კარგი ამბავიც ხდება: ზუგდიდში საკურა აყვავდა


საკურას აყვავება იაპონიაში დღესასწაულია. ამ დილით, ზუგდიდშიც აფეთქდნენ მისი კვირტები და გაზაფხული მოიყვანეს ჩვენს ქალაქში, ფერი დაამატეს. იაპონელი “საკურათმცოდნეები” ამბობენ, რომ ყვავილობის დაწყებიდან, ეს ულამაზესი, იაპონური ალუბლის ხე, შვიდი დღის განმავლობაში, ბლომდე შევარდისფრდება, შეიმოსება და გაზაფხულიც ძალაში შედისო. მათვე, გამოთვლილი აქვთ თურმე, იაპონიის რომელ ქალაქში, რომელ რიცხვებში იფურჩქნება საკურას კვირტები და საკურას მოყვარულები ამ კალენდრით და რუკით მოგზაურობას იწყებენ ქვეყანაში, რომ გაიხანგრძლივონ საკურას დღესასწაულით ტკბობა.

რამდენი ადამიანის შთაგონების წყარო ხდება საკურას პირველი კვირტი და მისი ბოლო გაცრეცილი ვარდისფერი ფურცელი. იაპონელებისთვის, საკურას ხესთან ინიშნება პაემნები მისი ყვავილობისას, საკურას ხის ქვეშ დასვენებას და მუსაიფს სხვა ხიბლი აქვს მხცოვანებისთვისაცო. საერთო ჯამში, საკურას აყვავება იაპონელებისთვის გაზაფხულის დღესასწაულის დასაწყისია.

“ზუგდიდელი საკურაც” ძალიან ლამაზია. ორნი არიან სკეიტ-პარკში, იუსტიციის სახლის უკან… საკურას ზუგდიდური ლეგენდა ამბობს, რომ რამდენიმე ძირი იყო, მაგრამ მხოლოდ ორი გადარჩა, იმასაც ამბობენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აჩუქაო ზუგდიდს. ზოგს ის უფრო ახალი ერის ჩამობრძანებული ჰგონია- საკურა მხოლოდ 7-8 წელს ითვლის და წელს მისი მესამე ყვავილობააო. მეისტორიე, ოდესმე, მოიცლის  ალბათ და ზუგდიდელი საკურას ზუგდიდამდე მგზავრობის ამბავს აღწერს. მანამდე კი, მიიღეთ უბრალოდ კარგი ამბავი,-ადამიანს, რომელიც ერთი კვირაა, საკურას კვირტების გაფურჩქვნას ელოდება, ამ დილით, აყვავებული დახვდა იაპონელების დედოფალი. კორონავირუსმა ვერ შეუშალა ხელი მისი სილამაზის გაფურჩქვნას და გაზაფხულის მოსვლას. მრავალ საკურობას…


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!