- გაიმართა ცნობილი ზუგდიდელის, სხვადასხვა დროს საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ენგურქაღალდკომბინატის დირექტორის ოთარ ფაცაციას დაბადების დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელსაც თან ახლდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია.
შეხვედრა, სიმბოლურად კომბინატში, კულტურის ცენტრის დარბაზში ჩატარდა და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ რიგითი ზუგდიდელები.
დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ ოთარ ფაცაციასთან დაახლოებული პირები. მათ ისაუბრეს პიროვნებაზე, რომელიც თავისი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ურთიერთობებით ბევრს აკეთებდა საქართველოში ქაღალდის მრეწველობის განვითარებაში და არა მარტო. მისი პრემიერმინისტრობის პერიოდში, როგორც სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, ბევრ ქართულ და ევროპულ ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი და ზოგადად, ოთარ ფაცაცია იყო ცნობილი, როგორც დიპლომატი, მეცენატი, ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და ხალხისთვის.
ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საზოგადოება “ზუგდიდელი”.
ოთარ ფაცაციასადმი მიძღვნილი წიგნის სპონსორია ცნობილი მეცენატი პანტიკო თორდია.