დღეს, სასახლემ, 300-ზე მეტ ინტელექტუალს უმასპინძლა


დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (ხელმძღვანელი ჯენეტ ქვარცხავა) 300-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

ითამაშა 50-მა გუნდმა, თითო გუნდში 6-6 მოსწავლე და 3-3 სარეზერვო მოთამაშე იყო. თამაშში სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ინტელექტუალები სვანეთიდან, ხობიდან, სენაკიდან, ქ. ზუგდიდიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემებიდან.

დღეს გაიმართა ორი ტური. პირველი ტურის (22 გუნდი) გამარჯვებული გახდა მესამე საჯარო სკოლის გუნდი “ევერესტი”,  მეორე ტურში (28 გუნდი) გამოვლინდა სამი გამარჯვებული: მეორე საჯარო სკოლის გუნდი “ჯინსების თაობა”, სენაკის კერძო სკოლის გუნდი “მარიტა” და ნაკრები გუნდი “გოდო”.

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა ნინელი ჭითანავამ “ზუგდიდელებთან საუბარში განაცხადა: “დღევანდელ თამაშში მონაწილეობა მიიღო სამასზე მეტმა მოსწავლემ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი მათგანი იყო  სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქიდან. ხაიშიდან ჩამოვიდნენ მოთამაშეები, საზღვრისპირა სოფლებიდან ჩამოვიდნენ.  ეს იყო ნამდვილი ზეიმი, ინტელექტუალთა კლუბის დიდი გამარჯვება, პირადად ქალბატონ ჯენეტის დიდი გამარჯვება, რომ მან წარმატებით ჩაატარა ასეთი წარმომადგენლობითი თამაში.”

ინტელექტუალთა კლუბის ხელმძღვანელმა ჯენეტ ქვარცხვამ გვითხრა, რომ ეს იყო ნანატრი თამაში, რომელზეც წლების განმავლობაში ოცნებობდა კლუბი. ეს იყო თამაში საკუთარ სახლში და რომ ამის შესაძლებლობა მისცა მათ განახლებულმა სასახლემ. ქალბატონი ჯენეტი ამბობს, რომ დღევანდელმა თამაშმა არაერთი ინტელექტუალი, საინტერესო მოთამაშე აღმოაჩენინა მას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!