დალი არონია: თაობებმა უნდა იცოდნენ სამშობლოს ისტორია


  • დალი არონია ქალაქის მე-4 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელია, მისი საგანი ისტორიაა. შეყვარებულია თავის ქვეყანაზე, ქალაქზე, ოჯახზე და იმ ახალგაზრდებზე, ვინც საქართველოს ისტორია უნდა გააგრძელონ.

დალი არონია: “მინდოდა იურისტობა, მაგრამ გახსოვთ ალბათ, რომ კომუნისტების დროს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მოხვედრა ორწლიანი სამუშაო სტაჟის გარეშე შეუძლებელი იყო და ამიტომ ჩავაბარე თსუ–ს ისტორიიის ფაკულტეტზე იმ იმედით, რომ გადავიდოდი სამართალმცოდნეობაზე, მაგრამ მერე აღარ მომინდა”.

-ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეთ, რას გააკეთებდით?
-ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ალბათ, იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ არის რაღაც, რაც უნდა გამეკეთებინა… მეტი შვილი უნდა გამეჩინა.
-თვისება, რომელიც თქვენში ყველაზე მეტად მოგწონთ?
-ჩემში რა თვისებაც მომწონს ეს არის სიყვარულის უნარი, კაცთმოყვარეობა, მოყვასის სიყვარული, მეგობრული სიყვარული.
-და თვისება, რომელიც არ მოგწონთ და ცდილობთ გამოასწოროთ?
-არ მომწონს ის, რომ ძალიან მიმდობი ვარ, მიყვარს ბევრი ლაპარაკი.
-თქვენი პირველი წარმატება.
-წარმატება ბევრი მქონია და გულდაწყვეტაც, არ ვიცი, რომელი გავიხსენო. ბოლო ხანებში, ეს არის ალბათ სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება პირველ წელსვე (8 წლის უკან). გასულ სასწავლო წელს კი, სქემის ფარგლებში შევძელი მომეგროვებინა საჭირო კრედიტქულები და გამევლო გარე დაკვირვება, რის შედეგაც მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
-და თქვენს წარმატებებში ყველაზე დიდი წვლილი ვის მიუძღვის?
-რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, მაგრამ არ ვიქნები სამართლიანი არ აღვნიშნო ჩემი სკოლის დირექციის მხარდაჭერა ახალი სტატუსის მოპოვებაში.
-ცხოვრებაში რისი სურვილი გაქვთ?
-ერთიანი, ძლიერი საქართველოს ხილვის. მაშინ ასე მგონია ყველაფერი კარგად იქნება.
-ხართ თუ არა ემოციური… წონასწორობიდან თქვენი გამოყვანა ვის შეუძლია?
-კი, ემოციური ვარ, წონასწორობიდან გამოვყავარ იმას, რომ ზოგიერთი მაღალკლასელი მოსწავლე მეუბნება ისტორიას არ ვაბარებ და რატომ უნდა ვისწავლოო (საბედნიეროდ ხშირად არა). მათ შეგნებული არა აქვთ, რომ ყოველი ადამიანი განსაკუთრებით ახალგაზრდა ვალდებულია იცოდეს თავისი სამშობლოს ისტორია და ლიტერატურა. პატივს სცემდეს საკუთარ ენას და მისი მოვალოებაა ქართული ენის სიწმინდის დაცვა.
-ცხოვრებაში რას ნანობთ?
-სწავლის გაგრძელებაზე ვთქვი უარი და არ მოვიპოვე სამეცნიერო ხარისხი (ოჯახური მდგომარეობის გამო).
-ძალიან ბევრი ფული რომ გქონდეთ?
-ბევრი ფული რომ მქონდეს შვილებს საზღვარგარეთ, ცნობილ უნივერსიტეტში მივაღებინებდი განათლებას. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებს დავეხმარეობოდი, ასევე დავეხმარეობოდი გაჭირვებულ ოჯახებს და ა. შ.
-შეგიძლიათ თუ არა პატიება?
-შემიძლია პატიება, ჩემი ხასიათის ყველაზე ძლიერ მხარედ ეს მიმაჩნია, მაგრამ ეს ერტბაშად არ მოსულა, 20 წელზე მეტია აღმსარებელი ვარ და რწმენა დამეხმარა იმაში, რომ შევძლო იმ ადამიანების პატიება, რომელთაც ძალიან მატკინეს გული.
-დღე, რომელსაც დაივიწყებდი, საკუთარი ცხოვრებიდან ამოშლიდით?
-ძალიან ბევრი დღეებია ჩემს ცხოვრებაში, რომელთა დავიწყებაც მინდა, მაგრამ დღესაც ყურში ჩამესმის ორი სიტყვა “დედა ომში მივდივარ” ეს იყო 2008 წლის 9 აგვისტო. უფალმა გადამარჩინა. მეგონა დამიდგა მშვიდობიანი წლები, მაგრამ ისევ მქონდა ერთი უბედური დღე, როდესაც ჩემი ერთადერთი დის დიაგნოზი შემატყობინეს. მე მგონი უფალს ვუყვარვარ, ღვთის წყალობით აქედანაც გამოვძვერი.
-ახლა, ამ წუთში, რაზე ოცნებობთ?
-ამ წუთში ჩემი შვილიშვილების ნახვაზე (ისინი თბილისში ცხოვრობენ და მხოლოდ ზაფხულობით არიან ჩემთან).
-როცა დაძაბული პერიოდი გაქვთ, როგორ იქცევით?
-დაძაბულობას ვიხსნი კითხვით, ან კარგი კლასიკური ფილმის ნახვით (თუ მაქვს დრო).
-თქვენ საკმაოდ პოპულარული პედაგოგი ბრძანდებით, როცა გაქებენ როგორ მოქმედებს თქვენზე?
– პოპულარობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბავშვების სიყვარულს ვგრძნობ, განსაკუთრებით კურსდამთავრებულის.
-ოჯახზე მომიყევით…
– ჩემი მეუღლე გახლავთ რობერტ ჭურღულია პროფესიით ვეტექიმია, ჩვენ 1985 წელს შევქმენით ოჯახი. გვყავს 2 ვაჟიშვილი, დავითი პროფესიით იურისტია, უახლოეს ხანებში აქვს სადოქტოროს დაცვა. ხოლო გიორგი მამის პროფესიას გაჰყვა,–პროფესიით ვეტექიმია. დავითს ჰყავს ოჯახი, მეუღლე ანა კვარაცხელია, პროფესიით ბანკირია. ყავთ ორი შვილი 9 წლის მარიამი და 3 წლის გიორგი.
-ხართ თუ არა ბედნიერი?
-კი, პირად ცხოვრებაში ვარ ბედნიერი. მყავს მზრუნველი მეუღლე 34 წელია და შვილები და შვილიშვილები, მაგრამ როგორ შეიძლება იყო ბედნიერი იმ ქვეყანაში, რომლის საუკეთესო ნაწილი ოკუპირებულია.
საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!