ზუგდიდში გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია გამართა


ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმოამდგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან გააპროტესტეს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, რომელიც დღეს, თელავში იმართება.  აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით:

“არა სალომეს”, “stop russia”, “ქართული ოცნება”კლავს. მათ ასევე მოიტანეს კარტოფილი და ხახვი, გაერთიანებული ოპოზიციის განმარტებით, იმის ნიშნად, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლები სწორედ ხახვით და კარტოფილით მოისყიდა.

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს არ ჰყავს პრეზიდენტი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აირჩია, არა ქართველმა ხალხმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა. “ბიძინა ივანიშვილის დანიშნულ პრეზიდენტს ქართველი ხალხი არასდროს არ მიიღებს. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას ზუგდიდში შეეწირა ადამიანის სიცოცხლე, იმის გამო, რომ მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორმა ია კერზაიამ უარი თქვა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე. სისტემამ მას საბოლოოდ, მოუღო ბოლო და მასზე განხორციელებულმა ზეწოლამ და ძალადობამ გამოიწვია, ის რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა”.

მოგვიანებით, ანა წითლიძე მხარდამჭერებთან ერთად, შეეცადა შესულიყო გუბერნიის შენობაში და კარტოფილი და ხახვი გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთვის, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. ოპოზიციასა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

Start at

საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა კარტოფილი და ხახვი გუბერნიის შესასვლელთან დაყარეს.აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი მსგავს საპროტესტო შეკრებებს მომავალში პერიოდულად გამართავენ.

ზუგდიდის გარდა, საპროტესტო აქციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში იმართება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!