“დარჩით იქ, სადაც უყვარხართ” – ემიგრანტის ჩანაწერები – ეთერ კვირკვია


  • გვიანი ღამეა. ემიგრანტის ჩანაწერებს ვკითხულობ. ზუგდიდელი ეთერი კვირკვია, ახლა, იქ, ლოს-ანჯელესში, “ანგელოზების ქალაქში”, კალიფორნიაში, ახალ დღეს იწყებს,-სამშობლოდან, ოჯახიდან შორს.

საქართველო

“დავიბადე ქ. ზუგდიდში, დავამთავრე ზუგდიდის მე-3 საშუალო სკოლა, 1985 წელს კი, როსტოვის უნივერსიტეტი. ვმუშაობდი ქ. ზუგდიდის  ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერის ლაბორატორიის გამგედ. შემდეგ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი თბილისში. ვიყავი ჩემს ქვეყანაში, ვაკეთებდი ჩემთვის საყვარელ საქმეს. 2011 წელს, გადავწყვიტე, საქართველო დამეტოვებინა და გავემგზავრე ესპანეთში ჩემს მეგობართან, რომელმაც ხელი მომიმართა”.

ესპანეთი

ეთერ კვირკვია-პირველი დღე ემიგრაციაში.

“ემიგრანტული ცხოვრების ყველა დღე ერთმანეთს გავს … გარდა დასვენების დღეებისა… ჩემი დღე, პირველი ორი წელი, ესპანეთში, ტკივილით იწყებოდა. ტკივილს სახელად მონატრება ერქვა, უკმარისობა, სევდა. მაგრამ ეს ყველაფერი “ჩავჭერი“ და მხიარულ არხზე  გადავერთე. ვმუშაობდი ოჯახში, მოხუცთან. შრომატევადია საოჯახო საქმეების შესრულების პროცესი, მაგრამ დრო უცებ გადიოდა. დღეში 3 საათი “გამოსასვლელი“ დრო მქონდა. ამ დროს მთელი დღის დაღლილობა მეხსნებოდა. გავდიოდი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ვხვდებოდი  ემიგრანტ ქართველებს და ეს სამი საათიც უცებ გარბოდა. სამშობლოდან წამოსვლა, ზოგადად, ძალიან ძნელი გადაწყვეტილება იყო ჩემთვის, მაგრამ იმ დროს, სხვა გზა  არ მქონდა. ძალიან ძნელია ამ ორი ეტაპის შედარება. ეს არის ჩემი ცხოვრების გამოწვევები და სირთულეები. სწორედ სრულიად უცხო მიწაზე მივხვდი, რამდენად დავცილდით ადამიანები ერთმანეთს. ჩემი ცხოვრება ორ ნაწილადაა დაყოფილი: ემიგრაციიდან ემიგრაციაში”.

ამერიკა, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი

“რაც შეეხება ჩემს ამერიკულ ცხოვრებას, 9 თვეა ჩამოვედი. ვმუშაობ რესტორანში, საბანკეტო დარბაზში, კვირაში 3 დღე, დილიდან გვიან ღამემდე. ვიღლები კიდევაც, მაგრამ ამასაც ნელ-ნელა ვეგუები. ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. ვცდილობ, არ ვინერვიულო, სამშობლოსგან დაშორებაზე ბევრი არ ვიფიქრო. ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ ზუგდიდელებისთვის კარგად ცნობილ ქეთინო ჯოლიასთან ერთად. საღამოობით ვიხსენებთ ჩვენს ქალაქს. ბევრიც გვირეკავს საქართველოდან და ასე მიდის დრო..”

ფოტოზე მარცხნიდან: ქეთევან ჯოლია, ეთერ კვირკვია, ნიკა ქარჩავა, შუაში დგას ქეთი ქარჩავა.

ქართული ურთიერთობები სამშობლოდან შორს…

“ქართული ურთიერთობები ჩემი სულის მალამოა. 11 წელი ვიცხოვრე ესპანეთში. ქართველებთან ურთიერთობამ გადამატანინა ემიგრანტის ტკივილები. იქ, დასვენების დღეებში, ხშირად ვიკრიბებოდით ქართველების დაბადების დღეებზე, ექსკურსიებზე. 3 თვეში ერთხელ, ჩამოდიოდა ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ხელმძღვანელი, მამა ლუკა ფალავანდიშვილი. წირვა-ლოცვაზე დასწრება იყო ჩემი სულის საზრდო. რაც შეეხება ერთმანეთის თანადგომას, მხარდაჭერას, შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ გვერდში ამოვუდგეთ ერთმანეთს აქ მყოფი ქართველები”.

მონატრება

“მყავს ვაჟიშვილი – გიორგი კეიდია, 44 წლის. როცა მას ვესაუბრები და ტელეფონის ეკრანზე ვუყურებ, არ მინდა გამომეპაროს – რას განიცდის, – სიხარულს, თუ ტკივილს. რთულია, როცა შვილი გეუბნება: „ – დაბრუნდი…“ მე კი  ჯიუტად ვპასუხობ: „ – დავრჩები სანამ შემეძლება…“ გამიგეთ, მინდა, ჩემთვის შევიქმნა სიბერის ნორმალური ცხოვრება. არ მინდა, დაბრუნების შემდეგ, შვილზე ვიყო დამოკიდებული, არც ის მინდა, გაუცხოებულმა ვიცხოვრო. მენატრება ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც ემიგრაციაშია, მენატრება ჩემი ძმისშვილები, მენტარება ბოლო 10 წელს, ესპანეთში შეძენილი მეგობრები, ჩემი ნათესავები, სამეგობრო, ჩემი ქალაქი, ჩემი აფხაზეთი… ყველა და ყველაფერი მენატრება. ამ მონატრებას ძირითადად, სოციალურ ქსელში გამოვხატავ. მე დავტოვე საქართველოში დარდი, სიყვარული, ტკივილი, ჩემი მშობლების საფლავი, ჩემი დედობა… თავს იმით ვიიმედებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი გადმომხედავს და მშვიდობით დამაბრუნებს მონატრებულ ხალხთან და ქვეყანასთან…”

საქართველო ამერიკიდან

“როგორ ჩანს საქართველო და ჩვენი კუთხე აქედან? – შორიდან ვადევნებ თვალს და ვხედავ, რომ ხალხს უჭირს. შური, გაუტანლობა, შუღლი, ბოროტება, აგრესია, გულგრილობა უფრო ართულებს ყოფას. ერთიანობა გვაქვს დაკარგული. მინდა, მოქალაქეებს ნაკლები ჰქონდეთ სადარდებელი, არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის გათენების. პენსიით უნდა შეეძლოთ მოხუცებს ცხოვრება, მკურნალობა, დასვენება. ხელისუფლება უნდა შეეცადოს, არსებული რესურსებით, ქვეყანა ფეხზე დააყენოს. მეტი ყურადღება და სიყვარული მართებთ მოსახლეობისადმი… ევროპის და ამერიკის ფონზე და აქაური გადასახედიდან, ძნელია შეაფასო ჩვენი განვითარების დონე. შედარებაც შეუძლებელია. საზოგადოების ცნობიერება სრულად განსხვავებულია. არა მგონია, დაბალგანვითარებულ ქვეყანათა ჯგუფს მივეკუთნებოდეთ, უფრო განვითარებად ქვეყანად ვთვლი საქართველოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიხარია, დღითიდღე რომ ლამაზდება ქალაქები და საკურორტო ზონები. მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და იმედია, ყველაფერი გამოსწორდება.”

დაბრუნება

“ნებისმიერი ემიგრანტი თანაგრძნობას იმსახურებს, რადგან უსამშობლოოდ მყოფი, თავის ფესვებს მოწყვეტილი, მუდმივ სიცარიელეს, მარტოობასა და სულიერ შიმშილს განიცდის. საქართველო მუდმივად იყო ყველა ერისთვის სასურველი და მიმზიდველი ქვეყანა. ვისურვებდი, იმდენად გაძლიერებულიყოს, მატერიალური, თუ ყოფითი პრობლემებით დამძიმებული ქართველი არ ტოვებდეს და უცხო ქვეყანაში არ ეძებდეს რეალიზებისთვის ხსნას. ემიგრანტებმა კარგად ვიცით, როგორ ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები. წლებია, ვუყურებ, თუ როგორ ცხოვრობენ ევროპაში, ახლა უკვე ამერიკაში, საშუალო ფენა, მდიდრები და აქ უკვე მილიონერები. მინდა, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში დაბრუნება. მინდა, ხელისუფლების მხრიდან ხალხის მეტი დაფასება მოხდეს, დაფასდეს ჩვენი შრომა… გაბრწყინებულ, ერთიან საქართველოში (აფხაზეთი, ოსეთი) დაბრუნება გვინდა. გვინდა, რომ სხვანაირ სამშობლოს ვხედავდეთ, ერთიანს, მებრძოლს, მდიდარს.”

 ყველა ემიგრანტი სულით მებრძოლია

“ადამიანი ბუნებით უკმაყოფილოა მუდამ… ყოველთვის, უფრო მეტის მიღების სურვილი აქვს. ამიტომაც არ ჩერდება. ცდილობს, უკეთესი გახადოს ცხოვრება და ყველა გზასა და ხერხს ეძებს, რომ მიზანს მიაღწიოს. სამშობლოში თუ ვერ ახერხებს, საზღვრებს გარეთ იპოვის გამოსავალს. მთავარია, გასაქანი ჰქონდეს. ყველა ემიგრანტი სულით მებრძოლია, გამბედავია. ამას ისიც ადასტურებს, რომ ის არ შეუშინდა უცხო ქვეყანაში გამგზავრებას, თავის დამკვიდრებას. უსამშობლოობა მისთვის დიდი დანაკლისია”.

ექსკურსიაზე ქართველ ემიგრანტებთან.

ჩვენი შემდეგი რესპონდენტი – ემიგრანტული ალავერდი

“ემიგრანტი ქართველები გულგატეხილნი არიან, რომ წარმატებას უცხო ქვეყნებში აღწევენ, თავიანთ სამშობლოში კი, ამას ვერავინ ხედავს. არადა, ძალიან ლოგიკურია ის, რომ მათი სახით ქვეყანას აკლდება ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისაც მართლა შეუძლია ქვეყნისთვის თავდაუზოგავად მუშაობა და მისი განვითარებისთვის ბევრის გაკეთება. ემიგრანტის სახით, ქვეყანას ყოველდღიურად აკლდება პატრიოტი, ვინც მზად არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავდაუზოგავი შრომა გასწიოს. ყველა ემიგრანტი ფესვებს მოწყვეტილი შვილია. ემიგრანტებიდან ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი რესპონდენტი? ესპანეთიდან, ზუგდიდელები: მანონი თოდუა, მაკა სანაძე. ლოს-ანჯელესიდან, ზუგდიდელები: ირმა გვილია,  ქეთინო ჯოლია. 13 წლის  ასაკიდან აშშ-ში მცხოვრები, 24 წლის ახალგაზრდა გიორგი გვილავა. ბევრი არიან… მე, დრო და დრო, გაცნობებთ მათზე”.

უცებ, რომ გითხრან, ზუგდიდში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე  წამოდითო…

“არასოდეს მიფიქრია. ვფიქრობ, საჯარო პირი არ ვარ, თუმცა, შევეცდებოდი, შემექმნა, ზუგდიდელი ხალხისთვის, ისეთი გარემო, რომელშიც ისინი იგრძნობდნენ თავს მაქსიმალურად კომფორტულად. ვისურვებდი, ყველა დასაქმებული იყოს. ხალხს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს და არ უწევდეს მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ფიქრი. ქვეყნიდან ხალხი სურვილით მიდიოდეს განსატვირთად და არა იძულებით”.

წლები უმოწყალოდ გარბის...

“გულით მინდა დავბერდე საქართველოში, მაგრამ „ცოტას კიდევ მოვითმენ“. თან ვიცი, ამას შეიძლება წლები დაჭირდეს. ემიგრანტობა დაუსრულებელი გზა ყოფილა. ისე სწრაფად, როგორც შენ გინდა, არაფერი გამოდის”.

მოკითხვა

“ვის მოვიკითხავ ზუგდიდში? ცას, მდელოს, მზეს, ყველა ახლობელს, ყველა მეგობარს (განსაკუთრებით კი, პატიმრობაში მყოფ ჩემს მეგობარს), საძმოს, სადაქალოს და ყველას, ვისთანაც ოდნავ შეხების წერტილი მქონია. ვირტუალურ სამყაროში არ იგრძნობა დრო და მანძილი და აქედანაც არავისი მოკითხვა არ მიჭირს. ზუგდიდი პატარაა. ყველა ყველას იცნობს, ან თუ არ იცნობს, გაგონილი მაინც ექნება, სახეზე მაინც იცის, ვინ ვინ არის. მომიკითხეთ პირადად ყველა ნაცნობი და უცნობი. მე ყველა მიყვარს! …და ბოლოს, მინდა ვუთხრა ყველას – თუ ძალიან აუცილებელი და გამოუვალი მდგომარეობა არ აქვთ, არ დატოვონ ოჯახები. თავი ოჯახს და შვილებს დაუთმონ. დარჩით იქ, სადაც უყვარხართ… გეფერებით ყველას, მიყვარხართ”.

ემიგრანტის დღიურებზე იმუშავა ნანი მოსიძემ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!