დღეს, დილიდანვე, ზუგდიდელი მძღოლები შეიკრიბნენ მერიის წინ. ისინი ითხოვენ კომპანია „მეტრო ჯორჯიას’’ წასვლას ზუგდიდიდან. როგორც აბობენ, პროტესტის ნიშნად დღეს დილიდან არ იმოძრავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ზუგდიდში. ხუთმა მძღოლმა პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართა. მძღოლები ამბობენ, რომ მოშიმშილეთა რიცხვი გაიზრდება და პროტეტს დღის ბოლომდე გააგრძელებენ. მათთან მხარდასაჭერად დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან მძღოლები და აქციებს გააგრძელებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ იქნება ბოლომდე შესრულებული.
“ზუგდიდელები.გე”-სთან საუბარში მძღოლმა მერაბ ხეცურიანმა განაცხადა: „უპატრონოა ჩვენი ქვეყანა, გამკითხავი არავინაა, სამთავრობო სტრუქტურებიდან ჩვენთან არავინ მოსულა. დღეს შიმშილობა აქ დავიწყეთ, მაგრამ მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტში გადავინაცვლებთ, სხვა გზა არ გვაქვს.’’ მძღოლები უყურადღებობაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას, ისინი ითხოვენ პარლამენტის წევრების ჩამოსვლას.