დალი ძიგუას სიკეთე


“წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის” ხელმძღვანელმა სალომე ფაცაციამ, რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: ” სასწაულები ხდება წამებში… მეგობრებო, მინდა, გახაროთ, ერთი სასიამოვნო ამბავი, ერთი სურვილი ჩავიფიქრე ამ საახალწლოდ. მეგონა, რომ არ ამიხდებოდა, ჩემი ოცნება კი უკეთილშობილესმა, უერთგულესმა, თავის ქალაქზე და თანაქალაქელებზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ქალბატონმა დალი ძიგუამ-ამიხდინა, ქალბატონმა, რომელსაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე და იმ ადამიანებზე ვისაც ჩვენი, თქვენი თანადგომა სჭირდებათ. ქალბატონი დალი მზადაა თავის აგარაკი “კომბინატში” დაუთმოს მოხუცთა სახლს. ქალბატონი დალი არის სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი. ჩვენი უბნის “კომბინატის” ბრილიანტი”.

“ზუგდიდელები” დაუკავშირდა ქალბატონ დალი ძიგუას. “ზუგდიდში დავიბადე, აქ გავიზარდე და ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. მგონია, რომ ადგილობრივები მიცნობენ. ცუდი არასდროს შეგნებულად არ გამიკეთებია. რაც შეეხება აგარაკის მოხუცთა თავშესაფრისთვის გადაცემის იდეას, მეგობრები ვისხედით და ვსაუბრობდით, ერთ-ერთმა, სალომე ფაცაციამ თქვა, რომ  მას  მოხუცთა თავშესაფრის მოწყობა სურდა, მაგრამ ფართი არ ჰქონდა და შენობის აშენებას კი ვერ ახერხებდა. მე ვუთხარი, თუ თქვენ მარტო ფართზე ხართ დამოკიდებული და დანარჩენი ყველაფერი წესრიგში გაქვთ, მე შემიძლია დახმარების ხელი გამოგიწოდოთქო. შევსთავაზე ჩვენი ოჯახის აგარაკი. გაუხარდა ყველას. მოგვიანებით სალომეს პოსტი დაუდია თავის გვერდზე. არ მინდოდა ამის დადება, ვუსაყვედურე კიდეც. ვუთხარი: ჯერ ბოლომდე მიგვეყვანა ყველაფერი მეთქი. მე თანხმობა მაქვს მიცემული. რაც ვთქვი ძალაში იქნება. მაგრამ, ამას ძალიან ბევრი პროცედურა სჭირდება. როცა ჩამოვყალიბდებოდით და საქმეს გავაკეთებდით, მერე უნდა გვეთქვა მეთქი. ჩვენ იმ სახლში ზაფხულობით მივდივართ, აქვეა “კომბინატში”. სულ დაკეტილია. მე ბინაში ვცხოვრობ, შვილი თბილისშია. სახლში 20-25 ადამიანი მოთავსდება, გაფართოებაც შეიძლება.”

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!