- ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი ანზორ (დავით) ოყუჯავა “ზუგდიდელებთან” საუბრობს მისი ამ თანამდებობაზე მოსვლიდან დღემდე განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე.
ანზორ (დავით) ოყუჯავა: -იმთავითვე უნდა გითხრათ, რომ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმს ჰყავს სტრატეგიული განვითარების ძალიან საინტერესო და წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც შედგება ხუთი წევრისგან. საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, პროფესორი, გიორგი კალანდია. საბჭოს შემადგენლობაში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, დოქტორი იზოლდა მელიქიშვილი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ლევან თაქთაქიშვილი და კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ბაჩო კეკელია. სტრატეგიული განვითარების საბჭოს მუშაობა მიზნად ისახავს ზუგდიდის დადიანების სასახლეებში სამუზეუმო ცხოვრების გააქტიურებას, მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას, მუზეუმის ევროპულ-კულტურულ და სამუზეუმო სტრუქტურებში გაწევრიანებას, აქ დაცული საგანძურის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლებასა და დონორების მოზიდვას. სწორედ ამ ჯგუფთან და სასახლის გუნდთან ერთად იქმნება ყველა ის პროექტი, რომელსაც საზოგადოებას ვთავაზობთ.
-სწორედ ამ პროექტებზე მინდა ვისაუბროთ…
-მუზეუმში მნიშვნელოვანია გავზარდოთ დამთვალირებელთა რაოდენობა და ჩვენი მიზანია, მათ შორის, რაც შეიძლება მეტი ახალგაზარდა მოვიდეს მუზეუმში. გარკვეული პერიოდი, დედოფლისეული სასახლის საგამოფენო დარბაზი არ ფუნქციონირებდა. ორი დარბაზი, ფაქტიურად, დახურული იყო და საჭიროებდა სასწრაფო ჩარევას. თავიდან, ტექნიკური დეტალების მოგვარებით დავიწყეთ, შემდეგ, ბატონი გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით მემორიალური სივრცის რეექსპოზიაცია განვახორციელეთ, ფაქტიურად, სრულიად განვაახლეთ საგამოფენო დარბაზები, ეს პროცესი სრულად იყო მხარდაჭერილი და დაფინანსებული კულტურის სამინისტროს მიერ. დამატებით, დაახლოებით სამიათასამდე ნივთი გამოვიტანეთ. პირველ დარბაზში წარმოვადგინეთ დადიანების ოჯახი და ის თაობა, რომელმაც შექმნა ეს კომპლექსი. ასევე, მთავარ დარბაზს მივეცით ისეთი იერ-სახე, რომელიც დადიანების ცხოვრებას ასახავდა. შევქმენით “იარაღების დარბაზი”, სადაც გამოფენილია საბრძოლო, სანადირო და სპორტული იარაღები. რაც შეეხება, ნიკოსეულ სასახლეს, სამეჯლისო დარბაზი სრულად დავუთმეთ დროებით გამოფენებს, რამაც შესაძლებლობა მოგვცა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ჩავატაროთ.
2022 წელს, კულტურის მინისტრის ინიციატივით, აღდგა მეჯლისის ტრადიცია, რომელიც სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა, ეკატერინე ჭავჭავაძემ, ოჯახთან ერთად, XIX საუკუნეში დაამკვიდრა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დადიანების სასახლეში გამართული მეჯლისების შესახებ მომზადებულმა სატელევიზიო ფილმმა, მიუნჰენის “NEW WAVE SHORT FILM FESTIVAL”-ზე ნომინაციაში “საუკეთესო დოკუმეტური ფილმი” გაიმარჯვა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისგან არის ცნობილი, წელს, ბევრად უფრო მასშტაბურ ღონისძიებას გეგმავენ. ერთი სიტყვით, დადიანების სასახლე ერთგვარი ეპიცენტრი ხდება საშობაოდ მთელი საქართველოს მასშტაბით, ვფიქრობთ, რომ ესეც ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია.
-დადიანების სასახლეში საგანმანათლებო პროექტებიც მიმდინარეობს..
-დიახ. შარშან, 1 მარტს, მუზეუმმა, დაიწყო საგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეებისთვის. ეს პროექტი გახლავთ ფასიანი. პროექტში ერთი მოსწავლის მონაწილეობა საშუალოდ ხუთი ლარი ჯდება. ამ პროექტის ფარგლებში, 2022 წელს, რვაათასამდე მოსწავლეს ვუმასპინძლეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ გვქონდა, სხვადასხვა უფასო პროექტიც. ხელოვნების სასახლის დირექტორი ბატონი გიორგი კალანდია ძალიან გვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენმა, საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერებმა, ხელოვნების სასახლეში, გაიარეს სტაჟირება. გვაქვს სტაბილური მომართვიანობა სკოლებიდან. პედაგოგები გვთხოვენ, კონკრეტულ თემებზე შევქმნათ საგანმანათლებლო პროექტები, რაც მისასალმებელი ფაქტია. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, მიგვეღო უკუკავშირი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას მუზეუმში შევქმნათ მოთხოვნადი პროექტები.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაარსდა მუზეუმის მეგობართა კლუბი. კლუბის წევრები გახდნენ მუზეუმის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუზეუმის შემომწირველნი, ხშირი და ერთგული სტუმრები. მუზეუმის მეგობართა კლუბის წევრი, ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებს გარკვეული უპირატესობით, მათ შორის 1 წლიანი უფასო ვიზიტით.
მალე, მუზეუმს თავისი ვებ-გვერდიც ექნება, დომეინი უკვე შეიძინა მუზეუმმა dadianipalace.ge -სამომავლოდ იქნება მუზეუმის ინტერნეტ გვერდი, სადაც მუზეუმის შესახებ ინფორმაციას დეტალურად გაეცნობა დამთვალიერებელი და გარდა ამისა, შეძლებს დაჯავშნოს საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ვიზიტი, გაწევრიანდეს მუზეუმის მეგობართა კლუბში, დარეგისტრირდეს მუზეუმის ბიბლიოთეკაში, გამოიწეროს სასურველი მასალა და ბიბლიოთეკაში ვიზიტისას, მასალა, სამკითხველო დარბაზში, სამუშაოდ, მზად დახვდება. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ თანამედროვე შესაძლებლობები , რომ მეცნიერს, მკვლევარს და დაინტერესებულ პირს შეეძლოს კომფორტულად საჭირო ბიუროკრატიული წესების დაცვა.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ 2022 წელს დადიანების სასახლე და ხელოვნების სასახლე ევროპის სამეფო სასახლეების გაერთიანებამ საკუთარ რუქაზე დაიტანა. ევროპის სამეფო სასახლეებმა, თავიანთი სასახლეების რუკაზე, საქართველოში არსებული ორი სასახლე დაიტანეს, დადიანების სასახლეთა კომპლექსი და ხელოვნების სასახლე. (www.europeanroyalresidences.eu)
ჩვენი კოლექცია, დადიანების სასახლეთა საგანძური, ხელოვნების სასახლის დახმარებით განთავსებულია გუგლის კულტურის ისტორიის მუზეუმში. როცა გუგლის კულტურის ისტორიის მუზეუმი თანახმაა, ჩვენი კოლექცია თავის პლატფორმაზე განათავსოს, ვფიქრობ, უკვე დიდი აღიარებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ უნიკალურ კოლექციას ვფლობთ და ჩვენი კოლექცია მართლაც გამორჩეულია მსოფლიოში.
-შარშან, დადიანების სასახლის აღსადგენად აშშ-მ გრანტი გამოყო…
-ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დახმარებით, დადიანების სასახლემ მოიპოვა აშშ-ს სახელმწიფო გრანტი, მილიონ ლარამდე ოდენობის, რაც პროექტის მიხედვით უნდა მოხმარდეს ფონდსაცავების მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვას, თანამედროვე სტანდარტებით, სასახლის რამდენიმე საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცასა და ისტორიული ნივთების რესტავრაცია-კონსერვაციას. პირველი ეტაპი უნდა დაეთმოს დადიანების სასახლეებში დაცული უნიკალური ობიექტების (ექსპონატების) რესტავრაცია კონსერვაციას. პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, გვაქვს 400-მდე რესტავრირებული ექსპონატი. მეორე ეტაპი – პროექტის ფარგლებში რესტავრირებული იქნება დადიანების ნაქონი ავეჯი მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეების დაზგური ფერწერა, ჯამში 100-ზე მეტი ობიექტი (ექსპონატი). მესამე ეტაპი – რესტავრირებული და აღდგენილი იქნება დედოფლისეული სასახლის ფოიე და ეგრეთწოდებული “სააქტო დარბაზი”, რასაც ექნება სამეფო დარბაზის დატვირთვა. დედოფლისეული სასახლის საგამოფენო სივრცეს დაემატება კიდევ ერთი საგამოფენო დარბაზი, რომელშიც განთავსდება არქეოლოგია-ეთნოგრაფია. პროექტი დასრულდება 2024 წელს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მიერ აშშ -ის გრანტის მოპოვება პირდაპირი, მიზნობრივი დახმარების გარდა, რომელიც გაწერილია გრანტის დოკუმენტებში და რაზეც უკვე გესაუბრეთ, ასევე დაგვეხმარა, რომ მუზეუმი USAID-ის პროექტის „მდგარიდ ინსტიტუციების მშენებლობა საქართველოში“ მონაწილე გამხდარიყო. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მუზეუმისთვის სამწლიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, რაც დადიანების სასახლეების განვითარების სტრატეგიულ მარკეტინგულ გეგმას გულისხმობს. USAID-ის დახმარებით მუზეუმის მარკეტინგულ გეგმაზე საქართველოში მოქმედი საუკეთესო კომპანია იმუშავებს.
–ვინ არიან ის ადამიანები, ვინც წლებია დადიანების–ისტორიულ არქიტექტორულ მუზეუმში მუშაობენ…
-ჩვენს მუზეუმს კვალიფიციური და კომპეტენტური კადრები ჰყავს, სულ 51 თანაშრომელია. გუნდში რამდენიმე ახალი წევრიცაა, ახალი სისხლი, ახალი ძალა, მაგრამ ძირითადად, სტაჟიანი თანამშრომლები გვყავს. თითოეული დეპარტამენტი, საჭიროებიდან გამომდინარე, ჩართულია საქმეში. მინდა, ფონდის მცველებზე გითხრათ რამდენიმე სიტყვა, ისინი წლებია უკვე, კეთილსინდისიერად და განსაკუთრებული ძალისხმევით ემსახურებიან სასახლეებს. საგამოფენო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული გამოფენის მოწყობის დაგეგმვისთანავე, ფონდის მთავარი მცველის ხელმძღვანელობით, ფონდის მცველები იკრიბებიან და მათ ფონდებში დაცული ნივთების შესახებ გარკვეულ, კომპეტეტნტურ ინფორმაციას გვაწვდიან. ექსკურსიამძღოლები, მეთვალყურეები მაქსიმალური ყურადღებითა და მონდომებით ხვდებიან მოსულ სტუმრებს. გადანაწილებულია უფლება-მოვალეობები და შესაბამისად, ვუმკლავდებით იმ დატვირთვას, რაც მუზეუმზე მოდის. ვფიქრობ, ვართ ერთ გუნდად შეკრულები, რაც მიღებულ შედეგებზე აუცილებლად აისახება… ძალიან ძნელია ერთი რომელიმე სახელის დასახელება და გამოყოფა, ვინაიდან, მუზეუმის გამართულად მუშაობისათვის, აუცილებელია ყველამ, საკუთარი კომპეტენციის და უფლება მოვალეობების ფარგლებში, კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ შეასრულოს სამუშაო. ეროვნული მნიშვნელობის საგანძური ინახება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფონდ-საცავებში, ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურულ კომპლექსში. ეს ნიშნავს, რომ ბევრი რამ, რაც თანამედროვე სამუზეუმო არქიტექტურისთვის არის ხელმისაწვდომი, დადიანების სასახლეთა კომპლექსისათვის შეუძლებელია, ეს კიდევ ერთი გამოწვევაა, რომლის გამკლავება თითოეულ თანამშრომელს დაწყებული ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურიდან, დამთავრებული ფონდების მცველებით, გვიწევს ყოველდღიურად.
–მსოფლიოში არსებული მუზეუმებიდან, რომელია თქვენთვის საყვარელი მუზეუმი…
-ზოგადად, მუზეუმი არის დამთვალიერებელთათვის შეგრძნებების, აღქმების, ასოციაციების სამყაროში მოგზაურობა. მუზეუმი იმისთვის არსებობს, რომ სულიერი და ესთეტიური სიმშვიდე მოგაპოვებინოს. საქართველოს მუზეუმებიდან, რა თქმა უნდა, დადიანების სასახლეზე საყვარელი მუზეუმი ჩემთვის არ არსებობს. საერთაშორისო მასშტაბით კი, ვფიქრობ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მუზეუმი არის საუკეთესო.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ