ივიკო შენგელია: ყოველი დამარცხება +1 გაკვეთილია


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სამ ზუგდიდელ ახალგაზრდას დაუფინანსა საზღვარგარეთ სწავლა, მათ შორის ერთ-ერთია ივიკო შენგელია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. ივიკო ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ჩარიცხულია ბრემენის უნივერსიტეტში, როგორც გაცვლითი პროგრამის სტუდენტი.

ივიკო შენგელია: -ზოგადად, კონფლიქტები და დაპირისპირებები არ მიყვარს, ბავშვობიდან სიმშვიდე და ჰარმონია იყო ჩემთვის კომფორტის ზონა. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც და ყველგან, სადაც ვარ, ვცდილობ, მედიატორის როლი ვითამაშო, მხარეების პოზიცია გავიგო, გავაანალიზო და მაქსიმალურად ოპტიმალურად ვიმოქმედო, სწორედ ამიტომ მომწონდა საერთაშორისო ურთიერთობები, ეს საქმიანობა დიპლომატიასთანაა ბმაშია და შესაბამისად, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს მოიცავს და ეხება როგორც სამართლის, ისე ეკონომიკის და ისტორიის სფეროებს. სამივე სფერო უაღრესად საინტერესო და ამოუწურავია.

თავის დროზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში მიმიღია მონაწილეობა. კონრად ადენაუერის ფონდის პროექტების ფარგლებში ნიდერლანდებს და ბელგიას ვეწვიე. ასევე, მოდერატების პარტიის ორგანიზებით, ვიყავი შვედეთში. საქართველოში, მრავალი დებატის ჩემპიონატში და ინტელექტუალური ღონისძიებების მარათონში ვმონაწილეობდი. ზოგადად, მიყვარს აქტიურობა და მოძრობა, ილიას აქცენტებს აბსოლუტურად მივყვები,- მხოლოდ მოძრობაა გამოსავალი.

იყო თუ არა რთული სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა?

-ძალიან, მაგრამ ბოლო პერიოდში შევეჩვიე. საქართველოში უამრავი მეგობარი და თანამოაზრე მყავს. მათთან ბევრი იდეა და წამოწყება უნდა განვახორციელო, ამიტომაც მოუთმენლად ველოდები ჩემი შესაძლებლობები გავზარდო, როგორც ცოდნის ისე პრაქტიკის მხრივ. ბუნებრივია, გერმანული კლიმატის შემხედვარეს, საქართველოს, მზიანი დღეები მენატრება.

როგორი იყო შენი პირველი გერმანული შეგრძნებები?

-ძალიან სასიამოვნო… ვფიქრობ, ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი და გამოვცდი, მომავალს იმედით ვუყურებ. უცხო ქალაქში სტუდენტური ცხოვრება ლამაზი და აქტიურია, ყოველდღიური შეკრებებით სავსეა, ძალიან ალამაზებს ერასმუსის პროგრამას ეს აქტივობები.

შენს გარდა, კიდევ თუ არიან ქართველი სტუდენტები?

-დიახ, ერთად ვცხოვრობთ სამნი. პატარა ქართული ოჯახი ვართ.

-რამდენად დაგეხმარებათ გერმანული განათლება წარმატების მიღწევაში?

-მინდა, გითხრათ, რომ ქალაქის მიერ ჩადებული ინვესტიცია ჩემში აუცილებლად ამონაგებით დაბრუნდება, მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება მინდა ქვეყანას და ქალაქს მოვახმარო.

გერმანიიდან დანახული საქართველო როგორია..

-ეს ძალიან კომპლექსური კითხვაა, ვისურვებდი ძალიან ბევრი რამის საქართველოში დანერგვას და გადმოტანას. ზოგჯერ კეთილი შურით მშურს გერმანელი მოხუცების, როცა იმის ბჭობაში არიან, რისი ხორცი მიირთვან ვახშამზე, მაშინ როცა ვიცი, ქართველი პენსიონერი როგორ ითვლის ხურდას პენსიას პენსიამდე.

გერმანული მოდელიდან საქართველოში რას გადმოიტანდი...

-დახვეწილ შრომის კოდექსს და უსაფრთხოებას.. ძალიან, ძალიან გრძელი სიაა.

წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი.

-აუცილებლად სამშობლოში და აუცილებლად პროგრესის, წინსვლის სამსახურში. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი რამის შეცვლა მსურს. საქართველოს ევრო-ინტეგრაციაში მინდა ჩემი აგური დავდო. იმედია, ამის შესაძლებლობა მომეცემა.

რას ურჩევდით სტუდენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ სწავლის გაგრძელება?

-ყოველ დღე, ეძიეთ და იქექეთ ინფორმაციებში, სცადეთ იქ სადაც ფიქრობთ, რომ შანსები მინიმალური გაქვთ, ყოველი დამარცხება +1 გაკვეთილია, გაკვეთილები კი, წარმატების გზაზე ურმის ბორბლებია.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!