- ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, მაშინ, როდესაც პუტინი აგრძელებს ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ევროკავშირი ერთგული რჩება მისი გადაწყვეტილების, მხარი დაუჭიროს უკრაინას და დაასუსტოს კრემლის საბრძოლო მანქანის დაფინანსება.
„სანქციების მეოთხე პაკეტი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთის ეკონომიკური და ლოჯისტიკური ბაზისთვის, რომელსაც რუსეთი ეყრდნობა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისას. სანქციების მიზანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ომი უკრაინაში“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მეოთხე პაკეტი მოიცავს:
1. ტრანზაქციების აკრძალვას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ საწარმოებთან;
2. ნებისმიერი რუსი პირისთვის ან სუბიექტისთვის საკრედიტო რეიტინგის ნებისმიერი სერვისის მიწოდების აკრძალვას, ისევე როგორც საკრედიტო რეიტინგის აქტივობებთან დაკავშირებით ნებისმიერ სააბონენტო სერვისებზე წვდომის აკრძალვას;
3. იმ პირთა სიის გაფართოებას, რომლებსაც აქვთ კავშირი რუსეთის თავდაცვით-საწარმო ბაზასთან, რომლებსაც უწესდება უფრო მკაცრი შეზღუდვები იმ მასალებსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ დახვეწას
4. რუსეთის ენერგო სექტორში ახალი ინვესტიციების განხორციელების აკრძალვას, ასევე ენერგო ინდუსტრიისთვის ყოვლისმომცველი შეზღუდვების წარმოდგენას აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და სერვისის ექსპორტზე;
5. შემდგომი სავაჭრო შეზღუდვების წარმოდგენას რკინისა და ფოლადის, ასევე ფუფუნების საგნების მიმართულებით;
ამასთანავე, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი სანქციები დაუწესოს ოლიგარქებს, ლობისტებსა და პროპაგანდისტებს, ჯამში 600-ზე მეტ პირს, რომელიც კრემლის ნარატივს ავრცელებს. სანქციები უწესდება საკვანძო კომპანიებს ავიაციის, სამხედრო ინდუსტრიის, გემთმშენებელ და მანქანათმშენებელ სექტორს.