- “ექიმის შეცდომა მაშინვე ჩანს, მასწავლებლისა კი – წლების შემდეგ…“ – ამბობს პედაგოგი დოდო გეთია, რომელსაც ამ დღეებში, ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. ქალბატონმა დოდომ, თაობების აღზრდას ნახევარ საუკუნეზე მეტი მიუძღვნა.
დოდო გეთია: – დავიბადე ქალაქ ზუგდიდში, დავამთავრე ზუგდიდის მეორე საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა ქალაქ ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში. ვიყავი დირექტორის მოადგილე უცხო ენების გაძლიერებული სწავლების დარგში. 30 წელი ვიმუშავე სკოლაში და 25 წელი უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ვიყავი ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი.
– რა არის კარგი პედაგოგის მთავარი საიდუმლო?
-პედაგოგი უნდა იყოს პირველ რიგში საგნის პროფესიონალი, სამართლიანი, მოსწავლე ყოველთვის უნდა გრძნობდეს მის მხარდაჭერას.
– როგორ შეიცვალა ინგლისური ენის როლი და მნიშვნელობა სკოლებში თქვენი მოღვაწეობის განმავლობაში?
-60-70-80-90-იან წლებში, ინგლისური ენა არც ისე მნიშვნელოვანი საგანი იყო, საკლასო ჟურნალის ბოლოში ეწერა. ამჟამად ინგლისური ენა საოცრად მოთხოვნადი საგანი გახდა, რაც განაპირობა გლობალიზაციამ, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ.
– რას ნიშნავს თქვენთვის “ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის“ წოდება?
-“დამსახურებული მოღვაწის წოდება” ჩემთვის, უპირველესად, არის დიდი პატივი. როცა ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება საკუთარ პროფესიას, ბუნებრივია, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის განცდა, რომ მისი შრომა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა. ამ წოდებას ასევე ვუყურებ როგორც ჩემი პროფესიული გზის ერთგვარ შეჯამებას.
– რას იტყვით დღევანდელ ახალგაზრდებს?
-განსაკუთრებით მომწონს მათში თავისუფალი აზროვნება და საკუთარი შეხედულებების გამოხატვის სურვილი. მე მათ დიდი იმედით ვუყურებ,- აქვთ ენერგია, ცოდნის მიღების სურვილი და დიდი პოტენციალი. მთავარია, მათ გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოუსმენენ, სწორ მიმართულებას მისცემენ და საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნებენ.
– რა არის მათი მთავარი ძლიერი მხარე?
-თუ ერთი მთავარი ძლიერი მხარე უნდა გამოვყო, ალბათ ეს არის ცვლილებებთან ადაპტაციისა და ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი.
– რა შეიცვალა ზუგდიდში და რა არის მისი მთავარი ხიბლი დღეს?
-ადრე ქალაქში იყო მხოლოდ შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სასტუმრო „ოდიში“ და რესტორანი, ორი აფთიაქი და გასტრონომიული მაღაზია. ახლა? ახლა არის რესტორნების, სასტუმროების, აფთიაქების და მარკეტების ბუმი. მომწონს გამწვანება, სისუფთავე, მოვლილი ბოტანიკური ბაღი, ნიკო დადიანის გალამაზებული სასახლე.
–რა ადგილი უჭირავს ოჯახს თქვენს ცხოვრებაში?
-ოჯახი, ჩემი სამყაროა, ჩემი სამფლობელო, ჩემი ყოველდღიური საზრუნავი. ჩემი თბილი და ტკბილი სიბერე.
– რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგებს?
-ვურჩევდი, კარგად გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ეს პროფესია. მასწავლებლობა მხოლოდ სამსახური არ არის, შენ ყოველდღიურად გავლენას ახდენ ადამიანებზე, მათ შეხედულებებზე, ინტერესებზე და გარკვეულწილად მათ მომავალზე. სადღაც ამოვიკითხე და სრულიად ვეთანხმები: „ექიმის შეცდომა მაშინვე ჩანს, მასწავლებლისა კი – წლების შემდეგ“. ამ პროფესიაში მხოლოდ საგნის ცოდნა არ არის საკმარისი, აუცილებელია ადამიანების სიყვარული, მოთმინება, მოსმენის უნარი და სურვილი, რომ მუდმივად განვითარდე. არ ელოდონ, რომ ყველაფერი თავიდანვე იდეალურად გამოუვათ. მასწავლებელი გამოცდილებას წლების განმავლობაში იძენს.
მასალა მოამზადა ეკა ფარულვამ
