გია ყალიჩავა: არ მიყვარს უსამართლობა


კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესება ქვეყანაში მოქალაქეთა სიმშვიდის გარანტიაა და თითოეული სამართალდამცავის საზრუნავია, ქვეყნის სამსახურში  დგომაა და პატივია. „ზუგდიდელების“ სტუმარია, ბატონი გია ყალიჩავა,-ნარაზენის პოლიციის უფროსი. – მე სოფელ ინგირიდან გახლავართ, იქ გავიზარდე და იქ დავამთავრე ინგირის I საშუალო სკოლა. 1984- 86 წლებში ვიყავი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, – უკრაინაში, ამიერკავკასიაში. 1989 წელს, დავამთავრე დონეცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ ჩამოვედი ზუგდიდში. ჩემი ჩამოსვლა დაემთხვა ეროვნული მოძრაობის პერიოდს საქართველოში.

მაშინ, სამართალდამცავთა რიგებში მოხვედრა დიდი პასუხისმგებლობა იყო, არაერთ რისკთან გახლდათ დაკავშირებული, მაგრამ მე მაინც ეს გზა ავირჩიე და 1991 წლიდან დღემდე ვარ ამ სისტემაში. პროფესიით ინჟინერმა, მივიღე იურიდიული განათლებაც და ზუგდიდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფილიალი დავამთავრე. სხვადასხვა დროს, ვმუშაბდი სხვადასხვა თანამდებობაზე. ვიყავი ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიის უბნის ინსპექტორი, ენგურქაღალდკომბინატის სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი, სასამართლოს სამძებროს უფროსი ინსპექტორი, სისხლის სამართლის განყოფილების უფროსის მოადგილე, სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ქ. ზუგდიდში,  ზუგდიდის სამმართველოს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი. ზუგდიდს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. ამჟამად, ვმუშაობ ნარაზენის პოლიციის განყოფილების უფროსად, მაქვს მუშაობის 25 წლის სტაჟი.

– … და როგორია კრიმინოგენური ვითარება ნარაზენში და მის მიმდებარე სოფლებში, ბატონო გია?

– კრიმინოგენური სიტუაცია, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ზუგდიდში, კერძოდ ნარაზენში, აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება. არ გვაქვს ჩვენ დაძაბული უბანი, არ ხდება აქ ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხსნით. ყველა დანაშაული,  რომელიც მოხდა გასულ წელს, გახსნილია, ყველა დამნაშავე მიეცა პასუხისგებაში.

-რამდენი სოფელი შედის თქვენს განკარგულებაში?

-ჩვენს განკარგულებაშია სოფლები: ჯიხაშკარი, ჭაქვინჯი, ყულიშკარი, ახალსოფელი, ნარაზენი, კოლხიდა, ძველი აბასთუმანი.

– თქვენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ მოქალაქეები, სოფლების მცხოვრებლები, მოსახლეობა გემადლიერებიან. როდის  იწყება და მთავრდება თქვენი სამუშაო დღე? 

– მოკლედ გიპასუხებთ-24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. სხვაგვარად ჩვენ ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც გვაქვს, სხვაგვარად, ჩვენ ვერ დავიცავთ იმ ხალხის უსაფრთხოებას, ვისაც ჩვენი სჯერა.

– რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს პოლიციელი?

– პირველ რიგში, უნდა იყოს უშიშარი და კანონმორჩილი, წესიერი, პატიოსანი, თავისი საქმის პროფესიონალი.

–  ვინ არის თქვენი იდეალი იურისპრუდენციაში?

–  საქართველოში ჩემი იდეალი იურისპრუდენციაში არის ბატონი მინდია უგრეხელიძე.

– ბატონო გია, თქვენს ოჯახს, მეუღლეს შვილებს, როგორ უნაწილებთ და უთმობთ დროს, პოლიციელის ცოლობა ერთგვარი რისკიცაა. ვინ არის თქვენი მეუღლე და როგორ შექმენით ოჯახი?

– ოჯახი შევქმენი სიყვარულით, ჩემი მეუღლე არის თეა ნაჭყებია, პროფესიით პედაგოგი, მუშაობს ინგირის მე-2 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასის სპეციალისტია, აქვს მუშაობის 23 წლის სტაჟი. მყავს 2 შვილი, ქალ-ვაჟი. ქალიშვილმა ეთერ (ეთო) ყალიჩავამ დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობა და მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ვაჟიშვილი – სწავლობს თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტში მე-3 კურსზე.

 ბატონო გია, ადამიანის თვისებაში რა მოგწონთ ?

– ადამიანს უნდა ჰქონდეს ადამიანობა, უნდა იყოს წესიერი და უბოროტო, უღალატო. არ მომწონს უსამართლობა.

– ზოდიაქოთი ვინ ხართ?

– სასწორი.

 რას უსურვებთ თქვენს კოლგებს, ჩვენს ზუგდიდელებს და მთლიანად საქართველოს?

– პირველ რიგში, მშვიდობას, მთავარია ეს. ურთიერთპატივისცემას და ურთიერთგაგებას. ერთმანეთის გატანას.

ესაუბრა როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!