- “ზუგდიდელების” სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ირაკლი გულორდავა.
-ირაკლი მოგვიყევით თქვენს შესახებ..
-დავამთავრე ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი. წლების მანძილზე, ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე. დღევანდელი ჩემი საზოგადოებრივი პოზიცია, ხედვები იმან განაპირობა, რომ მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობაში. სოფლის რწმუნებულად ჩემი დანიშვნა სოფლის დიდმა სიყვარულმა განაპირობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სოფელში ბევრი პროექტი განხორციელდა, კიდევ ბევრია განსახორციელებელი. სოფელი ძლიერი უნდა იყოს. იქ ცხოვრება უნდა უხაროდეს მოსახლეობას. თანამედროვე თუ იქნება მისი ინფრასტრუქტურა, სერვისები, მოქალაქეს აქვე მიეცემა განვითარების საშუალება. მახსოვს, როცა ჩხოუშის გამგებლად დავინიშნე, როგორი ემოციით შევხვდი ამ ფაქტს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ხალხის წინაშე. სოფლის მოსახლეობასთან ყოველდღე მაქვს ურთიერთობა. ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ და მაქსიმალურად ვცდილობ, მათი სათქმელი განვახორციელო ან მივიტანო იქ სადაც შეუძლიათ ჩვენს მოქალაქეებს დახმარების ხელი გაუწოდონ და მოუსმინონ.
-სოფელში თქვენი მოსვლის შემდეგ კონკრეტულად რა გაკეთდა?
-ერთ-ერთი უბნის ჭავჭავაძე-დადიანის ქუჩის 1200 მეტრის სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და რეაბილიტაცია. ასევე სოფელში არსებულ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ვგეგმავთ სკვერის მოწყობას და საფეხბურთო მინი სტადიონისთვის ხელოვნური საფარის დაგებას. მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც. მინდა გითხრათ, რომ ჩემი სლოგანია -“ერთად ვაშენოთ სოფელი”. ანუ სოფლის კეთილდღეობაში მთელი სოფელი უნდა ჩაერთოს.
-ბატონო ირაკლი, ვინ დაარქვა სოფელს ჩხოუში?
-ნამდვილად არ ვიცი, ვინ დაარქვა ეს სახელი, მაგრამ ვფიქრობ, მალე შეეცვლება და დაერქმევა “ახალი ოდიში”. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ.
–რას ნიშნავს იყოთ სოფლის ხელმძღვანელი?
-კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხელმძღვანელი იყო ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, ხალხის და საქმის წინაშე. მახსოვს, ბაბუაჩემი მეტყოდა: “ხალხს ყურადღება სჭირდებაო”. დიახ, თუ ხალხის აზრს, სიტყვას მოუსმენ, დარწმუნებული ვარ, საქმეში არ დაგაღალატებენ. ჩემი მიზანია შვილებიც ისეთი გავზარდო, რომ საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეები აკეთონ.
–დადგა დრო ოჯახზე მომიყევით?
– მყავს ორი შვილი გიორგი 15 წლის, ბარბარე 11 წლის. გიორგი ფეხბურთელია. “ოდიში- 1919″-ის კაპიტანი. გარდა ამისა, გიორგი, წელს გახდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე. ერთი სიტყვით, სწავლას და სპორტს ერთად კარგად უთავსებს. ბარბარეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მომავალი პროფესია. ვამაყობ ჩემი შვილების წარმატებებით და მიღწევებით. ასევე ვამაყობ ჩემი მშობლებით ნინო ფიფიათი და თეიმურაზ გულორდავათი. ოჯახი ჩემთვის უძვირფასესია. მეუღლე გახლავთ თამარ წურმუმია. ჩვენ ერთად უნდა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები.
–როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
-პასუხისმგებელი და თავშეკავებული ვარ. ვცდილობ, ყველა საკითხი დადებითისკენ წარვმართო. არ ვარ ბოღმიანი, სულ ვცდილობ ადამიანებს კარგი მხრიდან შევხედო.
-როგორია თქვენი თავისუფალი დრო?
-თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. ასევე მიყვარს ნადირობა და მეგობრებთან ყოფნა.
–დღის, რომელი მონაკვეთი გიყვართ ყველაზე მეტად?
-დილა, იმიტომ რომ საქმე დილიდან იწყება, ამ დროს მეტად ენერგიული და შემართებულია ადამიანი.
-და ბოლოს…
-და ბოლოს, ზუგდიდელებს მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ. გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს.
მასალა მოამზადა როზა როგავამ