ზურა ასათიანი სინგაპურზე და ახალგაზრდულ ფორუმზე


  • “Associazione Diplomatici”-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე, ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა: თიკო ლაგვილავამ, მარიამ გულორდავამ და ზურა ასათიანმა მიიღეს მონაწილეობა. სინგაპურზე და ახალგაზრდულ ფორუმზე ზურა ასათიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა:

ზურა ასათიანი:-ჩვენი ვიზიტი დასასრულს მიუახლოვდა.. ხვალ საქართველოში მოვფრინავთ – მოვფრინავთ ძალიან კარგი მოგონებებით, გამოცდილებითა და ამბებით: აქ დაახლოებით 10 დღეა რაც ვიმყოფებით და ამ ხნის მანძილზე სინგაპური “ხელის გულივით” შევისწავლეთ. შეუძლებელია ამ ქალაქმა არ შთაგაგონოს და არ მოგცეს მოტივაცია შენი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის უფრო მეტი მოინდომო.. დავიწყოთ იმით, რომ აქაურობა თითქმის ზუგდიდის ხელაა (რაც ახლაც არ მჯერა), თუმცა მიუხედავად ამისა, თავიდან შეიძლება სულაც ვერ მიხვდე ამას ცამდე გაწვდილი ცათამბჯენების შემყურე. ყოველი კუნჭული ათვისებულია, ყოველი ადამიანი უზომოდ ზრდილობიანი. ყველგან შეხვდებით შთამაგონებელ წარწერებს და ბიძგებს თქვენი ცხოვრება იმავე წამიდან შეცვალოთ უკეთესობისკენ. აქ განათლებას დიდ ყურადღებას უთმობენ, განსაკუთრებით კი ადამიანურობას. ყველა ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ქალაქის უკეთეს ხვალინდელ დღეში და როგორც სტუმარს, თავადაც გთხოვენ პატივი სცე და გაუფრთხილდე მათ ქვეყანას.

აქ ყოველი დილის 5 საათიდან იწყება ჯანსაღი ცხოვრება. თუ ამ დროს ფანჯრიდან გაიხედავთ, თვალს მოჰკრავთ მორბენალ ადამიანებს. რა არის ამაში განსაკუთრებული? აქ დიდი თუ პატარა, მიუხედავად ასაკისა, ყოველ დილით ერთმანეთს ხვდება ქუჩებში და მათი რიცხვი ძალიან დიდია. დღის ნებისმიერი მონაკვეთი, განსაკუთრებით კი დილა, არის ახალი სიცოცხლის, სიჯანსაღისა და განვითარების – როცა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავ, თავადაც გრძნობ, რომ მათ რაღაც სხვანაირად, უკეთ ესმით, განსაკუთრებით კი ის, რომ ერთმანეთი უნდა უყვარდეთ. ძირითადად ხალხი ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდება. როგორც თავად ამბობენ ეს მათ უკეთესი ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ჩემი ყურადღება მიიპყრო ქუჩების უზადო სისუფთავემ და იქ განთავსებულმა ქანდაკებებმა, რომლებიც პირდაპირ თბილი ადამიანური ურთიერთობებისკენ მიანიშნებენ. მათთვის უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყანა, ოჯახი, მეგობრები, ყველასთვის გაწვდილი დახმარების ხელი. ის, რამაც მართლა გამაოცა ამ ქვეყანაში (ხალხის გარდა), არის თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ( თითქმის ყველაფრით გაციფრულებულთან) ჰარმონიულად “შეზრდილი” ბუნება. აქ სულაც ვერ განიცდი სიმწვანის ნაკლებობას, მიუხედავად იმისა, რომ თავს მეგაპოლისში გრძნობ. ხშირად მოჰკრავ თვალს შენობებიდან ტოტებგამოწვდილ ხეებს, ბუჩქებს, ჩამოშლილ სუროებსა თუ სურნელოვან ყვავილებს – ყვავილებს აქ განსაკუთრებული სურნელი აქვთ. რა არის აქ საოცარი? თითქმის იდეალური ქალაქი სულ რაღაც 70 წელიწადში… მაგრამ რა არის ის, რასაც ვერ გაექცევი, როცა ქართველი ხარ? ამ ქვეყნის შესწავლასთან ერთად მალევე აცნობიერებ შენი სამშობლოს ბევრად დიდ კულტურულ-ისტორიულ სიმდიდრეს, მე ვიტყოდი ზესიმდიდრეს და გული სიამაყით გევასება, რომ ასეთი ქვეყნიდან მოდიხარ, მაგრამ თან სევდაც გიპყრობს, როცა ხვდები, რომ ის მეტწილად აუთვისებელია.. სინგაპურიში, როგორც ახალშობილ ქვეყანაში, ახლა ქმნიან კულტურას და ახლა იყენებენ. აქვთ ძალიან ცოტა, მაგრამ ქმნიან ძალიან ბევრს. მივხვდი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან, ძალიან ბევრი, თუმცა ერთობლივად ვაკეთებთ ჯერ-ჯერობით ძალიან, ძალიან ცოტას..

სინგაპურზე ბევრი კომპლიმენტის თქმა შეიძლება, თუმცა ახლა თქვენს ყურადღებას ყველაზე საინტერესო ნაწილისკენ მივმართავ – გაეროს მოდელირება (ჩემს შემთხვევაში გენერალური ასამბლეა) და ახალგაზრდული ფორუმი – ამ მხრივ კი ძალიან კარგი ამბავი გვაქვს.. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან უამრავი ადამიანი გავიცანით და გავაცანით თავი – ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინეთ. ვესწრებოდით რამდენიმე დღიან ახალგაზრდულ ფორუმსა და გაეროს მოდელირებას. ყველას ვაცნობდით ჩვენს პატარა ქვეყნას და ვღებულობდით უზარმაზარ გამოცდილებას. ამ ხნის მანძილზე იმდენი რამე მოხდა, უბრალოდ ვერც კი ვხვდები საიდან შეიძლება დავიწყო თხრობა. იყო დაუვიწყარი ეპიზოდები საკონფერენციო დღეებიდან და იყო დაძაბულობით სავსენიც. თუ ერთ დღეს განვითარებასა და პრობლემების გადაჭრაზე ვფიქრობდით, მეორე დღეს იძულებულები ვიყავით ზოგი “კლიმატისგან” გაყინულთავიანი რუსისთვის გაგვეცა საკადრისი პასუხი – მათ იმდენი ქნეს, რომ ამ ხნის მანძილზე არც არავინ მიჰკარებიათ და ყოველთვის განცალკევებით ჰქონდათ ადგილი… თუმცა მათში იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აღიარეს, რომ პროპაგანდის მსხვერპლნი იყვნენ, საქართველო და ქართველები ძალიან უყვარდათ და ემიჯნებოდნენ სახელმწიფოს პოლიტიკას.

კონფერენცია ჩვენი დელეგაციის კოალიციის მიერ მიღებული რეზოლუციის დამტკიცებით დასრულდა, რომლის ძირითადი თემატიკა ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებულ რისკებსა თუ გამოწვევებთან გამკლავება იყო. ასეა თუ ისე, საქართველომ უზარმაზარი დადებითი ინტერესი გამოიწვია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის და აი კარგი ამბავიც: ჩვენ ვესაუბრეთ იტალიურ დიპლომატთა ასოციაციის პრეზიდენტს, მოვუყევით ჩვენი საქმიანობის, ჩვენს ქალაქში არსებული ახალგაზრდული გაერთიანებებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, რითიც აღფრთოვანებულმა სურვილი გამოთქვა, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ფორუმი რაც შეიძლება მალე საქართველოში ჩაატარონ… გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია, მალე პროექტებს გავუცვლით ერთმანეთს და საჭირო ადამიანების ჩართულობით, თუკი ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენელი საქართველოს ესტუმრება და ეს ყოველ წელს ტრადიციის სახით განმეორდება… – კიდევ ბევრია მოსათხრობი, მაგრამ მოსაყოლ ამბებს ზუგდიდისთვისაც შემოვინახავ.. მოვფრინავთ იდეებითა და ხედვებით.. ეს გამოცდილება, შთაგონება, მოტივაცია და ძალიან კარგი სიახლე შეუძლებელია არაერთი ადამიანის, ნაცნობისა თუ უცნობის, კეთილი ნების გარეშე მიგვეღო და თქვენამდე მოგვეტანა, ამიტომ ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!