- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ერგეტის ცენტრიდან ცვანეს ცენტრამდე და ცვანეს ცენტრიდან ანაკლიის ზღვის სანაპირომდე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია გაეცნენ.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გზა წლების განმავლობაში ავარიული იყო და მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. გზის რეაბილიტაცია კი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვისაც.
ცვანეში, გზასთან ერთად მოეწყობა მიერთებები, საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 388 000 ლარს შეადგენს.
ცვანესა და ხეცერაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს.