ახალგაზრდული ფორუმელების დღიურები-მომავლის ხედვები


  • გაგრძელება. დასაწყისი
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონული, ახალგაზრდული, ფორუმი გამართეს. “ზუგდიდელების” მოხალისე ჟურნალისტმა ნანა თოლორაიამ, რომელიც არის ახალგაზრდული სათათბიროს ადამიანის უფელბათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და თავად იყო ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე, ჩაწერა ინტერვიუები ფორუმელებთან.
არჩილ წულაია

არჩილ წულაია, ახალგაზრდული ასოციაცია “დრონის” პროექტების კოორდინატორი: “ვფიქრობ, საჯარო სექტორის და ამ შემთხვევაში ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის მხრიდან მნიშვნელოვანი წამოწყებაა მსგავსი ფორუმების გამართვა. ცალსახაა, რომ იგი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მხრიდან ჩართულობის ზრდას და მოტივაციის ამაღლებას. აღსანიშნავი ფაქტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალი ინტერესი რაც გამოხატებოდა ფორუმზე უმაღლესი თანამდებობის პირების დასწრებით. იმედი მაქვს, აღნიშნული ინიციატივები არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მიიღებს პერმამენტულ ხასიათს. საკითხებს რაც შეეხება, ძირითად გამოიკვეთა ინფორმაციის და კომუნიკაციის ნაკლებობა საჯარო სექტორსა და ახალგაზრდებს შორის, არის პროგრამები რომელსაც მერია ახორციელებს და ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება და ჩართულობის ზრდა, დარწმუნებული ვარ მერიას და მერიის შესაბამის სამსახურებს ამის რესურსი და ნება გააჩნიათ.

თავშივე მინდა აღვნიშნო რომ ერთი ფორუმის გამართვით არ უნდა გვქონდეს ილუზია რომ მოხდება ყველა პრობლემის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების პოვნა, თუმცა ეს პროცესია მსგავსი მრავალჯერადი აქტივობები საბოლოო ჯამში აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს და მოემსახურება ახალგაზრდების განვითარებას შეყვანა.”

კოჩა ჩანგელია

კოჩა ჩანგელია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, ევროპული სტუდენტური Think Tank-ის მკვლევარი, ევროპის ახალგაზრდა ელჩი: “ცალსახად დადებითი მხარე ფორუმისა მეტი იყო ვიდრე უარყოფითი, თუნდაც ის რომ ფორუმმა შეძლო და გააერთიანა ახალგაზრდა მუშაკები, ექპერტები და სახელმწიფო წარმომადგენლები სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონიდან და არამხოლოდ. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მსგავსი მოდელები ხშირ შემთხვევაში ნახსენებია როგორც შუალედური, ან track 1.5, რომელიც პრობლემის რეზოლუციას ქვემოდან ზემოთ, სამოქალაქო საზოგადოებიდან სახელმიწფო სტრუქტურებამდე დელეგირების საშუალებით ახდენს ხოლმე.

მსგავსი ფორუმების დანიშნულება, არის პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად სტუმრები შერჩეულნი იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო უწყებებიდან, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ გადაწყვეტილებების მიღებასთან ან ლობირებენ საკითხებს.

ზოგადად ჩვენი სენი არის ქილიკისა და კრიტიკისადმი სიყვარული, არაწორად არ გამიგოთ, ჯანსაღი კრიტიკა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზოგადოების განვითარებისთვის, თუმცა ფორუმზე გამოიკვეთა უადგილო და კონტექსტიდან ამოგლეჯილი რეპლიკები და შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპით შეირჩნენ პანელის წარმომადგენლები ან იყო მცდელობები პოლიტიკური კომპონენტის ჩართვისა და ა.შ. თუმცა, ასევე იყო საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაჟღერებულიყო ახალგაზრდების მოტივაციის მხარდაჭერასა და სხვა მრავალ კონცეფციაზე.

პრობლემათა სპექტრი იკვეთებოდა მთლიანი ფორუმის განმავლობაში, თუმცა ამავდროულად ხდებოდა ისეთი პრობლემების გაჟღერება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თვითონ ახალგაზრდების კონტრიბუციით საზრდოობს, მაგალითად ის, რომ ერთი და იგივე ახალგაზრდა ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტებში ერთდროულად ერთვება – საკითხს აჟღერებდა ისეთი ახალგაზრდა, რომელიც თვითონვე არის ამ პროცესის მონაწილე. საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი პრობლემების ნაწილში გახლდათ შემდეგი:

  1. ახალგაზრდების მოტივაციის საკითხი
  2. გადაწყვეტილებების მიღების პროცესსში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა

მიღებული პრაქტიკაზე დაყრდნობით ალბათ, შეიძლება ითქვას ის, რომ ყველა ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა გაეჟღერებინა თავისი შეხედულება არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რისი კოდიფიკაციაც სამუშაო ჯგუფებში მოხდა, ჩამოწერილი საკითხი კი ახალგაზრდული პოლიტიკის ცვლილება/მოდფიკაციის პროცესსში იქნება გამოყენებული. ჩვენ ნამდვილად უნდა ვამაყობდეთ იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთი პირველები ვართ მათ შორის ვინც ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი მუნიციპალურ დონეზე დაამტკიცა. თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუდმივად არ უნდა ვიმუშაოთ მის განვითარებაზე და პრაქტიკაში განხორციელებაზე, სწორედ ამას ემსახურებოდა ფორუმი, ემსახურება ახალგაზრდული სათათბირო და უნდა ემსახურებოდეს სამოქალაქო სექტორი ახალგაზრდების ჩართულობით.”

დავით ლოგუა

დავით ლოგუა, საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის წარმომადგენელი: ახალგაზრდული ფორუმის იდეა განაპირობა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ფარგლებში შექმნილმა “ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტმა”. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ახალგაზრდულ საჭიროებებთან და ინტერესებთან. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდების როლი გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, როგორც რეგიონალურ ისე ადგილობრივ დონეზე არის დაბალი. მუნიციპალური ერთეულების მიერ ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროგრამები ხშირ შემთხვევაში არის თვითმიზნური, რაც თავის მხრივ კორელაციაში არ მოდის ახლაგაზრდულ ინტერესებთან. სწორედ ამიტომ საქართველოს პოლიტიკის ინსიტუტის ფარგლებში არსებულმა ,”ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის“ წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ახალგაზრდული ფორუმი, სადაც ახალგაზრდებს მიეცემოდა საშუალება ფართოდ, გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე ესაუბრათ იმ გამოწვევებზე რომელიც მათ წინაშე დგას.

იდეის გარშემო გაერთიანდა კვალიფიციური გუნდი, ვისთანაც ერთადაც დაიწყო ახალგაზრდულ ფორუმზე მუშაობა და შემდგომ მისი ხორცშესხმა. ფორუმის განხორციელება წარმოუდგენელი იყო, რომ არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ახალგაზრდული სათათბიროს ჩართულობა, რადგან ძირითადი ხერხემალი მთელი ამ ღონისძიების იყვნენ სწორედ ისინი. შედეგმაც არ დააყოვნა, ვინაიდან ზუგდიდში მსგავსი მასშტაბის ფორუმი ჩატარდა პირველად, რაშიც მონაწილეობა მიიღო 150-მდე ახალგაზრდამ.

ფორუმზე მოწვეულები იყვნენ, სხვადასხვა მუნიციპალური ერთეულების წარმომადგენლები, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, ახალგაზრდული სააგენტო, ზუგუდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მუშაკები და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.

ფორუმი შედგებოდა 4 ნაწილისაგან, მათ შორის პირველი ნაწილი შეგდებოდა სამი პანელური სესიისაგან. ფორუმის მსვლელობის პროცესში მოეწყო რეგიონში მომუშავე ახლაგაზრდული ორგანიზაციების პრეზენტაცია, რომელმაც საშუალება მისცა ახლაგაზრდებს გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო თემებს და ეწარმოებინათ თანამშრომლობითი ურთიერთობა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ფორუმისა იყო, სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში ახალგაზრდების პრაქტიკული მუშაობა, რომელიც წარიმართა ზუგდიდის ახალგაზრდული მუშაკების უშუალო ძალისხმევით. თემატურ ჯგუფებში მუშაობით ახალგაზრდებმა სხვადასხვა მიმართულებით გამოკვეთეს პრობლემური გარემოებები და დასახეს მისი მოგვარების გზები, რაც შემდეგ პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ფორუმზე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი იდეები და შეხედულებები გარდაქმნა სამუშაო დოკუმენტად, რომელიც გრძელვადიან პერიოდში გახდება სახელმძღვანელო ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობის ნაწილში.

ფორუმმა საკუთარ თავში მოაზრებული იდეა შეასრულა, რადგან მან ერთ სივრცეში მოუყარა თავი ახალგაზრდებს და მათ საჭიროებებზე მომუშავე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე გამოკვეთა რეგიონალურ დონეზე ახალგაზრდების ინტერესები და საჭიროებები და რაც მთავარია ორივე მხარის ჩართულობით, დასახა ახალგაზრდების წინაშე მდგარ პრობლემათა მოგვარების გზები.

შეჯამებისკენ, ფორუმის იდეის სასიხარულოდ მინდა აღვნიშნო, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბატონმა კონსტანტინე კაკავამ გამოთქვა სურვილი და მზაობა, ახალგაზრდული ფორუმის მომავალ წელსაც ჩატარების. ახალგაზრდული ფორუმი “ზუგდიდი 2022“ იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივმა თვითმმართველობამ და არასამთავრობო სექტორმა ეფექტიანად იმუშაოს”.

საუბარი ჩაიწერა ნანა თოლორაიამ

“ზუგდიდელები” შემდეგ გამოცემებშიც გააგრძელებს ფორუმელებთან საუბარს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!