას საკლუბო ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე, სადაც მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი დასამახსოვრებელი და ღირსეული მატჩი ჩაატარეს.
ბატონი კახა ცნობილია თავისი უნარით, სრულად გამოავლინოს გუნდის პოტენციალი და ჩამოაყალიბოს მებრძოლი, მაღალი დონის ორგანიზებულობის მქონე კოლექტივი.
ჩვენი გუნდისთვის კახა კაჭარავას მსგავსი მასშტაბის, ავტორიტეტისა და ცოდნის მქონე სპეციალისტის ნდობა ნათელი დასტურია იმისა, რომ „ოდიში 1919“ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.
გვჯერა, რომ მისი უდიდესი გამოცდილება და გამარჯვებულის მენტალიტეტი იქნება ის მთავარი ძალა, რომელიც ჩვენს შემადგენლობას ახალ საფეხურზე აიყვანს და იმ სწორი გზით, რომელიც ერთად დავსახეთ, უმაღლეს მწვერვალებამდე მიგვიყვანს,”-აღნიშნულია კლუბის ინფორმაციაში.
