- აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოთქვა მოსაზრება, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შესაძლოა, ვირუსი შეაკავოს.
„ვხედავ, რომ სადეზინფექციო საშუალება ერთ წუთში ანადგურებს მას. არსებობს გზა, რომ რამე გავაკეთოთ, შიგნით შეყვანით ან თითქმის გაწმენდით? რადგან, თქვენ ხედავთ, რომ ის ფილტვებში აღწევს“, -გაანცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამის გამოცდა საინტერესო იქნებოდა.
„საინტერესო იქნებოდა ამის გამოცდა. ასე რომ თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუმცა ეს ჩემთვის საინტერესოდ ჟღერს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამავე ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა გამოთქვა ასევე ვარაუდი, რომ ინფიცირებულების მკურნალობა შესაძლოა, ეფექტიანი იყოს ულტრაიისფერი შუქის ან ძლიერი სხივის გამოყენებით.
ეს მოსაზრება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ბილ ბრაიანმა ბრიფინგზე წარადგინა მისი გუნდის მიერ შესრულებული კვლევა, რომლის თანახმადაც ვირუსი ნაკლებად ცოცხლობს თბილ გარემოში.
„ვირუსი უფრო სწრაფად კვდება მზის შუქზე“, – აღნიშნა ბრაიანმა.
„წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ სხეულს დავარტყით უზარმაზარი ულტრაიისფერი ან უბრალოდ ძალიან ძლიერი სხივი. თქვენ თქვით, რომ ეს არ შემოწმებულა. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ სხივი სხეულში შეგყავთ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ კანიდან ან სხვა გზით და ვფიქრობ, თქვენ თქვით, რომ ამის გამოცდას აპირებთ. მე ვისურვებდი, რომ თქვენ დაელაპარაკოთ ექიმებს, რათა ნახოთ, თუ არსებობს რამე სინათლის და სიცხის სამკურნალოდ გამოყენების რამე გზა. შეიძლება, თქვენ შეგიძლიათ, შეიძლება – არა. მე ექიმი არ ვარ. თუმცა მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი – თქვენ იცით, რაც“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და ხელი თავთან მიიტანა.
დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ რამდენიმე ცნობილმა ექიმმა მოსახლეობა სადეზინფექციო საშუალებების ან ულტრაიისფერი სხივის გამოყენების საშიშროების შესახებ გააფრთხილა.