ზეინაბ სარია: დღეს დედაჩემის დღეა


  • დღეს, პირველი დეკემბერია – ცნობილი ზუგდიდელი პედაგოგის, ციალა ქირიას დაბადების დღე. ქალბატონ ციალას ქალიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ზეინაბ სარია, საკუთარ ფეისგვერდზე, აქვეყნებს მოგონებას და ბიოგრაფიულ ცნობებს დედაზე – ქალბატონზე, რომლის ცხოვრების გზაზე იყო ღირსების ორდენი, დამსახურებული მასწავლებელის წოდება, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი და ასეულობით, ჯილდოდ ქცეული, აუწონავი სიყვარული მადლიერი მოსწავლეებისგან, კოლეგებისგან.

“დღეს დედაჩემის დღეა, 93 წლისა მეყოლებოდა, რომ დაცლოდა… ვულოცავ იმიერში და ვინც არ დაიზარებს, შეუძლია თვალი გადაავლოს მისი ცხოვრების გზას. ციალა ქირიას ცხოვრების გზა მხოლოდ თეორიულად გახლავთ იოლი, მთელი არსებით იღვწოდე პედაგოგიურ სარბიელზე, ნამდვილი ცოდნის მეჩირაღდნე იყო, მოსწავლეებში უფლის ტალანტს ამრავლებდე. პრაქტიკულად ეს იმდენად შრომატევადია, იმგვარ რუდუნებას მოითხოვს, ზღვის ამოკრისტალება რომ შეგეძლოს ფირუზებად, ღირსია, მას დაუფინო ღვთიან გზა-ბილიკებზე; ცა რომ ჩამოიკრიფებოდეს საფირებად, ღირსია, მას გაუშალო ფეხქვეშ; მოსწავლეთა მადლიერება რომ იფურჩქნებოდეს ძოწის ვარდებად, ღირსია, მას უძღვნა ყველა!.. ქალაქ ზუგდიდის რჩეულ მასწავლებლებს შორის იყო ამგვარი პედაგოგი – ორესტი ქირიას პედაგოგიური დინასტიის სახელოვანი წარმომადგენელი, ღირსების ორდენის სწორედ რომ ღირსეულად მატარებელი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ყოფილ მოსწავლეთა სიყვარულის ლაურეატი, ქალბატონი ციალა ქირია, რომელმაც 2009 წელს უდიდესი ჯილდო მიიღო უწმინდესისა და უნეტარესისაგან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადასცა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმიდა გიორგის ოქროს ორდენი. ციალა ორესტის ასული ქირია დაიბადა ზუგდიდის რაიონში, სოფელ ცაიშში, 1930 წლის პირველ დეკემბერს. 5 წლისა შეიყვანეს საბავშვო ბაღში, რომელიც ბაბუამისის – ფარნა ჟორდანიას სახლში იყო გახსნილი და სოფლის ცენტრში მდებარეობდა. 6 წლისას დედამ შეასწავლა წერა-კითხვა და ოცნებობდა ევლო სკოლაში, რომლის დირექტორიც მამამისი, ბატონი ორესტი გახლდათ. ბებიამისი – ოლღა აბაშიძე- იყო ცაიშის პირველი ქალთა დაწყებითი სკოლის დამაარსებელი. განათლების დარგში გაწეული ღვაწლისთვის იგი დაუჯილდოვებიათ ოქროს მედლით. ცნობილია, თუ როგორ გადაარჩინა ამ კეთილშობილმა ქალბატონმა სოფელი გენერალ ალიხანოვის დამსჯელ ექსპედიციას.

1937 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა ზუგდიდში, რადგანაც მამა გადაიყვანეს პედაგოგიური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგედ. იმავე წელს ციალა ქირია შეიყვანეს ქალაქის N1 საშუალო სკოლაში, რომელშიც მოთავსებული იყო პედსასწავლებელი. მესამე კლასში სწავლობდა, როცა სკოლის შენობა დაუთმეს ორწლიან სამასწავლებლო ინსტიტუტს. სკოლა გადაიტანეს ახალაგებულ შენობაში (ყოფილი N2 საშუალო სკოლა). ის შორს იყო სახლიდან. ამიტომ გადაიყვანეს ქალაქის პირველ შვიდწლიან სასწავლებელში. დაამთავრა ქალაქის N1 არასრული სკოლა. იმ წელს გაყვეს ბიჭები და გოგოები და სწავლა განაგრძო ქალაქის N1 ქალთა საშუალო სკოლაში (დღევანდელი N4 საჯარო სკოლა). ვაჟთა სკოლა გაიხსნა დღევანდელ N2 საჯარო სკოლაში. 1948 წელს მე-11 კლასი დაამთავრა საუკეთესო თანაკლასელებთან ერთად. მათმა უმრავლესობამ ისწავლა უმაღლეს სასწავლებელში და ჩინებულ სპეციალისტად დაუბრუნდა ზუგდიდს. საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან ოჯახის წევრებს. ალბათ, იქნებოდა რაღაც გაუგებრობებიც, მაგრამ ბავშვებს, ციალასა და მის ძმებს, არასოდეს ხდიდნენ მშობლების შელაპარაკების მოწმედ. საშუალო სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე და შეეძლო უგამოცდოდ ესწავლა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. მაშინ პოპულარული იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, მაგრამ მისი ოცნება გახლდათ პედაგოგობა. წილად ხვდა ბედნიერება, ესწავლა სოხუმის პედინსტიტუტში, სადაც მოღვაწეობდნენ რჩეული მეცნიერები. მისი სტუდენტობის დროს ფაკულტეტის დეკანი იყო საყოველთაოდ ცნობილი მკვლევარი, პროფესორი იოსებ ბოცვაძე. ის კითხულობდა მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიაში ლექციებს. ფოლკლორში ლექციებს კითხულობდა ბენიამინ გვასალია, ჭეშმარიტი ინტელიგენტი, შეყვარებული ეროვნულ სიძველეებზე. მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის კურსს კითხულობდა დავით თევზაძე, ძველ ქართულ ლიტერატურას – ალექსანდრე კიკვაძე. მორფოლოგიაში ლექციებს ატარებდა ალექსანდრე მანჯგალაძე, ხოლო სინტაქსში – ნიკანდრო ბასილაია, ჭეშმარიტი პედაგოგი და უნიჭიერესი მკვლევარი. ციალა ქირია სწავლობდა ბეჯითად და მე-3 კურსიდან წარადგინეს სტალინურ სტიპენდიაზე. 1952 წელს წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი.

1952 წელსვე იგი დაინიშნა ზუგდიდის სახელმწიფო-ეთნოგრაფიულ მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად, შემდეგ – უფროს მეცნიერ-მუშაკად. ამ პერიოდში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე და 1953 წელს იურისტ შოთა სარიასთან ერთად შექმნა ოჯახი. პარალელურად ასწავლიდა ქალაქ ზუგდიდის N2 საშუალო სკოლაში მშობლიურ ენასა და ლიტერატურას. 1959 წელს ზუგდიდში მივლინებით ჩამოსულა სოხუმის პედინსტიტუტის ყოფილი ლექტორი როსტომ წულუკიძე, რომელსაც ლექცია უნდა წაეკითხა ქალაქ ზუგდიდის ინტელიგენციასთან. მას ლექციაზე უხსენებია ზუგდიდელი სტუდენტი ციალა ქირია და უკითხავს, რა იცოდნენ მის შესახებ. ლექციას ესწრებოდა მეუღლე შოთა სარია, რომელსაც უთქვამს, რომ იგი სამი შვილის დედაა. – როგორ, ნუთუ სწავლა არ გაუგრძელებია?- უკითხავს დანანებით ბატონ როსტომს და დაუმატებია: – თუმცა სამი შვილის დედობა სამ დისერტაციას უტოლდება. ბედნიერ დედობას ვუსურვებო. 14 წელი იმუშავა ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. გატაცებით სწავლობდა საარქივო მასალებს და მეუღლესთან ერთად გამოსცა წიგნი “საქართველოს ისტორიის მასალები” (გამოიცა 1967 წელს, გამომცემლობა “მეცნიერება”). ზუგდიდის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი პიესები, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა ხვდა წილად “რუხის ციხის საიდუმლოს”. პრემიერა შედგა 1958 წელს. სპექტაკლი დადგა რეჟისორმა ბუხუტი მაღლაკელიძემ. პიესა წარმოადგენდა ჰეროიკულ დრამას ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულიდან. თეატრის დირექტორის, ბატონ ალექსანდრე ეგუტიას მოთხოვნით, “რუხის ციხის საიდუმლო” მეორედ დაიდგა 1965 წელს. ამჯერად იგი დადგა რეჟისორმა სოლომონ ყიფშიძემ, მხატვარი გახლდათ გივი გაბისონია. მონაწილეობდნენ საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტები: შ. მოსია, ა. როგავა, დ. ყუფარაძე. მსახიობები: ა. მახარაძე, გ. ახვლედიანი, ლ. მურადელი, ზ. გაბუნია, ბ. ცომაია და სხვები. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა ზუგდიდის სამუსიკო სკოლის დირექტორმა, შალვა სიჭინავამ. “რუხის ციხის საიდუმლო” გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალ “ენგურში” 1970 წელს. 1972 წელს იგი ა. არგუნის მიერ ითარგმნა აფხაზურ ენაზე და გამოქვეყნდა ჟურნალ “ალაშარაში”. ციალა ქირიასთვის ძირითადი პროფესია მაინც მასწავლებლობა იყო. 1954 წლიდან შეთავსებით პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქალაქ ზუგდიდის N2 საშუალო სკოლაში (დირექტორი გ. ჩხოლარია). 1967 წელს დანიშნეს ამ სკოლის კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორად. იმავე წელს გადაიყვანეს ქალაქის განათლების განყოფილების მეთოდური კაბინეტის გამგედ. 1970 წლიდან 1975 წლამდე მუშაობდა ქალაქ ზუგდიდის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორად, 1975 წელს კი გადაიყვანეს ქალაქ ზუგდიდის N2 საშუალო სკოლის დირექტორად. ეს ის დრო იყო, როცა მთელ საქართველოში სწავლების კაბინეტურ სისტემაზე საუბრობდნენ. თბილისში პირველმა გრიგოლ კობახიძემ დანერგა ეს სიახლე. ციალა ქირიამ სკოლის კოლექტივთან და თავის მოადგილეებთან (დ. ცხადაია, ლ. გულუა, დ. მაქაცარია) ერთად გადაწყვიტა, სკოლა გადაეყვანათ სწავლის კაბინეტურ სისტემაზე. ეს მაშინ იყო გაბედული ნაბიჯი. სკოლას, გარდა ოთახებისა, არავითარი სასწავლო-მატერიალური ბაზა არ გააჩნდა. დაიწყო ხელწაკაპიწებული მუშაობა. 2 წელიწადში შეიქმნა საკმაოდ აღჭურვილი სასწავლო კაბინეტები. კაბინეტები აღიჭურვა ტექნიკური საშუალებებით (კოდოსკოპი, ეპიდიასკოპი, ფილმოსკოპი, მაგნიტოფონი, კინოაპარატი, ტელევიზორი). ამაღლდა გაკვეთილების ხარისხი, გაუმჯობესდა მოსწავლეთა აკადემიური დონე. გულსატკენია, რომ 1990-91 წლებში (სრული განუკითხაობის პერიოდში) ყველაფერი განადგურდა. გაიძარცვა ოთახები, დაიტაცეს ტექნიკური საშუალებები. რისი გატანაც შეიძლებოდა, გაიტანეს. ციალა ქირიას გაკვეთილები შეუმოწმებიათ მრავალგზის 60-70-იან წლებში ცნობილ მეთოდისტებს და მაღალი შეფასება მიუციათ. ციალა ქირია მოსწავლეებს აჩვევდა დამოუკიდებელ აზროვნებას და აჩვევდა თხზულებაზე მუშაობას ყოველგვარი “შპარგალკების” გარეშე. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში დაიწყო ერთგვარი მოძრაობა პედაგოგიური დინასტიის ოჯახთა გამოსავლენად. მნიშვნელობა ენიჭებოდა თაობათა მონაცვლეობასა და პედაგოგთა რაოდენობას. ზუგდიდის სინამდვილეში ყურადღება შეჩერდა ციალა ქირიას ოჯახზე. ქირიების დინასტია ითვლიდა პედაგოგთა 4 თაობას და იმ ხანად ათნი მოღვაწეობდნენ პედაგოგიურ სარბიელზე. 1983 წლის 27 აპრილს შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა ქირიების დინასტიის საღამო. 1984 წელს საქართველოს კომკავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა და განათლების სამინისტრომ მოაწყვეს საზეიმო შეხვედრა პედაგოგიური დინასტიის ოჯახებთან. ზუგდიდიდან მოწვევა მიიღო ციალა ქირიას ოჯახმა. გრანდიოზული შეხვედრა მოეწყო “მზიურში”. 1985 წელს საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემების რედაქციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ზუგდიდში, რათა გადაეღოთ პედაგოგიური დინასტიის ოჯახის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მათ ყურადღება შეაჩერეს ციალა ქირიას ოჯახზე და მომზადდა გადაცემა “ათნი ერთი დინასტიიდან”. 1984 წელს ზუგდიდის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოსა და საქართველოს კპ ზუგდიდის ქალაქკომის პროპაგანდა-აგიტაციის განყოფილების (გამგე რ. ჯიქია) გადაწყვეტილებით ჩატარდა ოქროსა და ვერცხლის ქორწილის დღესასწაული. ოქროს ქორწილზე მიწვეული იყო კ. ხარებავა თავისი მეუღლით, ხოლო ვერცხლის ქორწილზე კი – ც. ქირია თავისი მეუღლით. მის პირად საქაღალდეს ამშვენებს “სახალხო განათლების წარჩინებულის” სამკერდე ნიშანი. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სამახსოვრო მედალი, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სიგელები… 1987 წელს საკუთარი განცხადებით გათავისუფლდა სკოლის დირექტორის თანამდებობიდან. დარჩა მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად სკოლაში. იმავე წელს დაუნიშნეს რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსია. 1988 წლიდან იყო ქ. ზუგდიდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა მეთოდური გაერთიანების ხელმძღვანელი, მთავარი სპეციალისტი. 1999 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. მიუხედავად ხანდაზმულობისა, შრომას მიჩვეული, წიგნის გარეშე ვერ ჩერდებოდა – წერდა, კითხულობდა, ასწავლიდა ახალგაზრდა მასწავლებლებს, სკოლების კოლექტივებთან შეხვედრისას უშურველად უზიარებს თავის გამოცდილებას კოლეგებს. სახელოვანი პედაგოგის შრომა ღირსეულად დაფასდა. საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმიდა გიორგის ოქროს ორდენი – ეს არის მისი მოღვაწეობის დაფასების ბოლო აკორდი. ციალა ქირიას მეუღლე – შოთა სარია, საქართველოს დამსახურებული იურისტი, ათეულ წელზე მეტი ემსახურა მართლმსაჯულებას. ჰყავს შვილები – ზეინაბ სარია, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; თენგიზ სარია, ბიზნესმენი; ნუგზარ სარია, სამართლის აკადემიური დოქტორი, პროფესორი; შვიდი შვილიშვილი: შოთა ბიჭია, სამართლის დოქტორი, მოსამართლე; მიხეილ ბიჭია, სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ-ს მიწვეული ლექტორი; ქუჯი ბიჭია, ეკონომიკის დოქტორი; შოთა სარია, პროკურორი; ნინო სარია, სასჯლაღსრულების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სოფიკო და მაიკო“ სარიები, ექიმები; ჰყავს ხუთი შვილთაშვილი -ნიკოლოზი, ელენე, ალექსანდრე, ლუკა და ილია. ციალა ქირია გარდაიცვალა 2018 წელს.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!