ზუგდიდი სუფთა ქალაქი რომ იყოს…


დიახ, ზუგდიდი სუფთა ქალაქი რომ იყოს, მარტო „ზუგდიდდასუფთავების“ თანამშრომლების დაუღალავი შრომა არ კმარა. საჭიროა, თითოეულმა ჩვენთაგანმა იზრუნოს ამაზე. სავსებით მარტივი ამბავია-არ დავყაროთ ქუჩაში ნაგავი, არც ურნების გვერდზე მივყაროთ, არც ცეცხლი წავუკიდოთ პლასტმასის ურნებს, საქონელი ქალაქის ქუჩებში უმეთვალყუროდ არ გავუშვათ. საჭიროების შემთხვევაში დავურეკოთ „ზუგდიდდასუფთავების“ ცენტრს და ისინი უზრუნველყოფენ ჩვენს პრობლემებს. აი, რას ეუბნებიან „ზუგდიდელები.გე“-ს ჩვენი თანაქალაქელები.

კარლო ვეკუა, საზოგადოება “ზუგდიდელის” წევრი: „ზუგდიდასუფთავების“ სამსახური სხვა სამსახურებთან შედარებით  ყველაზე ეფექტურად და გამართულად მუშაობს. ქუჩებში ნაგვის ურნები, ყოველ ნაბიჯზეა განთავსებული. გადავსებულ ურნებს დღეს ვერსად ნახავთ, მაგრამ საჭიროა, ამ სამსახურის მუშაობას საზოგადოებამაც  შეუწყოს ხელი. თვალში საცემია ნახევრად გამლღვალი, პლასტმასის  ჩამოსაკიდებელი ურნები, მას ზემოთ აქვს რკინის ფირფიტა, სადაც ადამიანები  ხშირად აგდებენ სიგარეტის  ნამწვავებს, რომელიც მთლიანად ანადგურებს  ურნებს. საჭიროა,  საზოგადოება უფრო ყურადღებით მოეკიდეოს ამ საკითხს. გულდასაწყვეტია და არ ვიცი ეს რომელ სამსახურს ეკუთვნის, მაგრამ ქალაქში პირუტყვი არ უნდა დადიოდეს, როგორც ვიცი, ჯარიმებიც არის დაკისრებული,  მაგრამ მოსახლეობა მაინც არ ითვალისწინებს. ჩვენც ქალაქში გვყავდა  საქონელი, მაგრამ ვერ შევძელით მისი მოვლა და გავასხვისეთ.”

ციცანა თოლორაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი: „თამამად შემიძლია გითხრათ, რომ „ზუგდიდდასუფთავების“ მუშაობა  დასაფასებელია როგორც ქალაქში ასევე რაიონში. მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას  მივმართო -ყველამ დავიცვათ სისუფთავე,  გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს. ჩემი აზრით, აუცილებელია ნაგვის დაყრაზე და პირუტყვის გაშვებაზე  ჯარიმები გამკაცრდეს და საზოგადოებამ იცოდეს ამ სანქციების შესახებ. ჩემთვის გასაკვირია-ადამიანი, რომელიც პირუტყვზე რამდენიმეჯერ დააჯარიმეს, ისევ იგივეს იმეორებს, ქუჩებში სხვადასხვა სახის ნაგავს ყრის და ეს ყველაფერი ზუგდიდელი მოქალაქის გაკეთებულია. ჩვენ, საზოგადოებამ,  ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ჯანსაღ გარემოზე.“

ეკა კაპანაძე, 17 წლის, მოსწავლე: „ქუჩები სუფთავდება, მაგრამ მოსახლეობა არ იცავს წესრიგს და თავისთავად სისუფთავესაც ვერ ვინარჩუნებთ. პრობლემა ჩვენს საზოგადოებაშია და არა ამ სამსახურის საქმიანობაში.“

ნოდარ გოგილავა, 60 წლის, მშენებელი: „სისუფთავის მხრივ, დღეს, ქალაქში უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მე ბუქარესტის ქუჩაზე ვცხოვრობ და ჩვენთან „ზუგდიდდასუფთავების“ მანქანა  კვირაში ორ – სამჯერ  შემოდის და დროულად გააქვთ ნაგავი. რაც შეეხება პირუტყვებს, ადრე არ იყვნენ და ახლა მომრავლდნენ. ეტყობა კარგი პირობები აქვთ. ამბობენ ჯარიმები საჭირო არისო, მაგრამ ამ გაუბედურებულ ხალხს კიდევ ჯარიმები სჭირდებათ? იქნებ, დროთა განმავლობაში შეიცვალოს სიტუაცია.“

გია შონია, 57 წლის, მშენებელი: „ადრინდელთან შედარებით ჩვენი ქალაქი სუფთა და მოწესრიგებულია. მე ლეონიძის ქუჩაზე ვცხოვრობ და ჩვენთან ურნები როგორც კი აივსება, იმთავითვე,  დასუფთავების მანქანები მოდიან  და დროულად გააქვთ ნაგავი. სისუფთავის მხრივ, ქალაქში ნორმალური მდგომარეობაა, მისახედია  გზები და განათებები“.

მანანა სიჭინავა, 57 წლის, დიასახლისი: „მე თამარ მეფის ქუჩაზე ვცხოვრობ, ჩვენთან ერთი ნაგვის ურნა დგას, დასუფთავების მანქანები ყოველ საღამოს მოდიან და დროულად გააქვთ ნაგავი. პრობლემა ისაა რომ, ნაგვის ურნა ძროხებმა რამდენიმეჯერ  წააქციეს, ჩვენ დავუკავშირდით მათ სამსახურს და დროულად მოახდინეს რეაგირება. ქალაქში შესამჩნევია დასუფთავებული ქუჩები, ტროტუარები და სკვერები, მაგრამ ამ დასუფთავებულსაც სჭირდება გაფრთხილება და მოვლა.“

R


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!