თემურ ელიავა-თავისუფლება გზაშია


  • პოეტი თემურ ელიავა უკრაინიდან არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაბრუნდა. ის “ზუგდიდელებთან“ საუბრობს:

-პირველად რა ასაკში დაწერეთ ლექსი?

-რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ. ადრე რუსულადაც ვწერდი. ქართული ჩემთვის შეძენილი ენაა.

-როგორია პოეტი თემურ ელიავა, როცა წერს?

-როცა ლექსი იწერება, დროის სვლას ვერ ამჩნევ. დროც თითქოს სხვანაირად გადის. გგონია, გასულია სადღაც 20 წუთი, ამასობაში, გაიხედავ და ამჩნევ, რომ გათენებულა, საფერფლეც სავსეა და კვამლი დგას ნისლივით… საწერ მაგიდასთან არ ვწერ, ხანდახან კინო კადრებივით თვალწინ წარმომიდგება ხოლმე ნაწერი. წერის პროცესს, კი “მშობიარობას“ შევადარებდი, რადგან, როცა წერ იბრძვი, ტკივილს განიცდი. დაწერ და თითქოს სულიერად გეშვება და თავისუფლდები.

-თქვენი შემოქმედება ფერი რომ ყოფილიყო, რომელი ფერი იქნებოდა?

-ჩემს შემოქმედებას ფერები არ აქვს, შავ-თეთრია.

-როგორ ფიქრობთ, რა არის ცხოვრების აზრი?

-ვთვლი, რომ ცხოვრებას აქვს არსი და არა აზრი. უბრალოდ, ჩვენ ვანიჭებთ აზრს ყველაფერს: პოეზიას, მხატვრობას და ზოგადად შემოქმედებას. აზრი, ერთადერთი ის არის, როცა მოდიხარ ამქვეყნად და იბადები, სასურველია, ისეთი რაღაც გააკეთო და დატოვო, რაც მანამდე არ იყო არსებული. მაგალითისთვის მოვიყვანოთ პოეტი. თუმცა პოეტი მატერიალურს არაფერს ხარჯავს, ხარჯავს მხოლოდ სიტყვებს. ამ სიტყვებიდან კი ქმნის რაღაც ახალს, ისეთ ლექსს, რომელიც მანამდე არ დაწერილა.

-როგორ კვდებიან პოეტები, ან საერთოდ კვდებიან?

-თუ კვდებიან, ალბათ სიყვარულით, ან სიყვარულისთვის.

-ყველასგან გამორჩეული კითხვის მანერა გაქვთ… ეს უფრო არტისტულობასთანაა კავშირში, თუ შინაგანი ემოციებიდან მოდის?

-არასდროს მიფიქრია, მოდი, ამ ლექსს ასე წავიკითხავ თქო. ეს ყველაფერი უნებლიეთ, შინაგანი ემოციებიდან მოდის. ადრე უფრო ემოციურად ვკითხულობდი, ალბათ ენთუზიაზმიც მეტი მქონდა მაშინ…

-მუსიკა ძალიან გიყვართ…

-მუსიკა ჩემთვის უზენაესი ხელოვნებაა. თუ კი, პოეტი ხარჯავს სიტყვებს, მუსიკოსს სიტყვებიც არ სჭირდება. ის მელოდიებით ქმნის რაღაც ძალიან ღირებულსა და ახალს.

ხშირად გქონიათ თუ არა უხერხული მომენტები, ან დაკომპლექსებულხართ?

-არ მიყვარს კამერები, როცა მიღებენ. ხშირად ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ.

-რა არის თქვენთვის თავისუფლება?

-თავისუფლებაა როცა მიდიხარ და არ იცი სად მიდიხარ… როცა გზა არ იცი, არც დანიშნულების ადგილი, თუმცა მაინც მიდიხარ… როცა დილით იღვიძებ და არ იცი ეს დღე როგორ დამთავრდება. თავისუფლება გზაშია.

-უკრაინის თემასაც, რომ შევეხოთ… რამ გადაგაწყვეტინათ უკრაინაში წასვლა?

-უკრაინაში სიყვარულმა წამიყვანა. უბრალოდ არ შემეძლო შორიდან ყურება…

-სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც უკრაინაში ქართველ თანამებრძოლებთან ერთად ლექსს კითხულობთ, მღერით, ერთმანეთს ამხნევებთ… მაინტერესებს, რას განიცდიდით მაშინ?

-ლექსი რომელიც მაშინ წავიკითხე, ყოველთვის “ცარიელი“ ლექსი იყო. საკმაოდ ძველი ლექსია და არც თუ ისე მიყვარს, თუმცა მაშინ, წაკითხვის მომენტში, მან დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ვთქვათ, როცა ადამიანი აცემინებს და ვეუბნებით “ჯანმრთელობა“, ან “სიცოცხლე“, ეს თითქოს ფორმალობაა. მაგრამ იქ, ომში როცა ვიღაც დააცემინებს და “სიცოცხლე “-ო ეუბნები, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ყველაფერი მნიშვნელობას იძენს. ამიტომაც, ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდა, არც არაფერი არ იყო ცარიელი, მათ შორის ის ლექსიც…

მასალა მოამზადა მარიამ კუტალიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!